ციფრული ხელსაწყოების ცნობილი პლატფორმა, Envato ფასდაუდებელი რესურსია მრავალი კრეატორისთვის მსოფლიოს გარშემო. მისი გუნდი 2006 წლიდან მუშაობს იმისთვის, რომ გააძლიეროს შემოქმედებითი ინდუსტრია და მეტი კრეატიულობისთვის, ახალ-ახალი ინსტრუმენტები შესთავაზოს.
გარდა სხვებზე ზრუნვისა, ის საკუთარ იმიჯზეც ფიქრობს და წარმოგვიდგენს განახლებულ ბრენდინგს, რომელიც მოიცავს როგორც ლოგოს, ისე ვებსაიტსაც. როგორც თავად წარმომადგენლები ამბობენ, რებრენდინგი სრულად გამოხატავს ბრენდის გამბედაობას, ენერგეტიკასა და სულისკვეთებას.
რატომ გადაწყვიტა Envato-მ რებრენდინგი
პასუხი მარტივია – შემოქმედებითი ინდუსტრია მუდმივად ცვალებადია და ბრენდი მას მიჰყვება. პლატფორმის შემქმნელებს ერთგული მომხმარებლებისთვის იმის ჩვენება უნდოდათ, რომ მზად არიან ცვლილებებისთვის და არ უშინდებიან თამამ გადაწყვეტილებებს.
ამ მიზნის განსახორციელებლად, ბრენდმა შექმნა ახალი ლოგო, პალიტრა და ვიზუალური იდენტობა, რათა კიდევ ერთხელ შეეხსენებინა საზოგადოებისთვის კრეატივის მნიშვნელობის შესახებ. გუნდში სჯერათ, რომ ამით მრავალ შემოქმედს მისცემენ მოტივაციას.
ახალი ლოგო
ლოგოს განახლებისთვის გუნდმა გადაწყვიტა, კიდევ ერთხელ გაეხსენებინა, რა არის ეს ბრენდი. მათი სურვილი იყო, ლოგოს გამოეხატა ბრენდის ოპტიმისტური და ენერგიული მუხტი, ერთგულება თავისი ლოიალური აუდიტორიისადმი და კრეატიული იდეები.
მრავალი ესკიზისა და მცდელობის შედეგად, მიიღეს ახალი დიზაინი, რომელიც მოიცავს ამ ყველაფერს და გამოარჩევს მას ყველა სხვა ბრენდისაგან.
ფერების პალიტრა
ძველი მწვანე ფერი განახლდა Envato Green-ით, რომელიც სპეციალურად რებრენდინგის პროცესში შეიქმნა. მიუხედავად იმისა, რომ ბრენდს მანამდეც იცნობდნენ მწვანე ფერით, გუნდში სურდათ, რომ ის გამხდარიყო უფრო თამამი და ნათელი, ისეთივე, როგორებიც თავად მისი წევრები არიან.
Envato green-ის გარდა პალიტრას დაემატა შემდეგი ფერები: Jalapeno (მუქი მწვანე), Soft Serve (თბილი კრემისფერი), Dark Bubble Gum (ენერგიული იასამნისფერი ტონი).
ხმოვანი იდენტობა
მართალია, რებრენდინგი უმეტესობისთვის ვიზუალთან ასოცირდება, მაგრამ მარკეტერებმა ვიცით, რომ ის ბევრად მეტ ელემენტს მოიცავს. ამაზე Envato-ელებმაც იფიქრეს და ითანამშრომლეს კ. სპარკსთან, ნიუ-იორკში დაფუძნებულ კომპოზიტორთან, რათა მას ბრენდისთვის შეექმნა საკუთარი ხმოვანი იდენტობა, რომელიც ასევე იქნებოდა დინამიკური და ენერგიული.
ახალი ვებსაიტი
ახალი ვიზუალითა და ფუნქციებით დაიტვირთა Envato-ს ვებსაიტიც. გუნდმა იმუშავა ინტერფეისის მოდერნიზებაზე და გააუმჯობესა UX, რათა უფრო კრეატიული მოგზაურობა შეექმნა ვებვიზიტორებისთვის.
მიუხედავად განახლებებისა, Envato ისევ ის ხელსაწყოთა ნაკრები პლატფორმაა, რომელიც მომხმარებელმა იცის და უყვარს. მას ახლა, უბრალოდ, ახალი სტილი აქვს. რებრენდინგი სრულად ითავსებს ბრენდის უცვლელ ღირებულებებს და ახალი ხედვით, კიდევ უფრო გამოკვეთს მას.