Youtube – ზე ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ არხი გამოჩნდა. გადაცემაში „ENERGO მეტრი“ თვეში ერთხელ ქართული ენერგეტიკის შესახებ ისაუბრებენ. რას ემსახურება ერთი შეხედვით დღეს არაპოპულარული თემის შესახებ არხისა და გადაცემის შექმნა, იდეის ავტორი, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი, ავთო დვალიშვილი საუბრობს.
M: რა არის გადაცემის მიზანი?
შეიძლება ვცდები, მაგრამ როგორც ვიცი, ეს იქნება პირველი მცდელობა ენერგეტიკის დარგის პროფესიონალებმა, უბრალოდ დაინტერესებულმა ადამიანებმა სისტემატურად საჯაროდ ისაუბრონ არა მარტო წარმატებულ პროექტებზე, არამედ გამოწვევებზე, პრობლემებზე, რომლებიც ამჟამად ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკაშია. ,,ENERGO მეტრის“ პირველი გადაცემა უკვე დევს იუთუბის ჩვენს არხზე და სწორედ პრობლემაზე საუბრით დავიწყეთ. ქვეყანაში სერიოზული დეფიციტია პროფესიონალი ენერგეტიკოსების და ამაზე აუცილებლად ბევრი უნდა ვისაუბროთ. კომპანიის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი, გიორგი ტრაპაიძე ასახელებს დეფიციტის მიზეზებს, საუბრობს გადაჭრის გზებზე და ა.შ.
M: რამდენად გეყოლებათ ბევრი მაყურებელი, რამდენად აინტერესებს ხალხს ეს თემა?
პირველი გადაცემის შემდეგ ძირითადად დამიკავშირდნენ ენერგეტიკის ან მონათესავე სფეროების წარმომადგენლები და ინტერესი გამოხატეს როგორც გადაცემის, ისე ზოგადად თემის შესახებ. თუმცა, ჩემი სურვილია, არხზე საუბარი იყოს ყველასათვის გასაგები ენით და, რაც მთავარია, საინტერესოდ. მიზანია, ამ თემებით დაინტერესდნენ ადამიანები, რომლებსაც აქამდე არ აინტერესებდათ ენერგეტიკა. არ ვიცი, ეს რამდენად გამომივა, თუმცა მცდელობასა და მუშაობას არ დავაკლებ.
M: გადაცემა კომპანიის შიდა რესურსით კეთდება?
დიახ, გადაცემის წამყვანი ბექა რომანაძე არის PR განყოფილების სპეციალისტი, რომელიც საკმაოდ გამოცდილი ჟურნალისტია. ის წლების განმავლობაში მუშაობდა აჭარის ტელევიზიაში და ვფიქრობ, საუკეთესოდ ართმევს თავს წამყვანობას. ის მხოლოდ წამყვანი არ არის, ზოგადად თემის დაგეგმვაში, თემების შერჩევასა და გადაცემის აწყობაში აქტიურად მონაწილეობს.
M: მეორე გადაცემის თემა უკვე შერჩეულია?
კი, უკვე დაწყებული გვაქვს ჩაწერების დაგეგმვა. რესპონდენტებიც შერჩეულები არიან. ვფიქრობ, მეორე გადაცემის თემა საინტერესო იქნება, არ დაგასპოილერებთ, მალე დავდებთ ანონსს.
[პარტნიორის კონტენტი]