in

ENPARD-ის პარტნიორმა ორგანიზაცია CENN-მა ევროკავშირის პროექტების „ქედა ლიდერი“ და „ეს წალკაა“ მრჩეველთა საბჭოს შეხვედრას უმასპინძლა

25 თებერვალს ბულაჩაურის მწვანე ცენტრში CENN-მა ევროკავშირის ENPARD პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების „ქედა ლიდერი“ და „ეს წალკაა“ მრჩეველთა საბჭოს შეხვედრას უმასპინძლა.

 

როგორც წინა სტატიებში მოგიყევით, აღნიშნული პროექტების მიზანს წარმოადგენს: ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.

მრჩეველთა საბჭო შეკრებაზე სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი მიზნების მიხედვით განხორციელებული პროექტების შედეგებსა და სამომავლო გეგმებს გაეცნო.მათ ასევე ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობისა და მონაწილეთა შორის ინფორმაციისა და რეკომენდაციების ურთიერთგაცვლის შესახებ.

მრჩეველთა საბჭოს შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ENPARD-ის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

ღონისძიება CENN-ის აღმასრულებელი დირექტორის, ნანა ჯანაშიას სიტყვით გაიხსნა, რომელმაც შეხვედრის მიზნობრიობაზე ისაუბრა:

„ჩვენი შეხვედრის მთავარი მიზანია, გავუზიაროთ ერთმანეთს პროექტების ფარგლებში მიღებული გამოცდილება და ის გამოწვევები, რაც მივიღეთ პროექტების განხორციელების დაწყებიდან დღემდე და რაც საინტერესო უნდა იყოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისთვის. ღონისძიებაში მონაწილეობენ ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში წარმომადგენელები, აჭარის ა/რ გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე, სხვადასხვა LAG-ების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები, რაც კარგი საშუალებაა შეხედულებებისა და პოზიციების სხვადასხვა კუთხით გაზიარებისთვის. ძალიან დიდი მადლობა ევროკავშირის დელეგაციას საქართველოში, როგორც პოლიტიკური, ისე ფინანსური დახმარებისთვის, რადგან ორივე ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის.“

ბულაჩაურის მწვანე ცენტრში გამართულ შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი საგანი იყო ადგილობრივი განვითარების ჯგუფების საქმიანობა, რომელზეც ქედისა და წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფების თავმჯდომარეებმა ისაუბრეს. მათ წარადგინეს პრეზენტაციები და თანამშრომლობის ინიციატივებზე ისაუბრეს. ყველაფერ ამას კი ENDPARD-ის III ფაზის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობის შესახებ საუბარი მოჰყვა. სამომავლო გეგმები შეხვედრის მონაწილეებს საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის ეროვნულმა მენეჯერმა, ნოდარ კერესელიძემ და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ENPARD-ის საგრანტო მენეჯმენტის ეროვნულმა ექსპერტმა, ჯუბა მარუაშვილმა გააცნეს.

შეხვედრაზე დრო დაეთმო პანელურ დისკუსიასაც, რომლის დროსაც მონაწილეებმა LAG-ების შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. ამის შემდეგ კი სამთავრობო სტრუქტურის, განმახორციელებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და LAG-ების წევრებმა „ქვემოდან ზემოთ“ მიდგომის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„მჯერა, რომ „ქვემოდან ზემოთ“ მიდგომა მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ადგილობრივი განვითარებისთვის, არამედ ადგილობრივი დემოკრატიისთვისაც და რასაც ახლა თქვენ აშენებთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სამომავლოდ საქართველოსთვის. თქვენ უნდა იპოვოთ ის გზები, რომლებიც მომგებიანი იქნება თქვენი თემებისთვის, ხოლო მთავრობისგან აღიარება და ღიაობა მნიშვნელოვანია სამომავლოდ უკეთესი განვითარებისა და მდგრადობისთვის“, – განაცხადა ჟორჯ დეუმ.

შეხვედრის დასრულებამდე მონაწილეებმა ასევე განიხილეს შემდეგი თემები: ევროპის მწვანე ხელშეკრულება და მისი კავშირი საქართველოსთან; LEADER მიდგომის ეფექტურობა, ნარჩენების მართვის, მწვანე ეკონომიკის, საზოგადოების მობილიზაციისა და LAG–ების ჩართულობის მნიშვნელობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და LAG-ების თანამშრომლობა სხვადასხვა სამთავრობო ინსტიტუტებსა და ადგილობრივი თვითმმართველობებთან.

შეხვედრის ბოლოს კი, მონაწილეები მიმდინარე პროექტების დაახლოვებასა და შესაძლებლობების არსებობის შესაბამისად, აქტივობების თანამშრომლობით განხორცილებაზე შეთანხმდნენ.

პროექტებს „ქედა ლიდერი“ და „ეს წალკაა“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს CENN, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD), ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR), საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) და სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტთან (Ifls) თანამშრომლობით.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში.

თიბისი აპლიკაციების კონკურსს იწყებს

სოლო წიწუაშვილი – #პირველისამსახური