ერთ დღესაც დედამიწა დაიღლება და ტრიალს შეწყვეტს – ამაზე ალბათ ბევრს უფიქრია.. მაგრამ ეს მხატვრული გამონათქვამი ალბათ ასე თუ შეგვიძლია გავშალოთ: ერთ დღესაც დედამიწა საჭირო რესურსების გარეშე დარჩება, დამშრალი წყლებისგან, განადგურებული სახეობებისგან, გაზრდილი პოპულაციისგან გადაიწვება და მართლაც დაუდგება აღსასრული. ნუ გგონიათ, რომ ეს ყველაფერი გაზვიადებულია..
დღესდღეობით ჩვენი პლანეტა, კარგა ხანი რომ თვითკმარობას იბრალებდა, ძალიან ბევრი რისკის წინაშე დგას. ზემოთ აღნიშნული საშიშროებები და კიდევ მრავალი სხვა პრობლემა გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ პლანეტაზე კაცობრიობის ზრუნვა ახლა ისეა საჭირო, როგორც არასდროს. გარემოს პრობლემები ერთმანეთზე ჯაჭვივითაა აცმული. მაგალითად, გლობალური დათბობა, რომელსაც სათბური ეფექტი იწვევს, შეიძლება ბიომრავალფეროვნებისა და ტყის შემცირების გამომწვევი გახდეს. ბიომრავალფეროვნების განადგურება დაარღვევს საკვებ ჯაჭვს, რაც მთლიანი ეკოსისტემის განადგურებას გამოიწვევს. აღარაფერს ვამბობთ ადამიანებზე, რომელთა რაოდენობის განუწყვეტელი ზრდაც რესურსების პერმანენტულ შემცირებას იწვევს.
ჩვენი ამჟამინდელი განხილვის საგანი გარემოსთან დაკავშირებული რისკებია. ისინი ყველასთვის კარგად ნაცნობია, თუმცა, მათთვის თვალის კიდევ ერთხელ შევლება კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც კაცობრიობა დგას:
გლობალური დათბობა
ერთ-ერთ ყველასთვის კარგად ნაცნობ რისკს წარმოადგენს გლობალური დათბობა, რომელიც გულისხმობს დედამიწაზე ჰაერის მიწისპირა საშუალო ტემპერატურის თანდათანობით ზრდას. აღსანიშნავია, რომ ეს პროცესი დაახლოებით 1750 წლიდან დაიწყო, თუმცა, იგი მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან კიდევ უფრო გაძლიერდა.
გლობალური დათბობის მთავარ მიზეზად მოიაზრებენ “სათბურის გაზების” გაფრქვევასა და მათი კონცენტრაციის ზრდას ატმოსფეროში. უფრო უკეთ რომ განვმარტოთ, “სათბური გაზები” აბრკოლებენ დედამიწის ზედაპირიდან კოსმოსურ სივრცეში სითბოს გასხივებას, რის შედეგადაც იზრდება ადგილობრივი ტემპერატურა. თუმცა, აქვე არსებობს მოსაზრებაც, რომ გლობალური დათბობა ბუნებრივი პროცესია და ამას მსოფლიო ვერსად გაექცევა. მსგავსი პროცესები აქამდეც მომხდარა დედამიწაზე.
ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ იგი სერიოზულ საფრთხეს უქმნის ეკოსისტემებს. სწორედ მასთანაა დაკავშირებული: ბუნებრივ კატასტროფათა რიცხვის ზრდა (წყალდიდობები, ღვარცოფები, მეწყერები და ა.შ), ნიადაგის ეროზიის ზრდა, გაუდაბნოება, ბიომრავალფეროვნების შემცირება, ლანდშაფტების დეგრადაცია, ენდემური სახეობების გადაშენება და ა.შ
გადაუმუშავებელი ნარჩენები
სამყაროსთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რისკს წარმოადგენს ასევე გადაუმუშავებელი ნარჩენები. ეს სწორედ ის პრობლემაა, რომელშიც ადამიანის როლი განუზომლად დიდია. თუკი გლობალურ დათბობაზე პირდაპირი გავლენა არ გვაქვს, ნარჩენების პრობლემა ისაა, რასაც ჩვენივე ხელით ყოველდღიურად ვზრდით. ნიუ-იორკის მოსახლეობა ერთ დღეში საშუალოდ იმდენ ნარჩენს აგროვებს, რომ მას შეუძლია Empire State Building-ის ზომის შენობის გამოვსება. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2016 წლისთვის სამყაროში 242 ტონა პლასტიკური ნარჩენი იყო დაგროვებული, რაშიც ჩრდილოეთ ამერიკა ყველაზე მეტადაა აქტიური.
ნარჩენების მოშორების ორ გზას მიმართავენ დღეს ყველაზე მეტად: ან აგროვებენ მათ რომელიმე კონკრეტულ ადგილას (ნაგავსაყრელზე) და ყრიან ოკეანეში ან წვავენ. ნარჩენების ოკეანეში გადაყრა გარდა იმისა, რომ აბინძურებს წყალს, ასევე ძალიან დიდი რისკის ქვეშ აყენებს მასში არსებულ ფაუნას. რაც შეეხება დაწვას, მათი დაწვის დროს ჰაერში გამოიყოფა ტოქსიკური აირები, რომლებიც აბინძურებენ ჰაერს და საზიანოა ადამიანთა ჯანმრთელობისთვის. სწორედ ამიტომაა, რომ აუცილებელია იმგვარი ნივთების მოხმარება, რომლებიც მარტივად გაიხრწნება ან გადამუშავდება.
უსაფრთხო სასმელი წყალი და მისი ჭარბი მოხმარება
გადაუმუშავებელი ნარჩენები როგორც მაღლა აღვნიშნეთ, ხშირად ხვდება ოკეანეებში, რაც საბოლოოდ წყლის დაბინძურებას იწვევს. უსაფრთხო სასმელი წყალი დღესდღეობით დაახლოებით 780 მილიონი ადამიანისთვის წარმოადგენს სერიოზულ პრობლემას. ეს პრობლემა როგორც განვითარებად, ისე განვითარებულ ქვეყნებშიც ძალიან აქტუალურია – აღმოჩნდა, რომ აშშ-ს შტატ მიჩიგანში ბოლო 4 წლის განმავლობაში მოსახლეობას სუფთა, უსაფრთხო წყალზე ხელი არ მიუწვდებოდა. უსაფრთხო წყლის პრობლემას ასევე ებრძვის საქართველოც – თუკი რეგიონებს გადავავლებთ თვალს, ვნახავთ, რომ ამ კუთხით ჩვენს ქვეყანაშიც არ არის სახარბიელო მდგომარეობა.
საზოგადოება ვერ აცნობიერებს, რომ მისი დაბინძურებით მათსავე ჯანმრთელობას უქმნიან საფრთხეს და რომ ერთ დღესაც დედამიწაზე უსაფრთხო სასმელი წყალი აღარ იარსებებს.
გარდა ამისა, წყალთან მიმართებაში სამყარო ასევე აწყდება იმ პრობლემასაც, რასაც წყლის ჭარბი მოხმარება ჰქვია. ხშირად, ადამიანები სრულიად უმიზნოდ იყენებენ მას. არ აკონტროლებენ, როდის არის ონკანი მოშვებული და მას ასეთ მდგომარეობაში ტოვებენ მაშინაც, როცა არ სჭირდებათ. რეალურად კი, წყალი ის რესურსია, რომელსაც მოფრთხილება ძალიან სჭირდება. სამხრეთ აფრიკაში მდებარე კეიპ თაუნი ნომერ პირველი ქვეყანაა, რომელიც წყლის სიმცირეს კატასტროფულად განიცდის.
ზუსტად იმიტომ, რომ წყალი მიწიდან ამოედინება და ადამიანებს ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე მიუწვდებათ მასზე ხელი, ისინი არ ათვითცნობიერებენ, რომ ეს ყველგან ასე არაა. და რომ არსებობს ისეთი ადგილები, სადაც სხვადასხვა მიზეზის გამო ხალხს წყალზე ხელი არ მიუწვდება. წყალი, რასაკვირველია, ყველასია, მაგრამ არსებობს ზღვარი გამოყენებასა და არგამოყენებას შორის. თორემ ერთ დღესაც, ეს ერთი შეხედვით მუდმივი რესურსი სრულიადაც აღარ იქნება მუდმივი.
პოპულაციის ზრდა
მოსახლეობის გადაჭარბებული ზრდა – დღესდღეობით დედამიწის მოსახლეობის რიცხვი 7 მილიარდზე მეტია. 2050 წლისთვის ელიან, რომ ეს რიცხვი 10 მილიარდს მიაღწევს, 2100 წლისთვის კი – 11.2 მილარდს. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება სრულიადაც არ ჟღერდეს ცუდად, მიჩნეულია, რომ დედამიწას მაქსიმუმ 10 მილიარდის “შენახვა” შეუძლია. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ საუკუნეზე ნაკლებ დროში დედამიწა სერიოზულ პრობლემას შეეჩეხება.
თუკი ამ შემთხვევაში გამოსავალზე ვისაუბრებთ, აუცილებლად გაგვახსენდება ჩინეთის “ერთი ბავშვის პოლიტიკა”, რომელიც ოჯახებისთვის ზღუდავს ერთზე მეტი შვილის ყოლას (თუკი განსაკუთრებულ შემთხვევებს არ ჩავთვლით).
რაც მეტად იზრდება მოსახლეობა, მით მეტად იზრდება დედამიწის რესურსებზე მოთხოვნა, რაც საბოლოოდ მათ შემცირებას იწვევს. ასევე, მეტი მოსახლეობა გულისხმობს იმასაც, რომ ატმოსფეროში კარბონ დიოქსიდისა და სხვა არასასურველი აირების დოზა გაიზრდება. ყველაფერ ამას კი კვლავაც სათბურ ეფექტამდე და კლიმატის ცვლილებამდე მივყავართ. აღნიშნული რესურსების მოპოვების კარგი გზაა დღესდღეობით ბუნებრივი ენერგიები (მაგ: მზის ენერგია). საზოგადოება ნელ-ნელა ცდილობს იზრუნოს მსგავს პრობლემებზე – მართალია, პოპულაციის ზრდას ვერ შევცვლით, თუმცა, შევცვლით გზებს, თუ როგორ მოვეპყროთ დედამიწას.
ბიომრავალფეროვნების შემცირება
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელსაც მსოფლიო აწყდება არის ბიომრავალფეროვნების შემცირება. ბიომრავალფეროვნების შემცირება გულისხმობს კულტურულ მცენარეთა ენდემური ჯიშების, მათი ველური მონათესავე სახეობებისა და შინაურ ცხოველთა ადგილობრივი ჯიშების შემცირებას. World Wildlife Federation-ის მონაცემებით, ბოლო 30 წლის განმავლობაში ბიომრავალფეროვნება 27%-ით შემცირდა.
ბიომრავალფეროვნების შემცირების მიზეზად აუთვისებელი მიწების ურბანიზაცია, კლიმატური ცვლილებები და ტყის შემცირება ითვლება. ბიომრავალფეროვნების შემცირება რისკის ქვეშ აყენებს საკვებ ჯაჭვს – ირღვევა ერთმანეთზე დამოკიდებული სახეობების ჯაჭვი, ასევე, ქრება ადგილები, საიდანაც წყლები მოედინება. ადამიანები ბიომრავალფეროვნების სიკეთეებს იყენებენ საკვებად, სამშენებლო მასალებად, სამედიცინო საშუალებებად. ამ ყველაფრის გაქრობის შემთხვევაში ადამიანისთვის იწურება სასიცოცხლო რესურსი, რომლის აღსადგენადაც დასჭირდება ხელოვნური გზების ძიება. ხელოვნური გზები კი (ერთ-ერთია გენური ინჟინერია) ჯანმრთელობისთვის საზიანოა. სწორედ ამიტომაა, რომ გარემოს დამცველები საზოგადოებას მეტი სიმწვანისკენ, ბუნებაზე ზრუნვისკენ მოუწოდებენ.
მჟავა წვიმები
უდიდესი როლი უკავია გარემოს დაბინძურებაში მჟავა წვიმებს. იგი საკუთარ თავში აერთიანებს ატმოსფერული ნალექების ყველა სახეობას მოიცავს (თოვლი, წვიმა, სეტყვა, ნისლი). თითოეული მათგანი ატმოსფერულ ტენში მჟავათა არსებობას და გარემოზე მათ დამაზიანებელ მოქმედებას გულისხმობს.
მჟავა წვიმების ორი უმთავრესი კომპონენტი გოგირდმჟავა და აზოტმჟავაა. მჟავა წვიმა (გოგირდის და აზოტის მჟავა) წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ინდუსტრიული დაბინძურების შედეგად გამოყოფილი გოგირდის ორჟანგი და აზოტის ოქსიდი ატმოსფეროში წყლის ორთქლს ერევიან. მჟავა წვიმის მოსვლა ანადგურებს და კლავს მცენარეებსა და ცხოველებს, იგი წამლავს მდინარეებსა და ტყეებს. როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, არსებობს იმის საფრთხე, რომ რამდენიმე წელიწადში ამერიკასა და კანადაში 50000 ტბა ბიოლოგიურად მოკვდება.
გენური ინჟინერია
საზოგადოებისთვის ასევე მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს გენეტიკური ინჟინერიაც. იგი გულისხმობს საკვების გენეტიკურ მოდიფიკაციას ბიოტექნოლოგიის საშუალებით. გენეტიკური ინჟინერიის საშიშროება გენმოდიფიცირებულ საკვებში არსებულ ტოქსინებში მდგომარეობს, რამაც ლოგიკურას შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა დაავადების წარმოშობა და გავრცელება. გარდა ამისა, გენების მოდიფიკაცია საშიშია იმ მხრივაც, რომ შესაძლებელია, ეს გენები დაავადებული ნაყოფიდან იქნეს აღებული – შედეგები ამ შემთხვევასაც მსგავსი ექნება.
გენეტიკურად მოდიფიცირებულმა კულტურებმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ეკოლოგიური პრობლემები, რადგან მოდიფიცირებული გენი შეიძლება ველური სამყაროსთვის ტოქსიკური აღმოჩნდეს. რაც გამოიწვევს კონკრეტული ეკოსისტემის ფლორისა და ფაუნის დაზიანებას. საბოლოოდ კი, ნეგატიურად იმოქმედებს გარემოზე.
აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ გენმოდიფიცირების არსებობის გარეშე დედამიწის მთლიან მოსახლეობას არსებული საკვები ვერ გაწვდება, რასაც ისევ ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემებამდე მივყავართ: ბიომრავალფეროვნების შემცირებასა და პოპულაციის სიჭარბემდე.
აღნიშნული საფრთხეებიდან გამომდინარე, ასეთი დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ: დედამიწა ერთია, ერთი შეხედვით, უნიკალური.. პლანეტა, რომელმაც საკმაოდ დიდ ხანს უსაფრთხოდ აარსება ადამიანები, თუმცა, თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა და საზოგადოებამ მასზე ზრუნვა არ ისწავლა, ჩვენი ეს მშობლიური პლანეტა სავალალო მდგომარეობამდე მივა.
ჩვენ ვეღარ დავდგებით არჩევანის წინაშე: ხელები ცივი წყლით დავიბანოთ ზამთარში, თუ – ცხელით, ნაგავი დავწვათ თუ ნაგავსაყრელზე გადავყაროთ, გავისეირნოთ “სუფთა ჰაერზე” თუ აღარ გავისეირნოთ.. რადგან ეს ყველაფერი ისედაც აღარ გვექნება. ამიტომ, საჭიროა უკვე ისე დავუდგეთ დედამიწას მხარში, როგორც თავად გვედგა საუკუნეების განმავლობაში და გავათვითცნობიეროთ, რომ ჩვენი არსებობა მასე ლოგიკურადაა მიბმული..
სტატია მომზადებულია CENN-თან პარტნიორობის ფარგლებში
ავტორი: თინათინ უგრეხელიძე