სასტუმრო „ეპიზოდი“ თბილისში 6 თვეა გამოჩნდა და ის პირველი ტექნოლოგიური სასტუმროა რეგიონის მასშტაბით. EPISODE-ში გამართული პროცესები, ტექნოლოგიების დახმარებით, სრულად ავტომატიზირებულია და ახალ გამოცდილებას ქმნის სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში.
„ჩანაფიქრი იყო, სასტუმრო მოგვერგო როგორც ქართველი, ისე უცხოელი ნომადების და ახალგაზრდა პროფესიონალების სეგმენტზე. მისი შექმნის იდეა ჯერ კიდევ პანდემიამდე, 2018 წელს გაჩნდა. პანდემიის შემდეგ კი ინდუსტრიაში სურათი სრულად შეიცვალა და კიდევ უფრო რელევანტური გახდა ქვეყანაში ტექნოლოგიური და სამუშაო სივრცის მქონე სასტუმროს არსებობა. დღეს მომხმარებლებს სურთ, მარტივად გაიარონ რეგისტრაციის პროცესი და კომფორტულად დაისვენონ, რაშიც EPISODE-ის გუნდის მიერ სპეციალურად შექმნილი კიოსკი, აპლიკაცია და ვებგვერდი ეხმარებათ. ასევე, მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვანია, არ იზღუდებოდნენ თავის ოთხფეხა მეგობართან ერთად დასვენებაში, ჰქონდეთ მშვიდი სამუშაო სივრცე ახლოს და, რაც მთავარია, მწვანე გარემო ინსპირაციისთვის“, — ამბობს სასტუმროს თანადამფუძნებელი ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი.
„ეპიზოდი“ პირველი სასტუმროა საქართველოში, სადაც სტუმარს ანგარიშსწორება ვირტუალური ფულით შეუძლია. კრიპტომფლობელები ყველა ტრანზაქციას, იქნება ეს ოთახის თუ სხვა სივრცის დაჯავშნა, ან სასტუმროს ტერიტორიაზე განხორციელებული ნებისმიერი სხვა სერვისის შეძენა, 5 ტიპის კრიპტოვალუტით შეძლებენ.
სასტუმრო ეპიზოდის შენობა ერთ-ერთი თვალსაჩინო და წარმატებული მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ესთეტიკური ფასეულობის არმქონე საბჭოთა შენობა ქვეყნის ნომერ პირველ, ტექნოლოგიური ინოვაციით აღჭურვილ სასტუმროდ გადაიქცეს.
საგულისხმოა, რომ პროდუქტის თუ მომსახურების კრიპტოვალუტით შეძენის შესაძლებლობას ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტი ქართული კომპანია სთავაზობს თავიანთ მომხმარებლებს. მზარდ ტენდენციას Episode Hotels-იც შეუერთდა და სრულიად შეცვალა ის სტანდარტები, რასაც აქამდე საქართველოს hospitality სექტორი სთავაზობდა ქართველ თუ უცხოელ მომხმარებლებს. კრიპტო პოს-ტერმინალი საქართველოში 6 თვეა გამოჩნდა CityPay.io და Bitnet-ის თანამშრომლობის შედეგად. POS ტერმინალის მოხმარება, სტანდარტული ტერმინალის მსგავსად, ძალიან მარტივია.
„დაარსების დღიდან ჩვენი მიზანი კრიპტო გადახდების ყოველდღიურობაში დანერგვაა, რასაც აქტიურად ვახორციელებთ უკვე 1 წელზე მეტია. გვიხარია თითოეული კომპანიის დაინტერესება ამ კუთხით, სასტუმრო ეპიზოდთან პარტნიორობა ამ მხრივ განსაკუთრებულია, რადგან ის სრულიად ცვლის აქამდე არსებულ მიდგომებს ჰოსფითალითი მომსახურების სექტორში. პირველი ტრანზაქცია უკვე წარმატებით განხორციელდა და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს თანამშრომლობა სრულიად ახალი ეპოქის დასაწყისია ქართული რეალობისთვის“, — ბექა ქემერტელიძე, CityPay.io თანადამფუძნებელი.
[R]