9
Oct
2019

რა გვაქცევს წარმატებულ ანტრეპრენერად? – პირველი Entrepreneurship Day თბილისში

9 Oct 2019

ქართული ენისთვის ჯერ კიდევ ახალია და მის ზუსტ მნიშვნელობაზე ერი ჯერ კიდევ არ შევჯერებულვართ, თუმცა, თუკი სადმე სიტყვა “ანტრეპრენერს” ახსენებთ, ბევრისთვის ნათელი იქნება, რაზეც საუბრობთ. დიახ, არსებობს ვერსია, რომლის თანახმადაც ამ უცხოური წარმომავლობის სიტყვის შესატყვისი ქართულ ენაში “მეწარმეა”, თუმცა, მოდით, ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ, ეს სტატია კი არანაკლებ მნიშვნელოვან საკითხს დავუთმოთ, როგორიცაა განათლება და ანტრეპრენერობა. მაინც რა გვაქცევს წარმატებულ ანტრეპრენერად? სწორედ ეს იყო Entrepreneurship Day-ის ღონისძიების საკვანძო თემა, რომელმაც 8 ოქტომბრის საღამოს, ექსპო ჯორჯიაში ამ მიმართულებით დაინტერესებულ ადამიანებს მოუყარა თავი. ღონისძიება თიბისის “სტარტაპერისა” და საერთაშორისო ბიზნეს სკოლის IE Business School ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა.

ბიზნეს სკოლა IE Business School ანტრეპრენერებმა 1973 წელს დააარსეს მადრიდში. თუმცა სასწავლებელს, ეტაპობრივად დაემატა სხვადასხვა მიმართულებები და მრავალპროფილიან ბიზნეს სკოლად იქცა. დღესდღეობით, სკოლა აერთიანებს ბაკალავრისა, მაგისტრატურისა და სადოქტორო პროგრამებს, საზაფხულო სკოლებსა და სწავლებებს სხვადასხვა კვალიფიკაციის სპეციალისტებისთვის. სკოლას 60,000-ზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს.

სპეციალურად, ღონისძიებასთან დაკავშირებით, თბილისს ეწვია IE Business School-ის კურსდამთავრებული და ლექტორი მარიო ბერტა. იტალიელი ანტრეპრენერი, რომელსაც ათამდე ქვეყანაში აქვს ბიზნეს გუნდების ჩამოყალიბების გამოცდილება. ბოლო 6 წელზე მეტია, აზიის რეგიონის არაერთ ბიზნეს პროექტს გაუწია კონსულაცია. ამჟამად, ფილიპინების დედაქალაქ მანილაში ცხოვრობს და საკუთარ სტარტაპს FlySpaces უძღვება, საერთო სამუშაო სივრცეების მიმართულებით. Entrepreneurship Day-ის მსმენელებს მარიო ბერტამ იტალიური ტემპერამენტისთვის დამახასიათებელი, ენერგიული და დანამიკური გამოსვლით დაგვამახსოვრა თავი. გვიამბო გავრცელებულ შეცდომებსა და ანტრეპრენერშიპის მისეულ ხედვაზე. გვესაუბრა შესაძლებლობებზე, რაც შეგვიძლია გამოვიყენოთ საქმიანობაში, ტრენდებსა და ბიზნესისთვის სასარგებლო ფაქტორებზე და საკუთარი საერთაშორისო გამოცდილებაც უხვად გაგვიზიარა. მისი აზრით, ანტრეპრენერად ჩამოყალიბება დისციპლინას მოითხოვს. უნდა გაგვაჩნდეს მკაფიო მოსაზრება იმის შესახებ, თუ რა გვსურს და საით ვაპირებთ საქმის წარმართვას.

“კრეატიული ადამიანი მოტივირებულია მიზნის მიღწევის სურვილით და არა სხვებთან შეჯიბრით”. /აინ რანდი/

ღონისძიებაზე, მარიო ბერტასთან ერთად, სიტყვით თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ქურდიანი გამოვიდა, რომელმაც ისაუბრა ანტრეპრენერობაზე, როგორც დაუდგრომელი ადამიანების განვითარებისკენ მუდმივ სწრაფვაზე. მიზეზის-შედეგობრიობის კანონზომიერებასა და ფართო ხედვაზე, რაც საკვანძო კითხვებზე პასუხების მოძიებაში გვეხმარება. ისაუბრა დიზაინ ფიქრის მნიშვნელობაზე, შეცდომების დაშვების აუცილებლობასა და ბრენდზე, როგორც არა განყენებულ სუბიექტზე, არამედ მომხმარებლის გამოცდილების განუყოფელ ნაწილზე.

შეხვედრის მეორე ნაწილი პანელურ დისკუსიას დაეთმო. მარიო ბერტასთან და ნიკა ქურდიანთან ერთად, პანელს შეუერთდნენ: თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის დეკანი, გიგა ბედინეიშვილი, SOCAR Georgia Petroleum-ის დირექტორი და ფეხსაცმლის ბრენდის CROSTY დამფუძნებელი ლევან გიორგაძე და ლაშა ანთაძე – Shelf.Network-ის დამფუძნებელი, რომელმაც 9 თვის განმავლობაში $1 მლნ დოლარიანი ინვესტიციის მოზიდვა მოახერხა სტარტაპისთვის. განხილვა დაეთმო განათლებას ანტრეპრენერშიპში. კერძოდ, რამდენად მნიშვნელოვანია ცოდნის შეძენა ამ მიმართულებით, რამდენად დასწავლადია ანტრეპრენერობა, როგორ აღწევენ წარმატებას ისინი, ვისაც არ აქვთ სპეციფიკური აკადემიური განათლება, როგორია IE Business School-ის სასწავლო მიდგომა, რამდენად პასუხობს არსებულ საჭიროებას და ა.შ.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

განხილვა