24
Apr
2017

როგორ დავიწყოთ წარმატებული ფერმერული საქმიანობა – ქართული ჩაის ბრენდ “კონას” შექმნის ისტორია

24 Apr 2017

სოფლის მეურნეობის განვითარება, ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვან ბერკეტს წარმოადგენს, მით უფრო, ისეთი ნაყოფიერი მიწის მქონე ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით, არაერთი პროგრამა ხორციელდება. იდეისა და ფერმერული საქმიანობის მზაობის ქონის შემთხვევაში, შეგიძლიათ სხვადასხვა დონორ ორგანიზაციას, საკუთარი იდეით მიმართოთ, მიიღოთ როგორც ფინანსური, ასევე – არაფინანსური დახმარება, შესაბამისი ტრენინგებისა და კონსულტაციების სახით. ერთ-ერთი ასეთი პროგრამა არის  ENPARD – ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის, რომელიც საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება. მის მიზანს, სოფლად დასაქმებისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, მცირე ფერმერული კოოპერატივების გაძლიერება და რესურსების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. 2013-2019 წლებისთვის ENPARD-ის ბიუჯეტი
საქართველოში 102 მილიონ ევროს შეადგენს, აღნიშნული თანხა, სხვადასხვა ფერმერული იდეის დასაფინანსებლად ნაწილდება. ძირითად შემთხვევაში, ამ პროგრამით გათვალისწინებული, ერთჯერადი გრანტი მოიცავს 7 000-დან 49 000 ევრომდე თანხას. საგრანტო კონკურსები ხშირად ცხადდება და მათ შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს: http://enpard.ge/ge/კონკურსები/
ENPARD არაერთ კოოპერატივს დაეხმარა ჩამოყალიბებასა და ფუნქციონირებაში, მათ შორის ქართულ ჩაის ბრენდს – “კონას”. კოოპერატივს ლავრისხევში, არომატული ბალახები მოჰყავს და ჩაის თორმეტ კომპოზიციას ქმნის. მარკეტერი “კონას” შემქმნელს – ნატალია ფარცხალაძეს, ფერმერულ გამოცდილებასა და საქართველოში ბალახეული ჩაის კულტურის დამკვიდრების გამოწვევებზე ესაუბრა:

M: როგორ გაგიჩნდათ “კონას” შექმნის იდეა?
ვმუშაობდი საჯარო სამსახურში, ტურიზმის დეპარტამენტში, მარკეტინგის მიმართულებით, შემდეგ – არასამთავრობო ორგანიზაციაში. ეს ყველაფერი საკმაოდ რუტინული იყო ჩემთვის. ერთგვარი, ეგზისტენციალური გადაწყვეტილება მივიღე – მეკეთებინა რაღაც ახალი, ის რაც მომწონდა. ამ პერიოდში, ინტერნეტში წავაწყდი ინფორმაციას, ENPARD-ის საგრანტო კონკურსის შესახებ. ლავრისხევში, კასპის რაიონში, გვქონდა აგარაკი, სადაც, ჩემი ინიციატივით, მცირე ნაკვეთზე არომატული ბალახები მომყავდა. ყოველთვის მინდოდა, ბალახეული ჩაი მომეყვანა და მეწარმოებინა, რადგან ეს კულტურა ჩვენთან არ არის განვითარებული. ამიტომ, გადავწყვიტე, გამომეყენებინა ეს შესაძლებლობა და დავკავებულიყავი ფერმერული საქმიანობით.

M: როგორი იყო ENPARD-ის ფინანსური და არაფინანსური მხარდაჭერა?
ყოველთვის ვამბობ, რომ, როცა ასეთი ძლიერი ორგანიზაცია გიმაგრებს გვერდს, ასეთი საქმის წამოწყებაში, გარდა ფინანსური დახმარებისა, ტრენინგებით, მორალური და ტექნიკური მხარდაჭერით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შენი ბიზნესის განვითარებისთვის. მედია მხარდაჭერის მხრივაც მეხმარებიან. რაც შეეხება გრანტის მოცულობას, 7-დან 49 ათას ევრომდე იყო და ითვალისწინებდა თანამონაწილეობას (დაახლოებით 26%-ს). გადავწყვიტე მინიმალური თანხით, 7 000 ევროთი დამეწყო. 

M: ვინ არიან კოოპერატივის წევრები და როგორი იყო იდეის განხორციელების ეტაპები? 
ENPARD-ს ჰქონდა მოთხოვნა, რომ უნდა გვქონოდა კოოპერატივი, რომელიც შევქმენით 5 წევრისგან, მათ შორის ლავრისხევის მაცხოვრებლებისგან. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ კონა ტიპური კოოპერატივია. განხორციელების ეტაპებს რაც შეეხება, გადავწყვიტე დამეწყო ნელ-ნელა, სადემონსტრაციო ნაბიჯებით. უნდა შექმნილიყო იტორია. მომზადდა ნაკვეთი, სადემონსტრაციოს იმიტომ ვამბობ, რომ ძალიან პატარაა, ეს არის 600 კვ.მ. ინტენსიური წვეთოვანი ბაღი. გარდა ამისა, გაკეთდა პატარა საწარმო, 36 კვ მ. ფართობის, ძველი, ავარიული სახლისგან, რომელიც შესაბამისი სტანდარტების მიხედვით მოვაწყეთ. შიგნით არის საშრობი, ხდება დაკალიბრება, დაკუპაჟება, შეფუთვა. შემდეგი ნაბიჯი იყო “კონას” პრეზენტაცია, რომელიც 2016 წლის ნოემბრის ბოლოს გვქონდა. ამის შემდეგ, ამ რამდენიმე თვის განმავლობაში გავაკეთეთ ვებსაიტი – kona.bio, გრანტი დამეხმარა ამ კუთხითაც. ამ ვებგვერდში ინტეგრირებულია მაღაზია. იანვრის პირველივე კვირას გავხსენით პატარა მაღაზია და საჩაიე თბილისში, ეს არ იყო გათვალისწინებული ბიზნეს გეგმით, თუმცა სურვილი და მოთხოვნა დიდი იყო. 

M: რა კულტურები მოგყავთ “კონას” ნაკვეთზე და როგორი კონკურენტული გარემოა საქართველოში, ამ მიმართულებით?
მოგვყავს არომატული ბალახები, რომელთა თესლები გამოწერილია საფრანგეთიდან. წელს ძირითადად გვექნება: ბალბა, ღიღილო, ბარამბო, ბაზილიკი, კალენდულა, მაროკოული პიტნა, როზმარინი და ლავანდა. ძირითადად ესაა. საქართველოში რომ მოყავდეთ, ძალიან გამიხარდება, თუმცა არ გამიგია. სამეგრელოში ნახევარ ჰექრატზე “კონასთვის” მოჰყავთ მაროკოული პიტნა. ნედლეულის მომწოდებლები გვყავს სხვადასხვა რეგიონიდან, ვინაიდან გვჭირდება სხვადასხვა ნედლეული. სხვადასხვა თვისების მიხედვით კომპოზიციები იყოფა 12 გამად, არის დამამშვიდებელი, სტრესის მოსახსნელი და ა.შ. გამები.

M: პროდუქციის რეალიზების რა გზებს იყენებთ? სად შეიძლება “კონას” ჩაის შეძენა?
“კონას” ჩაის შეძენა შესაძლებელია ჩვენს მაღაზიაში, ინგოროყვას 22ა-ში. გარდა ამისა, არის რამდენიმე კაფე, სადაც კონას თავისი მენიუ აქვს. მენიუში განმარტებულია ამა თუ იმ კომპოზიციის ჩაის თვისებები. ჩვენი ვებგვერდიდან, kona.bio-დანაც  შეუძლია მომხმარებელს, ჩვენი ჩაის გამოწერა.

M: როგორი საფასო პოლიტიკა გაქვთ?
რადგან ხარისხი ეს არის “კონას” კონცეფცია, ეს არ არის მასმარკეტი, შესაბამისად, ორლარ-ნახევარი ეს ჩაი ვერ ეღირება. კომპოზიციებისთვის ზოგი ინგრედიენტი ჩამოგვაქვს უცხოეთიდან, მაგალითად, კაკაოს მარცვალი, ეთერზეთები. გვინდა, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი პროდუქტი გვქონდეს,ამიტომ, გვაქვს 100 გრამიანი შეფუთვები, რომლებიც ღირს 9 ლარი. გვაქვს ეკო შეფუთვები, რითაც ვცდილობთ, არ გადავახდევინოთ მომხმარებელს დამატებითი ღირებულება. 

M: რა გამოწვევების წინაშე დგას “კონა” და რა მიმართულებით გეგმავთ განვითარებას?
ჩვენი გამოწვევაა, რომ მაქსიმალურად ავითვისოთ საქართველოში მოყვანილი ნედლეული. 12 ჩაის გამაში არის 3 მონო, დანარჩენი არის კომპოზიცია. გურიაში, პარტნიორ – დათო თენიაშვილისგან, ვიღებ მწვანე ჩაის, შავ ჩაისა და მოცვს. ექსპორტის მხრივ, საბჭოთა მიდგომების საწინააღმდეგო აზრი გვაქვს. მაშინ, რაც კარგი იყო ექსპორტზე გადიოდა. ზოგიერთ ბრენდს დღემდე აქვს შემორჩენილი ეს ტენდენცია. ამ მიმართულებით, ჯერჯერობით არ ვფიქრობ, მინდა რაც კარგია საქართველოში დარჩეს და ქართული სამომხმარებლო კულტურა განავითაროს. იმ შემთხვევაში, თუ აქ იმდენი გვექნება, რომ ვერ გაიყიდება, გავიტან ექსპორტზე, უბრალოდ ადგილობრივ და უცხოურ ბაზრებზე რეალიზებული პროდუქციის ხარისხი იდენტური იქნება.

განხილვა