in

ჰოლივუდელი კინოოპერატორი ქართველ პროფესიონალებთან ერთად კინოწარმოებას იწყებს! – Enkeny Films

კინოწარმოების სერვისის მიმართულებით, ქვეყნებს შორის, ძალიან დიდი კონკურენციაა, რომელშიც ჩვენ, როგორც ქვეყანა რამდენიმე წლის წინ საერთოდ არ ვმონაწილეობდით. თუმცა მას შემდეგ სიტუაცია მნიშვნელოვნად შეიცვალა. ქართული კინოინდუსტრია სწრაფი ტემპებით ვითარდება და ამის ნათელი დადასტურება ოსკარზე ნომინირებული ოპერატორის ფედონ პაპამაიკლის ქართული კინო ინდუსტრიით დაინტერესებაა. ის ბაჩო მებურიშვილთან, სოფო ბენდიაშვილსა და სოფო ორჯონიკიძესთან ერთად ფროდაქშენ კომპანია Enkeny Films აფუძნებს, რომელმაც უკვე დაიწყო მოლაპარაკებები დიდ ჰოლივუდურ პროექტებზე.

Enkeny Films ორიენტირებული იქნება არა მხოლოდ სარეკლამო მიმართულებაზე, არამედ ფილმების წარმოებაზე როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.

ბაჩო მებურიშვილი: ბოლო წლებში საქართველოში რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, რამაც ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებს დიდი გამოცდილება შესძინა. გაჩნდნენ ახალი პროფესიონალები განსხვავებული სამუშაო ეთიკითა და პასუხისმგებლობის გრძნობით, რის შედეგადაც ჩვენი, როგორც ქვეყნის მიმართ ინტერესიც, დღითი დღე იზრდება.

ფედონის რანგის პროფესიონალის მონაწილეობა ამ პროცესებში უმნიშვნელოვანესია როგორც ჩვენი კომპანიისთვის, ასევე მთელი ქართული კინო და სარეკლამო ინდუსტრიისთვის. მისი ცოდნა და გამოცდილება, ვფიქრობ, ძალიან დაგვეხმარება ამ ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდისა და პროცესების სწორად წარმართვაში.

ახლა მნიშვნელოვანია, რომ ეს ინტერესი ეფექტურად გამოვიყენოთ და საქართველოს სწორი პოზიციონირება მოვახდინოთ საერთაშორისო კინო რუკაზე. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ვიყოთ არა მხოლოდ საპროდიუსეროს სერვისის მიმწოდებელი ქვეყანა, არამედ შევქმნათ შემოქმედებითი პროდუქტიც, რომელიც საზღვრებს გარეთ გაიყიდება. მიმაჩნია, რომ შანსი გვაქვს, უახლოეს პერიოდში, ძალიან საინტერესო ქვეყანა გავხდეთ ამ ინდუსტრიაში და ეს შანსი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ.

ფედონ პაპამაიკლი: საქართველო მუდმივად აღმაფრთოვანებს… ლამაზი ქალაქებითა და სოფლებით, რომელიც რამდენიმე ათეული წლის წინანდელ საბერძნეთსა და სამხრეთ იტალიას მომაგონებს.

პირველად ქართულ კინოსთან შეხება 1999 წელს მქონდა, როცა კინოოპერატორად მომიწია ნანა ჯორჯაძის ფილმზე “27 Missing Kisses“ მუშაობა. დაახლოებით, ამ პერიოდში, გავეცანი ქართულ მდიდარ კინემატოგრაფიულ მემკვიდრეობასა და მის წარმომადგენლებს: კობახიძე, ბაბლუანი, შენგელაია, იოსელიანი…

სულ ბოლოს, ლევან კოღუაშვილთან მქონდა კოლაბორაცია, მის ახალ ფილმთან  “Brighton 4th“ დაკავშირებით, რომელმაც სულ სხვა თვალით დამანახა ინდუსტრიის ადგილობრივი წარმომადგენლების შესაძლებლობები. ვფიქრობ, 1999 წლიდან დღემდე, საგრძნობლად გაზრდილია პროფესიონალების დონე. დღეს, საქართველოში რამდენიმე მსოფლიო დონის თანამედროვე კინოოპერატორია: გოგა დევდარიანი და გიორგი შველიძე, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ ამერიკის კინემატოგრაფისტთა საზოგადოების მთავარი ჯილდო მიიღო, განსაკუთრებული ნამუშევრისთვის „ნამე“.

მგონია, რომ კინოწარმოების მიმართულებით, საქართველოს შესაძლებლობები ამოუწურავია. ზოგადად, ძალიან ბევრ პოზიტიურ მხარეს ვხედავ ახალგაზრდა თაობის კინომუშაკებში. მათ შესაშური ენთუზიაზმი, სრულიად განსხვავებული სამუშაო ეთიკა, კარგი განათლება აქვთ და ენობრივი ბარიერები არ აწუხებთ.

ზუსტად ახლახან მქონდა იმის ბედნიერება, რომ ჩემს ახალ პარტნიორებს შევხვედროდი. ბაჩოსთან ერთად რეკლამაზე მუშაობის გამოცდილება აქამდეც მქონია. სოფო ბენდიაშვილი კი, ბოლო წლებში, ხშირად მოგზაურობს ლოს-ანჯელესში და კონტაქტები ისეთ სტუდიებსა და სატელევიზიო ფროდაქშენ კომპანიებთან დააგროვა, რომლებთანაც წლებია, ვთანამშრომლობ: Universal, Disney, Sony, Warner Brothers, ასევე, ABC, Amazon, HBO, Netflix. ასევე, მხარდაჭერა გვექნება ჩემი სააგენტოდან United Talant Agency (UTA)-დან, რომელიც დაგვეხმარება, როგორც ჩვენი პროექტების შეფუთვასა და მსახიობების მოძებნაში, ისე ხელს შეგვიწყობს, მეტი პროდიუსერი დავაინტერესოთ საქართველოთი.

ჩვენი, როგორც Enkeni Films-ის გუნდის მიზანია, საქართველოში წარმოებული უცხოური ფილმების რიცხვი გავზარდოთ. პრიორიტეტი ჰოლივუდია, თუმცა ასევე, ევროპული ბაზარიც გვაინტერესებს.

ფაქტია, რომ კინოწარმოება საქართველოში მაინც ახალგაზრდა ინდუსტრიაა და ჩვენ, რა თქმა უნდა, დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ. 

დიახ, საქართველოს სთორითელინგისა და კინოს დიდებული ტრადიცია აქვს და მიუხედავად იმისა, რომ აქ კინემატოგრაფისტთა კომპეტენტური ჯგუფი არსებობს, მაინც დიდი საჭიროებაა იმისა, რომ ფროდაქშენის გუნდის წევრები გაიზარდონ განსაკუთრებით, ამ მიმართულებებში: მენეჯმენტი, რეჟისორის პირველი და მეორე ასისტენტი, სკრიპტ-სუპერვაიზერი, გამნათებელი და კამერის ტექნიკური ჯგუფი.

ბაჩო მებურიშვილი: პირველი ეტაპის ამოცანა წარმოების პროცესის სრულად დასავლურ სტანდარტებზე გადაწყობაა იმისთვის, რომ შევძლოთ ამერიკული სტუდიური და დამოუკიდებელი ფილმების სტაბილურად მომსახურება.

პარალელურად, რამდენიმე სცენარს ვავითარებთ, რომლებსაც დასრულების შემდეგ სტუდიებსა და კინო ინვესტორებს შევთავაზებთ. საკუთარი შემოქმედებითი პროდუქტის შექმნა ჩვენი კომპანიის მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება.

ფედონ პაპამაიკლი: მჯერა, რომ ჩვენს გუნდს მიზნის მიღწევა შეუძლია. გვინდა მხატვრული, დოკუმენტური თუ საგანმანათლებლო ფილმების შექმნა, ასევე, რა თქმა უნდა, მაღალი დონის რეკლამების გადაღება როგორც ადგილობრივ, ისე ევროპულ ბაზარზე.

ფედონ პაპამაიკლი 57 წლის კინოოპერატორი და რეჟისორია, რომელიც საბერძნეთში დაიბადა. ჰყავს ქართველი მეუღლე – ეკა ჩიჩუა და 2 შვილი. ნომინირებული იყო ოსკარზე, 23-ჯერ სხვა ღონისძიებაზე. 10 სხვადასხვა ჯილდოს ფლობს. ჰოლივუდში მუშაობის 30 წლიანი გამოცდილება აქვს. უმუშავია ისეთ მსახიობებთან, როგორებიც არიან: სანდრა ბულოკი, დაიან კიტონი… მუშაობს ჯორჯ კლუნთან, მეთ დეიმონთან, კრისტიან ბეილსა და სხვებთან.

ცნობილია ფილმებით: Nebraska, Walk the Line, Pursuit of Happiness, Million Dollar Hotel… როგორც კინოოპერატორს, დამდგმელ ოპერატორსა თუ რეჟისორს, მის ანგარიშზე, დღემდე, ჯერჯერობით, 63 ფილმი ირიცხება.

მუსიკა, რომელიც კოღოებისგან დაგიცავთ

რეზო ჩარკვიანი, ახალგაზრდობის საკითხებში, პრემიერის კონსულტანტად დაინიშნა