16
Jul
2019

ჭიანჭველას შთაგონებით შექმნილი რობოტები, რომლებსაც ჯგუფური მუშაობა შეუძლიათ

16 Jul 2019

veon
veon


ჯგუფური მუშაობა არის სხვადასხვა სახეობისთვის მნიშვნელოვანი თვისება, რომლის დახმარებითაც, ისინი ხვადასხვა მიზანს, ეფექტურად აღწევენ. მაგალითად – ჭიანჭველები ბუდის შენებისა თუ საკვების მოპოვების პროცესში, ჯგუფის ეფექტს ძალიან სწორად იყენებენ. ბოლო დროს, ბიოლოგიური ორგანიზმების შთაგონებით არაერთი რობოტი იქმნება, ასე შექმნეს EPFL-ისა და ოსაკას უნივერსიტეტის მეცნიერებმა მინიატურული და მოქნილი რობოტები, რომლებსაც სინქრონულად გადაადგილება, სხვადასხვა ამოცანის შესრულებისას კი როლების განაწილება შეუძლიათ. მაგალითად, ამა თუ იმ ტვირთის გადატანისას ერთ-ერთი ლიდერის როლს ითავსებს, „მითითებებს იძლევა“, თუ რა გზით ჯობია ტვირთის წაღება, რამდენიმე მათგანი კი ტვირთის გადაზიდვის პროცესში უშუალოდ, საკუთარი კორპუსითაა ჩართული.

 

მინიატურული რობოტები 10 გრამს იწონიან. მათზე დიდი რაოდენობით მასალა არ იხარჯება, შესაბამისად, მათი მასობრივი წარმოება არც ისე ამბიციური იდეაა. მსგავსი რობოტები ბუნებასა თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებული ამა თუ იმ ამოცანის გადასაჭრელად შეიძლება გამოიყენონ. უნდა აღვნიშნოთ, რომ მინიატურული რობოტების როლი გარემოს გაუმჯობესების საკითხში შესაძლოა გაცილებით მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე დიდი რობოტების. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ „რობოტი ჭიანჭველას“ მოქნილობასა და ჯგუფური მუშაობის უნარს. ნაშრომი მეცნიერებმა ჟურნალ Nature-ში გამოაქვეყნეს.

განხილვა