in

ქართული ქორეოგრაფიული დადგმა “ეპიფანია” – ჯეიმს ჯოისის მოტივებზე


ნათია ჩიკვაიძე ქართველი მოცეკვავე და ქორეოგრაფია, რომლის ქორეოგრაფიულმა დადგმამ – “ეპიფანია“ გამარჯვება მოიპოვა Contemporary Dance & Experimental Art festival in Tbilisi-ის ღია კონკურსზე.

ფოტო: სოფო შერაზადიშვილი

საინტერესოა, რომ ქორეოგრაფის შთაგონების წყაროდ ჯეიმს ჯოისის მიერ ეპიფანიის თავისებური ახსნა იქცა – “პატარა შეცდომები და ჟესტები გონებაში, რომელთა დახმარებითაც ადამიანები გამოხატავენ სწორედ იმას, რის დაფარვასაც აქამდე ცდილობდნენ.”

„ეპიფანია“ თავიდან არ ყოფილა ამ ფორმატით გათვლილი. თავდაპირველად ნათია ჩიკვაიძე სხვა მოცეკვავეებთან და რეჟისორ – საბა შენგელიასთან ერთად დედამოკაში ჩავიდა, სადაც „ეპიფანია“ ფილმის სახით გადაიღეს. აღნიშნული ფილმი გულისხმობს ცეკვისა და მუსიკის კომბინაციას, სადაც პატარ-პატარა დეტალებია წარმოდგენილი, რომლებსაც საკუთარი განწყობის შესაბამისად აღიქვამს მაყურებელი და სახავს მათ ერთიანობას.

“ეპიფანიის” შინაარსთან სიმბოლურ დამთხვევას წარმოადგენს დედამოკის თქმულება, რომლის თანახმადაც დაქვრივებული ქალი ღმერთმა მას შემდეგ გააქვავა, რაც მტრის შემოსევის შემდეგ გაიქცა და მდინარის მეორე ნაპირზე გადასვლა სცადა – “ამან ჩემში გარკვეული პროტესტი გამოიწვია. მე თავად ძლიერი ქალის პერსონაჟი შევქმენი “ეპიფანიაში” და რატომ შეიძლება იყო მითოლოგიური პერსონაჟი, რომელიც იჩაგრება თავის გადარჩენის მცდელობის გამო…”

ქორეოგრაფ ნათია ჩიკვაიძეს უკვე დიდი ხანია, თანამედროვე ცეკვის განვითარების და გარკვეული კომბინაციების შექმნის სურვილი აქვს – მაგალითად, ცეკვისა და ლაივ მუსიკის, მოძრაობისა და ნარატივის… “მსურდა, მოძრაობა და მეტყველება გამეერთიანებინა. ამიტომაც, “ეპიფანიაში“ მოცეკვავე ნათია ბუნტური “ავამეტყველე“, რომლის ტექსტსაც სხვადასხვა წიგნებიდან ამოწერილი ფრაზები შეადგენდა. ვეცადე, აზრები და ფიქრები გადასულიყო როგორც მოძრაობაში, ასევე მეტყველებაში“.

ფოტო: სოფო შერაზადიშვილი

“შეგრძნებების დონეზე ეს არ არის მხოლოდ მოძრაობა, თითქოს ყველაფერს სურათივით, კადრებად წარმოიდგენ. მაგალითად, წარმოიდგინე, რა გემოს გრძნობ, წარმოიდგინე რაიმე განწყობა… თითქოს რაღაცის იღებს შენი სხეული და შინაგანად რასაც გრძნობ, სწორედ ეს ემსგავსება ეპიფანიას” – ამბობს ნათია.

ალბათ, მკითხველსაც გაახსენდა პინა ბაუში და მისი “იცეკვე გაზაფხული”, “იცეკვე ზამთარი”… და ასე შემდეგ. პინასთან ასოციაციას და მისით ინსპირირებას რაც შეეხება, ნათია ჩიკვაიძე განმარტავს – “პინასთვის მთავარი იყო “რა გამოძრავებს?” მე კი ამასთან ცოტა სხავაგვარი დამოკიდებულება მაქვს და ამ შეკითხვას დავუმატე კიდევ ორი – “რა გამოძრავებს? როგორ? და რატომ?”. 

ჩემთვის მნიშვნელოვანია, მოძრაობები უფრო მეტს ყვებოდეს, ვიდრე ისტორია!

ფოტო: სოფო შერაზადიშვილი

ქორეოგრაფი განმარტავს – “როდესაც დიდი ხნის განმავლობაში სწავლობ გარკვეულ მოძრაობებსა და კომბინაციებს, ხშირად იმეორებ მათ, თითქოს სრულიად მოულოდნელად და უეცრად ხვდები “თურმე რას ნიშნავს ეს!”. ალბათ, ეს ქვეცნობიერის, ფარული აზრებისა და შეგრძნებების გამოვლინებას უნდა დავუკავშიროთ… როდესაც სრულიად ათავისუფლებ საკუთარ ენერგიას, თითქოს შინაგან გამოძახილს ბუნებრივად მიჰყვება სხეულის მოძრაობები და მხოლოდ დაკვირვების შედეგად თუ მოუძებნი მათ რაიმე ახსნას.

სამწუხაროდ, პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, ვერ მოხერხდა მაყურებელს ცოცხლად ეხილა პერფორმანსი, რაც ასე თუ ისე, ამცირებს შეგრძნებებსა და გამოხატულ, წარმოქმნილ ენერგიას. თუმცა ქორეოგრაფი და სხვა მოცეკვავეები იმედოვნებენ, რომ სულ მალე შეძლებენ მაყურებელთან უშუალო შეხებას.

ფოტო: სოფო შერაზადიშვილი
ფოტო: სოფო შერაზადიშვილი
ფოტო: სოფო შერაზადიშვილი
ფოტო: სოფო შერაზადიშვილი
ფოტო: საბა შენგელია
ფოტო: საბა შენგელია

ავტორი: ქეთია ბელქანია


„სამსუნგი“ 2021-ს საახალწლო აქციებით ხვდება

2020-ის გაკვეთილები – რა ისწავლეს HR-ებმა?