მას შემდეგ, რაც მარტში პანდემია დაიწყო და ტექნოლოგიების გამოყენებით, დისტანციური მუშაობის მოდელზე გადავედით, დასაქმებულთა უმრავლესობისთვის თითოეული დღე ახალი გამოწვევებისა და დაბრკოლებების გადალახვის ასპარეზად იქცა. შედეგად, ბოლო 7 თვე, ბევრისთვის 7 წლად იქცა.
შესაძლოა, თქვენი კომპანია ახალ რეალობასთან სწრაფადვე ადაპტირდა, თუმცა მნიშვნელოვანია, რის ხარჯზე: კვლევამ აჩვენა, რომ თანამშრომლები სტრესისა და დაღლილობის საგანგაშო მდგომარეობაზე საუბრობენ. COVID -19 პანდემიის შედეგად, აშშ-ის დასაქმებულთა დეპრესიის რისკი 102% -ით გაიზარდა.
Harvard Business Review-ის კონტრიბუტორი, ბენამ თაბრიზი ამ მოცემულობაში პრაქტიკულ ორ მიდგომას გვიზიარებს: „შიგნიდან გარეთ“ და „გარედან შიგნით“. პირველი მიდგომა გულისხმობს შინაგან სიძლიერესა და უნარს ორგანიზაციისას, უზრუნველყოს მდგრადი მომავალი. რაც შეეხება მეორეს, ეს უკანასკნელი ითვალისწინებს მომხმარებლის ღირებულების შექმნას წარმატების მისაღწევად.
გარედან შიგნით.
თანამშრომლებმა, პირველ რიგში, უნდა გაიგონ და მიიღონ კომპანიის სტრატეგიული მიზნები, მათ შორის, მომხმარებელთა შესახებ ინფორმაცია და მეგატრენდები.
სტრატეგიული მიზნები: კომპანიას სჭირდება ხედვის მკაფიო გამოხატვა ტრანსფორმაციის პირობებში.
მომხმარებელთა შეხედულებები და მეგატრენდები: მნიშვნელოვანია, რომ სიღრმისეულად იცნობდეთ თქვენს მომხმარებლებსა და მათ საჭიროებებს, რომ ტრანსფორმაციამ სწორი მიმართულება აიღოს.
შიგნიდან გარეთ.
კომპანიის ყველა თანამშრომლის ხედვებისა და მიზნის გაგება.
ტრანსფორმაციის ოპერაციული სისტემა: კომპანიამ უნდა გამოიყენოს ადაპტირებადი და მრავალფუნქციური ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელიც მდგრად ცვლილებებს უზრუველყოფს.
მოხალისე ჩემპიონები: შეიმუშავეთ მოხალისეების დაქირავების მექანიზმი, რომლებიც დამატებით ინტელექტუალურ რესურსს შეჰმატებენ თქვენს გუნდს.
თანამშრომლების გარდაქმნა: ტრანსფორმაცია თქვენი თანამშრომლებისთვის დაიწყეთ. გაიზიარეთ მათი პერსონალური ხედვები, რომელიც დაგეხმარებათ, თითოეული ადამიანის სიძლიერის დადგენაში. საბოლოო წერტილი კი, თანამშრომლებისა და კომპანიის მიზნებისა და ინტერესების თანხვედრა იქნება, რასაკვირველია, მომხმარებელთა მოლოდინებისა და საჭიროებების გათვალისწინებით.
განვიხილოთ Airbnb, რომელმაც მილიარდი დოლარი დაკარგა ჯავშნების გაუქმების გამო. 250 მილიონი დოლარი დაუჯდა მასპინძლებისთვის ზარალის ანაზღაურება. იმისათვის, რომ კომპანიის მენეჯმენტი გუნდს ბაზრის ახალ რეალობაზე მორგებაში დახმარებოდა, ხელმძღვანელობამ გამოიყენა ტრანსფორმაციის „გარედან შიგნით“ მიდგომა, რომელიც მათ ახალი სტრატეგიის შემუშავებაში დაეხმარა:
როგორც აღმასრულებელმა დირექტორმა, ბრაიან ჩესკიმ აღნიშნა, კომპანიის ახალი მიზანი იყო: „დავუბრუნდეთ ჩვენს ფესვებს, დავუბრუნდეთ საწყისს და დავუბრუნდეთ Airbnb–ს ნამდვილად განსაკუთრებულ ადამიანებს – მათ, ვინც სტუმრებს თავიანთ სახლებს ახვედრებენ და მასპინძლობენ“. ჩესკიმ, გუნდთან ერთად, გააცნობიერა, რომ პანდემიის შედეგად, ხალხს ახლა მუშაობა ნებისმიერი ადგილიდან შეეძლო – რაც ახალ შესაძლებლობებს უქმნიდა მომხმარებლებსა თუ Airbnb-ს მაპინძლებს.
მას შემდეგ, რაც Airbnb-მ გაარკვია, საით მიდიოდა კომპანია, დაიწყო „შიგნიდან გარეთ” მიდგომის გამოყენება – რომლის საშუალებითაც ჩამოაყალიბეს პირადი / გუნდური ხედვები და მთავარი მიზანიც განსაზღვრეს – თანამშრომლების დახმარება ბიზნესის აღსადგენად და მათი უკუკავშირის მიღება იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლიათ პირდაპირი გავლენის მოხდენა კომპანიის მცდელობებზე – ადაპტირებისა და განვითარებისთვის.
გარდაქმნის კიდევ ერთი მცდელობა მიმდინარეობდა ტაილანდის ერთ-ერთ უდიდეს ბანკში Kasikornbank (KBank- ში). კომპანიის ამოცანა იყო არა მხოლოდ თანამშრომლების შენარჩუნება, არამედ თავიანთი მომხმარებლების, კერძოდ, მცირე და საშუალო ბიზნესის გადარჩენა. KBank და მისი თანამშრომლები მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ათასობით კლიენტთან – სესხის გადახდების გადავადებით. როგორც ამბობენ, KBank- ის ძალისხმევამ, დაახლოებით, 41,000 სამუშაო ადგილის შენარჩუნება უზრუნველყო, რამაც მათ თანამშრომლებს გაუჩინა მიზნის, ნდობისა და ერთგულების განცდა, რადგან ორგანიზაციამ მთელს ქვეყანაზე ასეთი პოზიტიური გავლენა მოახდინა.
კავშირის დამყარება
Covid-19- მა გვასწავლა, თუ რამდენად დაკავშირებულები და ინტეგრირებულნი ვართ ყველანი ერთმანეთთან – და იმ თემებთან, სადაც ჩვენ ვმუშაობთ. ახლა დროა, თქვენს თანამშრომლებს მიეცეთ შესაძლებლობა, გაიგონ, თუ როგორ უთანაბრდება თქვენი ორგანიზაციის მიზნები მათ სურვილს, ხელი შეუწყონ მნიშვნელოვან საქმეს. და რაც უფრო მალე დაიწყებთ ადამიანური კაპიტალის შენარჩუნებაზე ზრუნვას, მით უკეთესად გადაურჩებით საფრთხეს. ვინაიდან, თანამშრომლების პირადი მიზნები და ჩართულობა გადამწყვეტი ფაქტორია ყველა წარმატებული ტრანსფორმაციისთვის – ტექნოლოგიებთან ან ბიზნეს პროცესებთან შედარებითაც კი.
წყარო: HBR