in

სტარტაპი E-point — მრავალფუნქციური ელექტრონული კომერციის პლატფორმა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, საქართველოს ბანკისა და 500 Global მხარდაჭერით, მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა აქსელერატორმა ახალი პროგრამის ფარგლებში დამატებით 15 სტარტაპის გადამზადება დაიწყო.

ამ სტარტაპებს შორის მოხვდა E-point — მრავალფუნქციური ელექტრონული კომერციის პლატფორმა და გადახდის აგრეგატორი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. ამასთანავე, B2B მომხმარებლებს ონლაინ გადახდის გადაწყვეტას სთავაზობს (მარკეტები, ონლაინ მაღაზიები, ტაქსის და მიტანის სერვისები, ბილეთების პლატფორმები და მედია მარკეტინგი).

სტარტაპის შესახებ უფრო დეტალურ ინფორმაციას კი მისი დამფუძნებელი, ზეინალ კარიმზადა გვაწვდის.

M: ზეინალ, როგორ გაჩნდა სტარტაპის შექმნის იდეა?

მე ვარ ყოფილი ბანკირი, 14-წლიანი გამოცდილებით, სპეციალიზებული ვარ ბარათების ბიზნესში და ვხელმძღვანელობდი ელექტრონული კომერციის განვითარებას. ბუნებრივია, კლიენტებთან ხშირად ვაწყდებოდი გარკვეულ პრობლემებს, რომლებიც ძნელად იჭრებოდა მსხვილი ბანკებისა და კორპორაციების დონეზე. აქედან გამომდინარე, გაჩნდა იდეა, შეგვექმნა ყველაზე მოსახერხებელი, მოქნილი პლატფორმა საშუალო და მცირე ბიზნესისთვის.

იდეის განხორციელების პროცესში კი ჩემი მეგობარი და კოლეგა, ჰასანი შემომიერთდა, რომელსაც ასევე 12-წლიანი გამოცდილება ჰქონდა გადამამუშავებელ ცენტრებსა და ბანკებში. ჩვენ ერთად შევძელით, გამოცდილება მომხმარებელთა კმაყოფილებად გარდაგვექმნა.

M: თქვენი აზრით, რამდენად მოთხოვნადი და საჭიროა ის, რასაც E-point აკეთებს?

სიმართლე გითხრათ, საკმაოდ სიღრმისეულად შევისწავლეთ მომხმარებლების ძირითადი პრობლემები ამ ინდუსტრიაში. მათ უმეტესობას სჭირდება სწრაფი კავშირი, უსაფრთხო ტექნიკური მხარდაჭერა და მოქნილი გადახდის სისტემა, მოსახერხებელი ინტერფეისით. შედეგი სახეზეა — ჩვენი პროდუქტი ძალიან მოთხოვნადია ბაზარზე, რადგან კლიენტებთან პარტნიორობით ვცდილობთ, მათ ელექტრონული კომერციის სფეროში თავიანთი ბიზნესის მაქსიმალურად განვითარებაში დავეხმაროთ.

M: ვისაუბროთ შემაფერხებელ და ხელშემწყობ ფაქტორებზე — რა სირთულეებს აწყდება სტარტაპი და, პირიქით, რა უწყობს ხელს მის პოპულარობას?

შემიძლია გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება, რაც სტარტაპის შექმნის პროცესში მივიღე. სტარტაპის გზა იდეიდან MVP-მდე ძალიან რთულია — როცა შენი არავის სჯერა, როცა გუნდის დასაფინანსებლად სახსრები არ გაქვს, 24/7 მუშაობ, რათა მინიმუმ პროტოტიპი შექმნა და აჩვენო, რომ შენი იდეა იმსახურებს ყურადღებას. ფინტექ ინდუსტრიაში ასევე გაგვიჭირდა ბანკებთან ურთიერთობა თანამშრომლობისთვის. ეს მოლაპარაკებები ძალიან დიდხანს გაგრძელდა და არსებითად შედეგი არ გამოიღო. თუმცა ამ ბიზნესში ჩვენი გამოცდილება ძალიან დაგვეხმარა და შედეგად, ჯერ ბანკები, შემდეგ კლიენტები და შემდეგ ინვესტორები დავარწმუნეთ, რომ ჩვენი პროდუქტი საჭიროა როგორც შიდა, ისე გლობალურად საქმიანობისთვის.

ამ თვალსაზრისით, უნდა აღვნიშნო ჩვენი გუნდი, რომელიც ჩემსავით არ გაჩერებულა, მხოლოდ წინ წავიდა, სანამ მიზანს არ მიაღწევდა. ჩვენი შედეგები ჩვენი გუნდის შედეგია!

M: თქვენ 500 Global-ის შერჩეული კომპანიებიდან ერთ-ერთი ხართ, როგორ გამოიყენებთ ამ შესაძლებლობას?

ის, რომ 500 Global-მა ასობით სტარტაპიდან აგვირჩია, ნიშნავს, რომ ჩვენ უკვე კარგი საქმე გავაკეთეთ. ამასთან, ეს აქსელერატორი კიდევ ბევრ გზას გვიხსნის… თავისთავად, ეს ძალიან მალე იმოქმედებს ჩვენს განვითარებასა და ზრდაზე. ახლა კი პროგრამაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება სტარტაპის წარმატებისთვის უნდა გამოვიყენოთ. ამიტომაც, გლობალურ სკალირებას ვგეგმავთ და ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა.

M: უკვე ფიქრობთ სამომავლო გეგმებზეც?

დიახ, ვგეგმავთ აზერბაიჯანიდან გასვლას მეზობელ ბაზრებზე, როგორიცაა საქართველო, უზბეკეთი, ყაზახეთი 2023-2024 წლებში და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გლობალურ ბაზარზე 2026 წლის ბოლომდე გავიდეთ.


500 Global-მა საქართველოში ბიძგი მისცა ადგილობრივი სტარტაპების ზრდას და განვითარებას. პროგრამის დასრულების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაიზარდა კომპანიების მზაობა უცხოური კერძო კაპიტალისთვის. ბევრი მათგანი გაფართოვდა სხვა ქვეყნის ბაზრებზეც, მათ შორის უკრაინაში, უზბეკეთში და ინდოეთში. როგორც TechCrunch მის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში ამბობს, 500Georgia-ს მონაწილე კომპანიების ღირებულება 212%-ით გაიზარდა.

Disney-ის ახალ ტექნოლოგიას პერსონაჟების ასაკის შესაცვლელად იყენებენ

სენსორებიანი ბურთი, რომელიც იტენება — 2022 წლის მუნდიალის ინოვაცია