Epic Games და LEGO Group გაერთიანდნენ, რათა ბავშვების სათამაშო მოედნის მსგავსი მეტავერსი შექმნან. იქნება ქვიშიანი მოედანი თუ კონკრეტული თამაშებისთვის განკუთვნილი სივრცე, ან საერთოდ როდის და რომელ პლატფორმებზე გახდება ხელმისაწვდომი, ამაზე კომპანიები ჯერ არ საუბრობენ.
თუმცა ის, რაც ჩვენთვის ცნობილია არის 3 მთავარი პრინციპი, რომელიც უსაფრთხოების განვითარებას ისახავს მიზნად. მათი თქმით: „მეტავერსი ბავშვების უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას პრიორიტეტად აქცევს, დაიცავს მათ კონფიდენციალურობასა და საკუთარი გამოცდილების გასაკონტროლებლად კონკრეტულ ინსტრუმენტებს მისცემს“.
ნილს ქრისტიანსენი,The LEGO Group-ის აღმასრულებელი დირექტორი კი განმარტავს:
„აქ, უსაფრთხო და პოზიტიურ გარემოში, ბავშვებს საშუალება ექნებათ განივითარონ ისეთი უნარები, როგორიცაა კრეატიულობა, თანამშრომლობა და კომუნიკაცია“.
საინტერესოა ისიც, რომ ბოლო წლების განმავლობაში Epic Games ბავშვებზე მორგებული სივრცეების განვითარებაზე ზრუნავდა. მას უკვე აქვს ისეთი მასიური ციფრული სამყაროს შექმნის გამოცდილება, როგორიცაა Fortnite, მაგრამ აუდიტორიის წინაშე კონკრეტული სეგმენტით არასდროს ყოფილა ცნობილი.
თუმცა ეს ასე 2020 წლამდე გრძელდებოდა, შემდეგ კი Epic Games-მა კომპანია — SuperAwesome შეიძინა, რომელიც ონლაინ საბავშვო ვებსერვისების (KWS) პლატფორმით ბავშვებისა და მშობლების უსაფრთხოებაზე ზრუნავს. მეტიც, მალევე ეს მომსახურება კომპანიამ ყველასთვის უფასო გახადა.
რაც შეეხება LEGO Group-ს, UNICEF-თან ერთად იგი ბავშვთა ციფრული უსაფრთხოების პოლიტიკის განვითარებაზე ზრუნავდა. ამან კი, თავის მხრივ, ბავშვთა უსაფრთხოებისთვის საჭირო ინსტრუმენტების ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი.