in

ემპათიურ ადამიანებს უკეთ ესმით ცხოველების — კვლევა

დანიის კოპენჰაგენის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის თანახმად, ადამიანები, რომლებიც მეტად ემპათიურები არიან, უკეთ ცნობენ ცხოველის ემოციებს — თანაც, მხოლოდ ბგერებზე დაკვირვებით. მსგავსი კვლევა Briefer-მაც ჩაატარა მიმდინარე წლის დასაწყისში. ეს უკანასკნელი ამტკიცებდა, რომ ცხოველებს ჩვენი ხმა ესმით და ხმაში გამოვლენილ ემოციებზე რეაგირებენ.

M2
M2

ახალი კვლევის ფარგლებში ეთოლოგმა ელოდი ბრიფერმა და მისმა კოლეგებმა შინაური და გარეული ცხოველების ხმოვანი სიგნალების ჩანაწერები შეაგროვეს — ღორების, ცხენების, თხებისა, მსხვილი რქოსანი საქონლის, გარეული ღორებისა და პრჟევალსკი ცხენების. ამასთან, ამ ჩანაწერებიდან ზოგიერთი პოზიტიურ გამოცდილებას ასახავდა: მაგალითად, როცა ცხოველი თავის პატრონს ნახულობს ან საკვების მოლოდინშია. გარდა ამისა, ჩანაწერების ნაწილი შიშის, სტრესის თუ გარიყულობის შეგრძნებებთან ასოცირდებოდა.

შესაბამისი ემოციების იდენტიფიცირებისთვის შინაური ცხოველების გულისცემას და გარეული ცხოველების მოძრაობას აკვირდებოდნენ. ეს გახდა ერთგვარი საზომი იმისა, თუ რამდენად ძლიერი იყო ემოცია ან „ემოციური აგზნება“ კონკრეტული ხმის გამოცემისას. ასევე, კვლევისას გამოიყენეს ადამიანების ხმებიც — ამისათვის რამდენიმე უაზრო, არარსებული სიტყვა შექმნეს და მათ სათქმელად მსახიობები დაიქირავეს, რათა დადებითი და უარყოფითი ინტონაციებით ეთქვათ.

უკვე კვლევის მეორე ნაწილში ჩანაწერები 1024 მონაწილეს მოასმენინეს. ასევე, მათ თანაგრძნობის კითხვარი შეავსეს, რომელიც ინტერპერსონალური რეაქტიულობის ინდექსის (IRI) საფუძველზე შექმნეს ემპათიის ოთხი მახასიათებლის დასადგენად: სხვა ადამიანების თვალსაზრისისადმი ღიაობის; სხვების მიმართ თანაგრძნობის; მწუხარების განცდის, როდესაც სხვებს დახმარება სჭირდებათ; და საკუთარი თავის გამოგონილ სიტუაციებში წარმოდგენის.

მთლიანობაში, ადამიანები 50%-ზე მეტ შემთხვევაში სწორად აიდენტიფიცირებდნენ ცხოველურ ბგერებს. თანაც, უფრო სანდოები იყვნენ ემოციური აგზნების დონის გამოვლენისას, ვიდრე ემოციის ტიპის გამოცნობისას. როგორც ბრიფერი განმარტავს, შესაძლოა, ეს იმით იყოს გამოწვეული, რომ აგზნება სტრესზე პასუხია და მაღალი სიხშირის ხმაურით ხასიათდება.

აღსანიშნავია, რომ მონაწილეები უფრო მეტად ცნობდნენ სხვა ადამიანებისა და შინაური ცხოველების ემოციებს, ვიდრე გარეული ცხოველებისას. ხოლო მათ, ვინც ცხოველებთან მუშაობდნენ, უკეთ ესმოდათ ნებისმიერი სახის ემოცია — გამოდის, ხშირი კომუნიკაცია აღქმას აუმჯობესებს. რაც შეეხება ზემოთ ხსენებულ ტესტთან კავშირს, ადამიანები, რომლებსაც თანაგრძნობის მაღალი ქულები ჰქონდათ, უკეთ ხვდებოდნენ ცხოველების ბგერების მნიშვნელობას.

რჩევები SEO ქოფირაითინგისთვის, 2023 წელს

5 მარკეტინგული ქცევა, რომელიც საახალწლო დღეებში ბიზნესმა უნდა გაითვალისწინოს