in

როგორ გადავაფასოთ კარიერა, როდესაც დამატებითი დრო გვიჩნდება?

კარიერული წინსვლისას, უეჭველად შეხვდებით რამდენიმე მნიშვნელოვან ეტაპს და გარდამავალ წერტილებს, რამაც შეიძლება შეგაჩეროთ და თქვენს კარიერულ გზაზე დაგაფიქროთ. ერთ-ერთი ასეთი ეტაპი, რომელიც გავლენას ახდენს მომუშავე მშობლებზე, გახლავთ ე.წ. ცარიელი ბუდე (empty nest). ესაა ეტაპი, როდესაც შვილები სახლს კოლეჯის ან სხვა შესაძლებლობების გამო ტოვებენ. ამიტომ, სჯობს, მიმართოთ პროგნოზირებად რუტინებს, რომლებიც ცხოვრების მოწესრიგებაში დაგეხმარებათ: სპორტული ვარჯიშები და თამაშები, კონცერტები, სპეციალური სკოლის ღონისძიებები და ა.შ. მოულოდნელმა ცვლილებამ და პროგნოზირებადობის დაკარგვამ შეიძლება ხელი შეუშალოს როგორც თქვენს სახლურ ცხოვრებას, ასევე კარიერას.

ბუნებრივია, მშობლებისთვის დამახასიათებელია სევდის ის განცდა, რაც შვილების სახლიდან წასვლას ახლავს. შესაძლოა, ამისათვის მზად არც იყავით, ახლა კი გიწევთ შეავსოთ ეს სივრცე თქვენს შიგნით. თუკი თქვენთვის ნაცნობია „ცარიელი ბუდის“ მოცემულობა ან შემზადება გიწევთ, ეს სტატია გამოგადგებათ.

იფიქრეთ წინდაწინ

ნუ დაელოდებით, სანამ ამ კონდიციამდე მიხვალთ. წინდაწინ იფიქრეთ, როგორ განაგრძობთ ცხოვრებას ბავშვების წასვლის შემდეგ. ნება მიეცით თქვენს გონებას წარმოიდგინოს, როგორი შეიძლება იყოს ცხოვრება ბავშვების გარეშე? შემდეგ, უფრო კონკრეტულად – იფიქრეთ იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს თქვენი ცხოვრება, თქვენი ინტერესებიდან და პროფესიული მიზნებიდან გამომდინარე.

სცადეთ ასეც: კვირაში ერთხელ წადით ყავის მაღაზიაში მხოლოდ ქაღალდითა და კალმით. შეისწავლეთ თქვენი მომავალი მეს შესაძლებლობები. არ წაიღოთ ელექტრო მოწყობილობა. ნება მიეცით თქვენს გონებას იხეტიალოს და აითვისოს თქვენი აზრები კალმითა და ქაღალდით. თქვენი ფიქრის ნაკადი ბევრად განსხვავებული იქნება, ვიდრე ციფრული მოწყობილობების გამოყენებისას. გამოიყენეთ ეს დრო, რომ იფიქროთ ფართოდ და დრო თქვენს მომავალს დაუთმოთ.

დაისვენეთ

შესაძლოა, მოწყენილი ხართ თქვენი ახალი გარემოებების გამო და შვილებთან გატარებულ დროს ნატრობთ. შეიძლება შინაგანი წინააღმდეგობაც კი იგრძნოთ, თუკი არ გინდოდათ ეს ცვლილება რომ მომხდარიყო. თუ ეს ეტაპი პროაქტიულად არ დაგიგეგმავთ, შეიძლება დაკარგულობის განცდა გქონდეთ და ვერ ხვდებოდეთ, როგორ შეავსოთ თქვენი დრო. მაინც, რა შესაძლებლობას იძლევა ეს მოვლენა თქვენთვის? ამაზე პასუხის საპოვნელად, დაუთმეთ ერთი წუთი გადატვირთვას. იმისათვის, რომ დაიწყოთ ფიქრი იმაზე, თუ რა იქნება შემდეგი, ჯერ უნდა გააცნობიეროთ აწმყო. ნუ დაემორჩილებით მომავალს. ფოკუსირება მოახდინეთ ყოველ დღეზე, ყოველ მომენტზე.

ფოკუსირება პროფესიულ განვითარებაზე

ახლა, როცა დამატებითი დრო გაქვთ, როგორ გსურთ განვითარდეთ კარიერულად? გაქვთ ცოდნის ან უნარების გაღრმავების საჭიროება? დროითმა შეზღუდვამ შეგიშალა ხელი ამ სფეროში წინსვლისგან? ამ დამატებითი დროის გაჩენით, შეგიძლიათ განაახლოთ პროფესიული უნარები. ნუ მიეძალებით ბევრ ცვლილებას ერთდროულად, მაგრამ იფიქრეთ იმაზეც, თუ რას შემატებს თქვენს ცხოვრებას მიმართულების შეცვლა ან საქმის დამატება.

ხელახლა შეაფასეთ თქვენი პირადი ინტერესები

სამუშაოს გარეთ რა აქტივობები შეუწყობს ხელს თქვენს განვითარებასა და კმაყოფილების ზრდას? დაიწყეთ თქვენი ძირითადი ინტერესების ხელახალი გამოკვლევით. დაფიქრდით, რა მიზნები გქონდათ 20 წლის წინ. როგორი იყო ხედვა ცხოვრებაზე? ჰკითხეთ საკუთარ თავს, რისი კეთება მოგწონთ (არა ის, რაც „უნდა“ გააკეთოთ). პასუხი შეიძლება იყოს „იოგაზე სიარული“ ან „ცხენოსნობის გაკვეთილები“ – გამოიკვლიეთ, რაც სიამოვნების განცდას გიმძაფრებთ. ასევე შეგიძლიათ გადახედოთ თქვენს ბავშვობისდროინდელ ჰობის. იქნებ, იპოვოთ კიდეც ახალი გზა რომელიმე მათგანის განვითარებისთვის?

ჩამოწერეთ თქვენი ცხოვრების ყველა მიმართულება და ჰკითხეთ საკუთარ თავს, კმაყოფილი ხართ თუ არა ამ კონკრეტული სფეროთი: მეგობრობა, ჯანმრთელობა, სამუშაო და მოგზაურობა. შეხედეთ, სად შეიძლება იყოს განვითარების საჭიროება და დაიწყეთ თქვენი შემდეგი ნაბიჯის შეფასება.

წყარო: HBR



როგორ შევინარჩუნოთ ბედნიერება სამსახურში?

TikTok-ს AI კონტენტის შესაბამისი ნიშანი ემატება