17
Jan
2020

როგორ უნდა მოეპყრონ მენეჯერები დეპრესიაში მყოფ თანამშრომლებს

17 Jan 2020

დეპრესია არანაყოფიერი შრომის ნომერ პირველი გამომწვევი მიზეზია. სტატისტიკის მიხედვით, ხუთიდან ერთ ამერიკელს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, დეპრესია კი მათ შორის ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. სხვადასხვა დასკვნებისა და კვლევების თანახმად, დადგინდა, რომ ეს დაავადება მილენიალი და თინეიჯერი თაობებისთვის ყველაზე მეტადაა დამახასიათებელი. ამერიკას დეპრესიით დაავადებულთა არანაყოფიერი შრომა 44 მილიარდი დოლარი უჯდება.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ბევრი მენეჯერი მხოლოდ მაშინ ინტერესდება მიზეზით – ამ შემთხვევაში, თანამშრომლის ფსიქიკური ჯანმრთელობით, როცა ამჩნევს, რომ საქმე ისე ვერ მიდის, როგორც უნდა მიდიოდეს. რეალურად კი, ფსიქიკური ჯანმრთელობა ზუსტად იმავე მნიშვნელობისაა, როგორიც ფიზიკური. შეიძლება, მენეჯერები ხედავდნენ, რა უჭირს მათ გუნდის წევრს ფიზიკურად, თუმცა, ისინი ვერ ხედავენ, როგორ არის ეს თანამშრომელი ფსიქიკურად. ამიტომაც, მენეჯერების მხრიდან ამ საკითხს პერმანენტულად უნდა ექცეოდეს ყურადღება.

წარმოგიდგენთ რამდენიმე გზას, თუ როგორ უნდა მოეპყრონ მენეჯერები დეპრესიის მქონე თანამშრომლებს:

გათვითცნობიერდით/გაიგეთ მეტი დეპრესიის შესახებ

დეპრესიით დაავადებული თანამშრომლები გარკვეული პერიოდის შემდეგ სპეციალურ სამუშაო პირობებს ითხოვენ, რისთვისაც მენეჯერს მიმართავენ. სწორედ ასეთ დროს თქვენ გჭირდებათ, იცოდეთ რა არის დეპრესია და როგორი მახასიათებლები აქვს მას. დეპრესიის სიმპტომები მოიცავს: ინტერესის კლებას გარესამყაროს მიმართ, შემცირებულ ენერგიას, დაბალი თვითშეფასების გამძაფრებას, არეულ ძილის რეჟიმსა და კონცენტრირების უნარის შემცირებას.

როდესაც თქვენ გეცოდინებათ დეპრესიის სიმპტომები, უკეთესად მოახერხებთ, შეუწყოთ ხელი თანამშრომელს და შეთანხმდეთ რელევანტურ სამუშაო პირობებზე.

დართეთ ნება, ჰქონდეთ მოქნილი გრაფიკი

ბევრი კომპანიისთვის აუცილებლობას წარმოადგენს თანამშრომლის 9-დან 5-მდე ოფისში ყოფნა. შეიძლება, ერთ დღესაც დეპრესიით დაავადებული ადამიანი თქვენთან მოვიდეს და გთხოვოთ, რომ საღამოს იმუშაოს. ეს ნორმალურია – ამ დაავადებას, როგორც მაღლა აღვნიშნეთ, ძილის რეჟიმის არევა ახასიათებს. თუკი თქვენ თანამშრომელს მოქნილი გრაფიკის შემუშავებაში დაეხმარებით, იგი მისთვის სასურველ საათებში იმუშავებს, რაც, საბოლოო ჯამში, პროდუქტიულ შედეგს მოგცემთ. გარდა ამისა, თქვენთან შეთანხმებული გრაფიკი გუნდის წევრს პასუხისმგებლობის გრძნობასაც გაუზრდის.

თუკი ვერ ახერხებთ, თანამშრომელს ბოლომდე მოქნილი გრაფიკი შესთავაზოთ, მაშინ, დააწესეთ ისეთი დღეები ან საათები, როცა უბრალოდ სავალდებულოა ოფისში ყოფნა. ამგვარ შემთხვევაში თქვენს ინტერესებსაც დაიცავთ და თანამშრომლისასაც.

გაუმარტივეთ სამუშაო

დეპრესიაში მყოფ ადამიანებს, როგორც წესი, მუშაობა იმაზე მეტად ურთულდებათ, ვიდრე ამას ჩვეულ მდგომარეობაში ახერხებენ. შეიძლება, ერთ დღესაც მოვიდეს თქვენი თანამშრომელი და გითხრათ, რომ მისთვის რომელიმე კონკრეტული პროექტი ძალიან რთული დავალებაა. ამიტომაც, საჭიროა, ამგვარი რთული დავალებები, მცირე ზომის დავალებებად დაანაწილოთ და ამგვარად შეუმსუბუქოთ შრომა მათ.

მცირე მასშტაბის დავალებების შესრულება და მცირე წარმატებათა დაგროვება გაზრდის თანამშრომლის თვითშეფასებას და პოზიტიურად იმოქმედებს მის ფსიქიკაზე.

ფოკუსირდით დადებით შედეგებზე და ნაკლებად გააკრიტიკეთ

დეპრესიაში მყოფი ადამიანები საკუთარი თავების მიმართ უკიდურესად კრიტიკულები არიან. იმის მაგივრად, რომ წარუმატებლობებზე ორიენტირდეთ, უფრო მეტად მიაქციეთ ყურადღება თანამშრომლის მიღწევებს. როგორც კვლევებმა აჩვენა, დეპრესიაში მყოფ თანამშრომლებში კრიტიკა და დასჯა მოტივაციის მნიშვნელოვან კლებას იწვევს.

გააცნობიერეთ თქვენი თანამშრომლის უნარები და ძალები და იმის მიხედვით დაავალეთ სამუშაო, რადგანაც ამ საქმესთან გამკლავების შემთხვევაში დეპრესიის მქონე გუნდის წევრს აუცილებლად გაუჩნდება პოზიტიური შეგრძნებები. შედეგად კი თქვენ უფრო მეტი კარგი რამ გექნებათ მათთვის სათქმელი.

იყავით ლიდერი

დეპრესიასთან გამკლავება ძალიან რთულია – რთულია არა მხოლოდ მათთვის, ვისაც ეს სჭირს, არამედ მათთვისაც, ვისთანაც დეპრესიაში მყოფ ადამიანს უწევს ინტერაქცია. დაფიქრდით, რა შეგრძნებები გეუფლებათ, როცა ამ დაავადების მქონე ადამიანთან ურთიერთობთ? გრძნობთ, რომ ბრაზდებით, იწყენთ ან იმედგაცრუება გებადებათ? წარმოიდგინეთ, რომ დეპრესიაში მყოფი ადამიანი ამ ყველაფერს ყოველდღიურად, მთელი სიმძაფრით განიცდის. თქვენი კი, როგორც მენეჯერის მოვალეობაა, დაეხმაროთ მას უკეთესად გახდეს. დაიმახსოვრეთ, რომ დეპრესია დაავადებაა, ხშირ შემთხვევაში დროებითი, თუმცა, რთულად გადასატანი. თქვენ მიერ დეპრესიაში მყოფი თანამშრომლის დახმარება ეხმარება როგორც თქვენს გუნდს, ისე კომპანიას და თქვენი, როგორც კარგი მენეჯერის დემონსტრირებას ახდენს.

წყარო: HBR



განხილვა