კრიტიკულ სიტუაციებში ადამიანების მხარდაჭერა რთულია. განსაკუთრებით კი მაშინ, როცა მენეჯერი ხართ, როცა იცით, რომ შემაშფოთებელი ახალი ამბები თქვენს გუნდზე გავლენას ახდენს. მაგრამ აქ მაინც მნიშვნელოვანია იცოდეთ — როგორ დაუჭიროთ მათ მხარი, როგორ თანაუგრძნოთ ისე, რომ ისინი პროდუქტიულები დარჩნენ, რა თქვათ და რა არა, ან საერთოდ, როგორ გაუმკლავდეთ ამ სიტუაციას ემოციურად.
რას ამბობენ ექსპერტები?
როცა გაურკვეველი სიტუაციის წინაშე ვდგებით, უმეტესი ჩვენგანი თავს აღელვებულად ან შეშფოთებულად გრძნობს. ექსპერტის რიჩ ფერნანდესის თქმით, ეს იმიტომ ხდება, რომ მაღალი დატვირთვის დროს ჩვენი ნეიროანატომია სტრესისკენაა მიდრეკილი. ხოლო თუ სუზან დევიდს დავეყრდნობით, ეს არაჯანსაღ ციკლს — შფოთვასა და ყურადღების გაფანტვას იწვევს. აქვე საუბრობენ „თანაგრძნობის მენეჯმენტზე“, რომ ჩვენი ემოციები სხვებისთვისაც გადამდებია. ამიტომ უნდა გავუმკლავდეთ და ვეცადოთ, გავიგოთ, როგორ შევინარჩუნოთ თანამშრომლების პროდუქტიულობა ამ დროს.
დაუთმეთ დრო საკუთარ ემოციებს
თუ სტრესისა და შფოთვის მართვას თავადვე შეძლებთ, თქვენი გუნდის მხარდაჭერაც უკეთ გამოგივათ. ამიტომ, დრო მიეცით საკუთარ თავს, რათა განსაზღვროთ, რას გრძნობთ რეალურად.
„განაცალკევეთ თქვენი თავი და ემოციები ერთმანეთისგან და შემდეგ გადაწყვიტეთ, თუ როგორ მოიქცეთ თქვენი ღირებულებების შესაბამისად“, — ამბობს დევიდი.
მაშინაც კი როცა მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები შემაშფოთებელია, თქვენ მაინც უნდა განსაზღვროთ, ვინ გინდათ იყოთ, მაგალითად, თუ თქვენი ერთ-ერთი ძირითადი ფასეულობა კარგი თანამშრომლობაა, ჰკითხეთ საკუთარ თავს – როგორ დავეხმარო ადამიანებს ისე, რომ თავი გუნდის ნაწილად იგრძნონ?
აღიარეთ ის, რაც რეალურად ხდება
შეშფოთებისა თუ წუხილის გრძნობა ძალიან რეალურია და მათი იგნორირება არ შეიძლება. ხოლო მოჩვენება, რომ ყველაფერი კარგადაა ან საერთოდ არაფერი ხდება, ადამიანებზე უარყოფითად მოქმედებს. ამის ნაცვლად, უნდა დაიწყოთ იმის აღიარება, რაც თქვენ გარშემო ხდება, რომ ადამიანები, შესაძლოა, ცუდ მდგომარეობაში იყვნენ… თუმცა ამისთვის ნეგატიური განწყობებიც უნდა აიცილოთ თავიდან. მიიღეთ ის, რასაც თქვენი თანამშრომლები რეალურად გრძნობენ, შემდეგ კი ისაუბრეთ თუ როგორ უნდა იმოქმედოთ გუნდურად? როგორ უნდა მოექცეთ ამ დროს ერთმანეთს? ეს გუნდს ერთიანობის შეგრძნებასაც გაუჩენს.
გამოხატეთ და ასწავლეთ თანაგრძნობა
გაამხნევეთ თქვენი გუნდის წევრები, უთხარით მათ, რომ გამოიჩინონ თანაგრძნობა საკუთარი თავის მიმართ და გააცნობიერონ, რომ სტრესი ნორმალური ფიზიოლოგიური პასუხია. ხოლო თუ თავს ცუდად გრძნობთ, აღიარეთ ეს და გაუზიარეთ მათ, ისაუბრეთ წინა შემთხვევებზე, მოუყევით თქვენს თანამშრომლებს და აგრძნობინეთ, რომ ისინი არ არიან მარტო.
ჰკითხეთ რა სჭირდებათ
პირადად ესაუბრეთ თანამშრომლებს და მიეცით საშუალება გითხრან, რა სჭირდებათ. ეცადეთ თავი მათ ადგილზე წარმოიდგინოთ, ასე უფრო მეტს გაიგებთ მათზე, თქვენი თანაგრძნობა კი მათ ნდობას გაუჩენს და პრობლემის მარტივად მოგვარებაშიც დაგეხმარებათ. თუმცა ამ პროცესში უნდა გაიაზროთ, რომ მათ, შესაძლოა, განსხვავებული საჭიროებების დაკმაყოფილება სჭირდებოდეთ. იქნება ეს უბრალოდ რჩევები თუ მოქნილი გრაფიკის შეთავაზება.
იზრუნეთ თანამშრომლების სიჯანსაღეზე
დადასტურებულია, რომ ძილი, ვარჯიში და კარგი კვება უფრო გვაძლიერებს და მეტად პროდუქტიულსაც გვხდის. ამიტომ, თქვენი გუნდის წევრები ამ კუთხით უნდა წაახალისოთ. მაგალითად, თუ თქვენი თანამშრომელი გეუბნებათ, რომ ახალი ამბების წასაკითხად საწოლში ხშირად ტელეფონს იყენებს, უთხარით, რომ ტელეფონის დატოვება სხვა ოთახში ცადოს, რადგან ეს მის ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება. მეტიც, მათ, შესაძლოა, შეახსენოთ, რომ სწორად ისუნთქონ — ღრმად ამოისუნთქონ და ჩაისუნთქონ, რადგან ეს შფოთვის შემცირებასა და კონცენტრირებაში დაეხმარებათ. თუმცა მათ ინფორმაცია ამ სარგებლის შესახებ აუცილებლად უნდა ჰქონდეთ.
ის, რაც სულ უნდა გახსოვდეს
- სტრესი – ეს არის ჩვეულებრივი ფიზიოლოგიური პასუხი არსებულ გაურკვევლობაზე
- ერთი მიზნის ქვეშ გაერთიანებით გუნდში ერთიანობის განცდას შექმნით
- თანამშრომლების წახალისებით, მათ მეტად პროდუქტიულს გახდით
ის, რაც არასდროს უნდა გააკეთო
- არ უარყოთ საკუთარი გრძნობები, შფოთვა თუ წუხილი
- არ უარყოთ სხვისი ემოციები
- არ ჩათვალოთ, რომ თქვენს გუნდში ყველას ერთი ტიპის დახმარება სჭირდება










