ქალ მეღვინეთა მარშრუტის კვალდაკვალ, თქვენ იმოგზაურებთ იმ მარნებში, სადაც ქალებმა საკუთარი მეურნეობები მოაწყვეს. ისინი ვიზიტორებს იმ ტრადიციებსა და კულტურულ ფასეულობებზე უამბობენ, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში მათ რეგიონში ქართული სტუმარმასპინძლობის ისტორიას წერდა.
ქალ მეღვინეებს ღვინის ინდუსტრიაში ღირსეული ადგილი უჭირავთ. გავრცელებული სტერეოტიპების საპირისპიროდ, ისინი წარმატებული და ძლიერი მეურნეები არიან. უმრავლესობა ახალ პროფესიას დაეუფლა, თავად გახსნა საკუთარი ღვინის საწარმო, ვენახს უვლის და დარგის სპეციალისტებთან ერთად ღვინის წარმოების პროცესს ასრულებს. დღეს, მეღვინე ქალები სამაგალითო მეწარმეები არიან და წარმატებით ოპერირებენ ქართულ და მსოფლიო ბაზარზე.
შემდეგი გაჩერება „ექიმის ბიომარანია“, რომელიც სოფელ ჩუმლაყში მდებარეობს. ამ ადგილთან გზა კახეთის ნებისმიერი წერტილიდან ადვილად მიგიყვანთ. მარნის სახელწოდება მასპინძლების პროფესიას უკავშირდება, ხოლო ისტორია 2017 წლიდან იწყება. აქ ვაზს ბუნებრივი საშუალებებითა და ბიომეთოდებით უვლიან.
მარიეტას მარანში შეგიძლიათ გასინჯოთ საფერავის, რქაწითლისა და ხიხვისგან დამზადებული ნატურალური ღვინის სახეობები და მიირთვათ რეგიონისთვის დამახასიათებელი კერძები, რომლებსაც მარიეტა თავად მოგიმზადებთ – ყოველივე ეს კახური ფოლკლორის ფონზე. თბილ ამინდებში „ექიმის ბიომარნის“ კეთილმოწყობილ ხეივანშიც მასპინძლობენ. აქ შესაძლებელია, თავად მოახვიოთ ხინკალი, შეწვათ მწვადი, მოამზადოთ ჩაქაფული და ბოთლის ღვინო ჩამოასხათ სახელობითი ეტიკეტით.
აქ გაზაფხულზე განსაკუთრებული სანახაობაა ვენახის მოხვნა ხარებშებმული გუთნით.
კახეთის ყველა ღირსშესანიშნაობა „ექიმის ბიომარნიდან“ ერთი საათის სავალ რადიუსში გახლავთ. მარნის შემოგარენში საქართველოში ერთადერთი, უნიკალური არქიტექტურის მქონე ორგუმბათიანი ტაძარი, გურჯაანის ყველაწმინდა მდებარეობს. სულ რაღაც სამ კილომეტრშია ბალნეოლოგიური კურორტი ახტალაც.