ზოგჯერ გვეუბნებიან, რომ ცვლილებებისთვის მიზეზი არ გვაქვს, რომ ისედაც ყველაფერი თავის ადგილზე დგას და სიახლეები აღარ არის საჭირო…
ზოგჯერ ჩვენ თავადაც გვაქვს ის განცდა, რომ მოძრაობას უძრაობა, შეუჩვეველს ისევ შეჩვეული სჯობს…
თუმცა არსებობს „მაგრამ”, რომლის იქითაც, შესაძლოა, ბევრად უკეთესი პირობები და მომავალი გვეხატებოდეს. სწორედ ამ იდეას ატარებს Economic Policy Research Center-ის უახლესი ვიდეოც, რომელიც ცვლილებებისა და მოქმედებებისკენ მოგვიწოდებს. ვიდეორგოლის მთავარი გზავნილია – „ევროპა ისე ახლოა, რომ უიმედობის დრო არ არის”, მისი მონაწილე მთავარი გმირი კი კრეატიული ფორმით, ფაქტობრივად, სიმღერ-სიმღერით გვიხსნის, რა უპირატესობები ექნება საქართველოს ევროკავშირში შესვლის შემდგომ.
ვიდეოზე სააგენტო Leavingstone-მა იმუშავა. კრეატიულმა დირექტორმა, ემილი ქორიძემ მუშაობის პროცესი გაგვიზიარა:
„კრეატიული გუნდის უდიდესი სურვილი იყო, წინასაარჩევნოდ კიდევ ერთხელ შეგვეხსენებინა ამომრჩევლებისთვის, რომ ევროპის კარი ჩვენთვის ჯერ კიდევ ღიაა და სანამ დროა, არჩევნის გაკეთება შეგვიძლია.
კლიპის ამოცანაც სწორედ ეს იყო, რომ გვეთქვა – „ევროპა ახლა ისე ახლოა, რომ უიმედობის დრო არაა”. ვეცადეთ, ყველა საჭირო მესიჯი გაგვეჟღერებინა და პროპაგანდულ სტერეოტიპებსაც დავპირისპირებოდით, აგვეხსნა ევროპაში წევრობის სიკეთეები და ნიჰილიზმიც დაგვემარცხებინა. იმისთვის, რომ კლიპი ყველასთვის ერთნაირად გასაგები ყოფილიყო, შევიმუშავეთ ოჯახური დიალოგი, სადაც წარმოჩენილია შვილი, რომელიც მზადაა ცვლილებებისთვის და მამა, რომელიც დაღლილია ყოველდღიურობით და ბრძოლის აზრს ვერ ხედავს.
დიალოგი რომ უფრო საინტერესოდ და დასამახსოვრებლად გვექცია, გადავწყვიტეთ სცენარისთვის ჰიპ-ჰოპიც დაგვემატებინა და ერთგვარი rap battle-ის მიმართულებით წავსულიყავით. ამ გზით დიალოგი უფრო სახალისოც გახდა, რადგან არ გვინდოდა ზედმეტად მძაფრი და დამთრგუნველი „მამათა და შვილთა” ბრძოლა გვეჩვენებინა. საბოლოოდ გვინდა, რომ მაყურებელი რომელიც კლიპს ნახავს, აივსოს იმედით, დარწმუნდეს ევროპული არჩევანის სისწორეში და ახსოვდეს – ხალხმა უნდა ცვალოს, ქვეყანამ რომ არ იწვალოს!“.
Agency – Leavingstone
Creative Chairman – Levan Lepsveridze
Color Correction: Vigen Biba Varatnov