თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში ბიზნეს ანალიტიკა სწრაფად ვითარდება ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემთა ანალიზის ახალი მეთოდების გავლენით. გლობალური IT კონსალტინგის და პროგრამული უზრუნველყოფის ლიდერი კომპანია EPAM-ი, რომელიც მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი, საერთაშორისო სტანდარტებისა და თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლეების ინტეგრირებით გამოირჩევა. ეს მიდგომა განსაკუთრებით თვალსაჩინოა ბიზნეს ანალიტიკის მიმართულებით, სადაც ტრადიციული მეთოდები თანამედროვე ხელოვნური ინტელექტის გადაწყვეტილებებთან ერთად გამოიყენება.
კომპანიის ქართული ოფისი, რომელიც 2020 წლიდან ოპერირებს ადგილობრივ ბაზარზე, არა მხოლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს IT სპეციალისტების პროფესიულ განვითარებაში, არამედ წარმოადგენს ტექნოლოგიური ინოვაციებისა და საერთაშორისო გამოცდილების შემოტანის ჰაბს. EPAM-ის ბიზნეს ანალიტიკოსები მუშაობენ მრავალფეროვან დარგებში – ფინანსური ტექნოლოგიები, ჯანდაცვა, ტელეკომუნიკაცია, ავტოწარმოება – რაც მათ უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს გაიფართოონ თავიანთი ცოდნა სხვადასხვა ინდუსტრიაში და გახდნენ გლობალური დონის პროფესიონალები.
ბიზნესის ანალიტიკის მიმართულების მნიშვნელოვან ცვლილებებზე, AI-ის გამოყენების პრაქტიკაზე, პროფესიის მომავალზე და მოახლოებულ BA Excellence კონფერენციაზე ვესაუბრეთ ვახტანგ მუჯირს, EPAM საქართველოს ბიზნეს ანალიტიკის მიმართულების ხელმძღვანელს, რომელიც თავად მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალია და ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ამ გლობალური კომპანიის ქართულ გუნდს შეუერთდა.

M: მოგვიყევით თქვენი პროფესიული გზის შესახებ – როგორ დაიწყეთ კარიერა ბიზნეს ანალიტიკის სფეროში, რა გზა გაიარეთ EPAM-ამდე?
EPAM-მდე ძალიან დიდხანს ვმუშაობდი ტელეკომუნიკაციის სფეროში. საინტერესო და მრავალფეროვანი საქმე მქონდა და როგორც აღმოჩნდა, ყოველდღიური საქმიანობა ბიზნეს/სისტემურ ანალიტიკასაც მოიცავდა. 2018 წელს, კომპანია შევიცვალე და ამჯერად, უკვე საბანკო სექტორში, ოფიციალურად გავხდი ბიზნეს ანალიტიკოსი. 2020 წელს კი შევიტყვე რომ ჩემთვის შორიდან ცნობილი კომპანია EPAM შემოდიოდა ქართულ ბაზარზე. გარკვეული ინფორმაცია უკვე მქონდა კომპანიის შესახებ და აქ გადმოსვლა მინდოდა. მალევე გავიარე გასაუბრება და 2020-ის მიწურულს, გავხდი „ეპამ საქართველოს“, ადგილობრივ ბაზარზე აყვანილი ერთ-ერთი პირველი ბიზნეს ანალიტიკოსი. ეს იყო ჩემი პირველი მუშაობის გამოცდილება გლობალურ კომპანიაში. ამ 4-ზე მეტი წლის მანძილზე მქონდა საშუალება მემუშავა სრულიად განსხვავებულ პროექტებზე. ამავდროულად, უკვე წელიწადზე მეტია ვარ „ეპამ საქართველოს“ ბიზნეს ანალიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი.
M: რას ნიშნავს იყო ბიზნეს ანალიტიკოსი ისეთ გლობალურ ტექნოლოგიურ კომპანიაში როგორც EPAM-ია?
ეს ნიშნავს გქონდეს წვდომა და საშუალება იმუშაო მსოფლიო ინდუსტრიებთან და Fortune 500 ბრენდებთან, მთელი დედამიწის მასშტაბით, უამრავ სხვადასხვა ბიზნეს დომეინში, იქნება ეს ავტოწარმოება, ფინანსური სექტორი, ჯანდაცვა თუ გეიმინგი, ვინაიდან ეპამი მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. ეპამი საშუალებას აძლევს პროფესიონალებს გამოცდილება მიიღონ მრავალფეროვან პროექტებზე მუშაობით, შეიცვალონ პროექტი და გაიღრმაონ ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით. გარდა ამისა, EPAM-ის საერთაშორისო სტანდარტის გათვალისწინებით, ბიზნეს ანალიტიკოსს აქვს საშუალება გახდეს მსოფლიო დონის პროფესიონალი და მისი ცოდნა და გამოცდილება აღიარებული იყოს მსოფლიო მასშტაბით.
M: როგორ ახერხებს ბიზნეს ანალიტიკოსი სხვადასხვა ინდუსტრიებთან ეფექტურად მუშაობას?
უპირველეს ყოვლისა, ანალიტიკოსს გააჩნია აუცილებელი უნარები, რომლებიც უნივერსალურად შეუძლია გამოიყენოს ნებისმიერ პროექტში. იმ შემთხვევებში, როდესაც ანალიტიკოსი ხვდება მისთვის ახალ ინდუსტრიაში, მას კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება და კომპანიაში არსებული ექსპერტიზა უმაგრებს ზურგს. ზოგადად, EPAM-ში გვაქვს ცოდნის გაზიარების კულტურა. ამ ცოდნის გადაცემა ხდება ბევრი სხვადასხვა საშუალებით, მრავალფეროვანი შიდა ტრენინგებით, რომლებზეც წვდომა აქვს ყველა თანამშრომელს, ვორქშოფები და შიდა ქომიუნითიები. ასევე, ვამაყობთ ჩვენი კოლეგებით, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ყოველთვის მზად არიან გაგვიზიარონ თავიანთი ცოდნა და დახმარების ხელი გამოგვიწოდონ.
M: როგორ იყენებენ ბიზნეს ანალიტიკოსები ხელოვნურ ინტელექტს EPAM-ში და როგორ შეცვალა თანამედროვე ტექნოლოგიებმა ეს პროფესია ბოლო წლებში?
ხელოვნური ინტელექტის გამოყენება უკვე ყოველდღიურობის ნაწილია და არც ბიზნეს ანალიტიკოსები არიან გამონაკლისი. ერთი მხრივ, ხელოვნური ინტელექტი ბიზნეს ანალიტიკოსს ყოველდღიური და რუტინული საქმის ავტომატიზაციაში და ოპტიმიზაციაში ეხმარება.
მეორე მხრივ, ბიზნეს ანალიტიკოსებს უჩნდებათ საშუალება დაინტერესებულ მხარეებს, კლიენტებს, გუნდებს, შესთავაზონ მთელი რიგი პროცესების ავტომატიზაცია ხელოვნური ინტელექტის საშუალებით, იქ, სადაც აქამდე აუცილებლად ითვლებოდა ადამიანის ჩართულობა.
ორივე შემთხვევაში, ეს არის ინტელექტუალური რესურსების უფრო მნიშვნელოვან და შემოქმედებით საქმიანობაზე კონცენტრირების საშუალება. თუმცა ეს არ ნიშნავს რომ, დღევანდელი განვითარების დონეზე, სრულად უნდა მივანდოთ ხელოვნურ ინტელექტს ყველა დავალების შესრულება. მომავალში, მისი მნიშვნელობა აუცილებლად გაიზრდება, არ გააქრობს მაგრამ გარდაქმნის მთელ რიგ პროფესიებს და სწორედ ამიტომ, თუ დღეს ვინმე არ იყენებს ამ ინსტრუმენტს, აუცილებლად უნდა დაიწყოს მისი შესწავლა და როგორც ჩანს, გამოყენებაც.
M: რა უნარები და ცოდნა უნდა ჰქონდეს დღეს თანამედროვე ბიზნეს ანალიტიკოსს?
არსებობს სტანდარტული უნარების ნაკრები, რომლებიც ძირითადად მიყვება ცნობილ სახელმძღვანელოს BABOK (Business analysis book of knowledge). ასევე, ტექნიკური/IT უნარები (მონაცემთა ბაზებთან და სტრუქტურებთან მუშაობა, API და ინტეგრაციები, კარგი წარმოდგენა პროგრამული უზრუნველყოფის სხვადასხვა არქიტექტურაზე, სკრიპტების წერის მინიმალური ცოდნა მაინც).
ბიზნეს ანალიტიკის ვაკანსიების აღწერაში ყოველთვის ვხედავთ ასეთ ჩანაწერს „კარგი კომუნიკაციის უნარი“ და ამას დავამატებდი „მოსმენის უნარს“, „პოზიტიური ურთიერთობის და გარემოს ჩამოყალიბების უნარს“ და ალბათ, უნარს ვერ დავარქმევთ, მაგრამ ასევე არანაკლებ აუცილებელი თვისება „საღი აზრი“.
M: რა გამოწვევები აქვს ბიზნეს ანალიტიკის პროფესიას საქართველოში და როგორ ხედავთ ამ პროფესიის განვითარებას?
ამ მხრივ, საქართველოს ბაზარი არის ძალიან საინტერესო, რადგან EPAM-ის გამოჩენის შემდეგ, ბაზარზე ბევრი განსხვავებული კომპანია შემოვიდა. ბიზნეს ანალიტიკოსებზე მოთხოვნაც საკმაოდ მაღალია, რადგან უკეთ გამოჩნდა, რომ ჩვენი როლი ძალიან მნიშვნელოვანია პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის პროცესში. ზოგადად მოთხოვნად უნარებსა და ტენდენციებზე უფრო ვრცლად ვისაუბრებთ BA Excellence კონფერენციაზე.
ბაზარზე არიან უკვე გარკვეულად გამოცდილი ბიზნეს ანალიტიკოსები, რომლებსაც გამოცდილება აქვთ ერთ კონკრეტულ ინდუსტრიაში და სხვადასხვა მეთოდოლოგიებისა თუ ტექნიკების გამოყენებაზე მათი თეორიული ცოდნა შედარებით მწირია. ამიტომ, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია მეტი ცნობისმოყვარეობის გამოჩენა, სამსახურის გარეთ ყოველდღიური საქმიანობისთვის ანალიტიკოსის თვალით შეხედვა, სხვა ინდუსტრიებში ძალების მოსინჯვა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენების სწავლა, რათა მსოფლიო ბაზარზე იყვნენ უფრო კონკურენტუნარიანი.
M: რა არის BA Excellence კონფერენციის მთავარი მიზანი, რომელი თემები იქნება განხილული, და რა სარგებელი შეიძლება მიიღონ მონაწილეებმა?
BA Excellence ეს არის ბიზნეს ანალიტიკისთვის ეპამერების მიერ ორგანიზებული პირველი მიძღვნილი კონფერენცია, რომელიც მიზნად ისახავს ქართველი პროფესიონალებისთვის გლობალური გამოცდილების გაზიარებას. კონფერენცია საინტერესო იქნება არა მხოლოდ თავად ბიზნეს ანალიტიკოსებისთვის, არამედ მათთვისაც ვისაც სურს დაეუფლოს ამ პროფესიას ან შეხება აქვს ბიზნეს ანალიტიკოსებთან.
EPAM-ის გამოცდილებაზე დაყრდნობით კონფერენციაზე შევეხებით ზოგად უნარებს რასაც უნდა ფლობდეს თანამედროვე ბიზნეს ანალიტიკოსი და როგორ გამოიყენოს ეს ყველაფერი სამომავლო განვითარებაში, ასევე ვისაუბრებთ ხელოვნური ინტელექტის დანერგვის და გამოყენების მაგალითებზე და ბევრ სხვა აქტუალურ თემაზე. გარდა ამისა, გვყავს მოწვეული სპიკერი, მარიკა კლდიაშვილი, რომელსაც აქვს მრავალწლიანი გამოცდილება ამ სფეროში. იმედია, ბევრ ქართველ ბიზნეს ანალიტიკოსსა და სფეროს გულშემატკივარს ვნახავ კონფერენციაზე.
[R]