6
Aug
2019

7 გარემოსდაცვითი მიღწევა, რომელმაც შეცვალა დედამიწის ისტორია

6 Aug 2019

გარემოს დაცვაზე ზრუნვის კულტურა წლებია, ყალიბდება. მიუხედავად იმისა, რომ დღეს დედამიწა არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაშია, აუცილებელია, არ დავივიწყოთ ის დადებითი გამოცდილება და ღვაწლი, რომლითაც წინა თაობებმა დედამიწას სერიოზული პრობლემები აარიდეს. დიახ, რომ არა ისინი, დღეს ჩვენი პლანეტა ბევრად უფრო ცუდ მდგომარეობაში იქნებოდა. ვფიქრობ, საინტერესო იქნება, თვალი გადავავლოთ იმ გარემოსდაცვით მიღწევებს, რომლებმაც ერთგვარად შეცვალეს დედამიწის ისტორია:

1970 წელს მიღებული ეროვნული გარემოსდაცვითი პოლიტიკის აქტი (National Environmental Policy Act)

თუკი გარემოსდაცვით მიღწევებზე დავიწყებთ საუბარს, ალბათ, პირველ რიგში “ეროვნული გარემოსდაცვითი პოლიტიკის აქტით” უნდა დავიწყოთ. იგი დღესდღეობით ცნობილია, როგორც “გარემოსდაცვითი მაგნა კარტა” (Enivronmental Magna Carta). ეს აქტი 1969 წელს მიიღეს, 1970 წელს კი – ძალაში შევიდა. იგი გულისხმობდა, რომ ფედერალური მთავრობის ყველა გადაწყვეტილება უნდა მოდიოდეს თანხმობაში გარემოს უსაფრთხოებასთან. სწორედ აქედან დაიწყო ერა, როცა უკვე გზების, ხიდების, შენობებისა და ყველაფრის მშენებლობა დაკავშირებული იყო იმასთან, თუ როგორ ზეგავლენას მოახდენდა იგი გარემოზე. ე.ი პროექტებს უნდა დაეკმაყოფილებინათ ყველა ის წინაპირობა, რომელიც უზრუნველყოფდა გარემოს უსაფრთხოებას. აღსანიშნავია, რომ ამერიკაში მიღებული ეს აქტი საზღვარგარეთაც აქტიურად გავრცელდა, რასაც საბოლოო ჯამში საკმაოდ დიდი და ღირებული შედეგები მოჰყვა.

1972 წელს აიკრძალა ტოქსიკური ქიმიკატები

ნიადაგის პროდუქტიულობის გაზრდისა და კოღოებთან საბრძოლველად მსოფლიო ომების შემდეგ აქტიურად იყენებდნენ DDT-ს (იგივე, დიქლოროდიფენილტრიქლოროეთანი), რომელიც არის უსუნო და უფერო. იგი 1874 წელს ავსტრიელმა ქიმიკოსმა ოთმარ ზედლერმა შექმნა. მისი აღმოჩენისთვის ნობელის პრემიაც კი გაიცა – ეს პრიზი პოლ მიულერმა 1948 წელს მიიღო. თუმცა, დროთა განმავლობაში, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ იგი გარემოსთვის უსაფრთხო სულაც არ არის. პირიქით, გარდა იმისა, რომ იგი იყო სიმსივნის გამომწვევი, ასევე, ძალიან დიდი და ცუდი ზეგავლენა ჰქონდა ფრინველებზე. 1972 წელს სტოკჰოლმის კონვენციის საფუძველზე ამერიკაში DDT-ს აგროკულტურული მიზნებით მოხმარება აიკრძალა. შედეგად მივიღეთ ის, რომ გადაშენების პირას მყოფი და დაზიანებული ფრინველების რიცხვი საგრძნობლად შემცირდა.

1972 წელს პესტიციდებზე დაწესდა რეგულაციები

პესტიციდების კონტროლის ფედერალური გარემოსდაცვითი კანონი 1972 წელს მიიღეს ამერიკაში, რომელიც აკონტროლებდა პესტიციდების გაყიდვას, განაწილებას, აგრეთვე პესტიციდების გამოყენებას სისტემური, ადმინისტრაციული გზით.

პესტიციდები დაიყო ზოგადი და შეზღუდული გამოყენების მიხედვით. შეზღუდული გამოყენების შემთხვევაში, მხოლოდ სერთიფიცირებულ აპლიკატორს შეუძლია გამოიყენოს იგი და თუ ზოგადად ვინმე ამგვარ პესტიციდს გამოიყენებს, აუცილებელია ეს გაკეთდეს მისი (აპლიკატორის) უშუალო ზედამხედველობით.

აღნიშნულმა აქტმა საკმაოდ გააუმჯობესა ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს მდგომარეობა.

1972 წელს მიღებული “სუფთა წყლის აქტი”

იმ მიზნით, რომ მდინარეები იყვნენ სუფთა – როგორც ბანაობისთვის, ისე თევზებისთვისა და წყალქვეშა სამყაროსთვის, 1972 წელს ამერიკაში “სუფთა წყლის აქტი” მიიღეს. ამ აქტის საფუძველზე შეიმუშავეს ძირითადი სტრუქტურა იმისა, თუ რა უნდა გაკეთებულიყო ზედაპირული წყლების ხარისხის სტანდარტის რეგულირებისთვის.

ამ აქტის საფუძველზე, სანამ ადამიანს არ ექნება უფლება, ჩაუშვას ესა თუ ის ნივთიერება წყალში, მანამდე მას არ შეუძლია, გააკეთოს ეს. სწორედ ამ აქტის საფუძველზე, წყლები დასუფთავდა და მასში არსებული ცოცხალი სამყაროსთვის (ისევე, როგორც ადამიანისთვის), აქაურობა შედარებით უსაფრთხო გახდა.

 

1975 წელს მიღებული კონვენცია საფრთხეში მყოფი სახეობების საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ

1973 წელს გაფორმდა კონვენცია საფრთხეში მყოფი სახეობების საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ და ქვეყნების მიერ ხელმოწერის შემდეგ იგი 1975 წელს შევიდა ძალაში. ხელმომწერმა ქვეყნებმა აკრძალეს საფრთხეში მყოფი სახეობებით ან მათი ნაწილებით ვაჭრობა.

თუმცა, ამ კონვენციამ ბიძგი მისცა “შავ ვაჭრობას”, რომლის ძირითადი პროდუქტიც ვეფხვის ტყავი და სპილოს ძვლები იყო. თუმცა, ქვეყნებმა ამის წინააღმდეგაც გაილაშქრეს და დღესდღეობით სახეობათა უმეტესობა საფრთხეში აღარ იმყოფება.

 

1986 წელს მაკდონალდსის შეფუთვის გაუმჯობესება

გარემოსდამცველების მხრიდან კრიტიკის წინააღმდეგ, რომ მაკდონალდსი ნარჩენების რაოდენობით ლიდერობს და რომ მისი შეფუთვა საზიანოა გარემოსთვის, კომპანიამ ქმედითი ნაბიჯები გადადგა. კერძოდ, 1986 წელს შეცვალა შეფუთვა და იგი ბიოდეგრადირებადი გახადა.

ეს მართლაც ერთ-ერთი დიდი გამარჯვება იყო, რადგანაც საზოგადოებისთვის მაკდონალდსი ფაქტობრივად წამყვან ბრენდს წარმოადგენდა, მისმა ქმედებამ კი დიდი გავლენა იქონია ხალხზე. დაიწყო ახალი ერა, რომელშიც კომპანიები გამოვიდნენ ინიციატივით, რომ შეამცირონ გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება ეკო მეგობრული შეფუთვისა და პროდუქტების გამოყენებით.

ოზონის შრის დაცვის შესახებ მიღებული პროტოკოლი 1987 წელს

დედამიწის ისტორიაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას წარმოადგენს მონრეალის პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც აიკრძალა მრავალი ტიპის ქიმიკატის გამოყენება იმ მიზნით, რომ შემცირდეს ოზონის შრის რღვევა.

მეცნიერები თვლიდნენ, რომ ოზონის ფენის გაქრობა ხელს შეუწყობს სერიოზულ პრობლემებს, თუნდაც როგორიცაა კანის კიბო. აქედან გამომდინარე, მსოფლიოსთვის აუცილებელი იყო, ისეთი ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი გახდებოდა ამ დამცავი ფენის შენარჩუნება.

მონრეალის პროტოკოლმა მართლაც შეამცირა ამ ნივთიერებების გამოყენება, რაც ნამდვილად აისახა ოზონის შრის მდგომარეობაზე – მისი სიმდგრადე გაიზარდა.

 

სტატია მომზადებულია CENN-თან პარტნიორობის ფარგლებში

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

განხილვა