in

ექიმთან ჩაწერა მარტივად – „თოდუას კლინიკამ“ სამედიცინო სფეროში პირველი AI ასისტენტი შექმნა

სამედიცინო ჩივილის დროს  პირველი ნაბიჯის გადადგმა ყოველთვის ყველაზე რთული და  დამღლელი ეტაპია. ადამიანების უმეტესობა ასეთ დროს ერთსა და იმავე გზას გადის, ინფორმაციის მოძიებას ჯერ ინტერნეტში იწყებს, ეკითხება მეგობრებსა და ნაცნობებს, ან მიდის რამდენიმე სხვადასხვა ექიმთან მხოლოდ იმის გასარკვევად, რეალურად რომელი პროფილის სპეციალისტი სჭირდება. 

„თოდუას კლინიკის“ მიერ შექმნილი AI ასისტენტი, რომელიც ქართულ სამედიცინო სივრცეში სრულიად ახალი შესაძლებლობაა ამ პრაქტიკას მთლიანად ცვლის. პაციენტს ამიერიდან ექიმთან ჩაწერა როგორც მობილური აპლიკაციის , ისე ვებგვერდის საშუალებით  შეუძლია. ეს ჯანმრთელობის მართვას 24/7- ზე  ერთ, მშვიდ და მოწესრიგებულ ციფრულ სივრცეში უზრუნველჰყოფს.მომხმარებელი საკუთარი სიტყვებით აღწერს ჩივილებს, სისტემა კი აანალიზებს და ზუსტად იმ სპეციალისტის შერჩევაში ეხმარება, ვისთან ვიზიტიც კონკრეტულ მომენტშია რეკომენდირებული.

აპლიკაციის მთავარი სიახლე მხოლოდ AI ასისტენტი არ არის.იქვე წყდება მომდევნო ეტაპიც. აპლიკაციიდან გაუსვლელად, ექიმთან ვიზიტის დაჯავშნა ონლაინ რამდენიმე წამშია შესაძლებელი. შედეგად, ქრება გაურკვევლობა და იზოგება დრო, რომელიც აქამდე სწორი მიმართულების ძიებას მიჰქონდა.

ახალი პლატფორმის მიზანია, ადამიანს სამედიცინო სერვისებთან ურთიერთობა მაქსიმალურად გაუმარტივოს. ამიტომ აპლიკაციაში ყველა ის ძირითადი ფუნქციაა თავმოყრილი, რისთვისაც პაციენტს აქამდე კლინიკაში დარეკვა ან ადგილზე მისვლა უწევდა: 

  • მომხმარებელი დროულად იღებს მედიკამენტების მიღების შეხსენებებს
  • ნებისმიერ დროს აქვს პირდაპირი წვდომა ლაბორატორიული და რადიოლოგიური კვლევების პასუხებზე.
  • ერთ სივრცეში ინახება ექიმის დანიშნულებები და ჯანმრთელობის სრული ისტორია.

ამას გარდა, აპლიკაციაში ჩანს წლების წინ ჩატარებული კვლევის შედეგებიც, რაც ძველი და ახალი მონაცემების ერთმანეთან მარტივად შედარების შესაძლებლობას ქმნის. ასე, რომ პაციენტს ამიერიდან მთელი კლინიკა და საკუთარი სამედიცინო არქივი მობილურ ტელეფონში აქვს.

M: როგორ გაჩნდა AI ასისტენტისა და დაჯავშნის ახალი მოდელის შექმნის იდეა და რა იყო მისი მთავარი მიზანი? 

სოფიო გოგნაძე – თოდუას კლინიკის კლინიკური მენეჯერი: მთავარი მიზანი პაციენტისთვის ექიმთან ვიზიტის დაგეგმვის პროცესის გამარტივება იყო. ხშირად ადამიანს თავად უწევდა გარკვევა, კონკრეტული ჩივილის შემთხვევაში რომელი სპეციალისტისთვის უნდა მიემართა, შემდეგ კი თავისუფალი დროის მოძიება და ვიზიტის დაგეგმვა რამდენიმე სხვადასხვა არხის გამოყენებით ხდებოდა. ამასთან, მაღალი მოთხოვნის მქონე ექიმებთან გრაფიკები ხშირად რამდენიმე კვირით ან თვით ადრეა შევსებული. ჩვენმა სტატისტიკამ აჩვენა, რომ, ამის მიუხედავად, დაგეგმილი ვიზიტების ნაწილი საბოლოოდ არ ხორციელდებოდა. პაციენტის გამოუცხადებლობის გამო კი ეს დრო სხვა პაციენტისთვის ხელმისაწვდომი ვეღარ ხდებოდა. სწორედ ამ ორი გამოწვევის საპასუხოდ შეიქმნა ახალი ციფრული მოდელი: AI ასისტენტი, რომელიც პაციენტს ჩივილის მიხედვით შესაბამისი სპეციალისტის ან სერვისის შერჩევაში ეხმარება და პირდაპირ ვიზიტის დაჯავშნის შესაძლებლობას აძლევს, ხოლო წინასწარი ჯავშნის ახალი პრინციპი ექიმის დროის უფრო ეფექტურად მართვას ემსახურება.

M: ტექნოლოგიური თვალსაზრისით, როგორ უზრუნველყოფს ახალი ციფრული ეკოსისტემა პაციენტის სამედიცინო მონაცემებისა და კლინიკის სამუშაო განრიგის უწყვეტობას?

ლაშა შარვაძე – თოდუას კლინიკის IT დეპარტამენტის ხელმძღვანელი: ახალი ციფრული ეკოსისტემის მთავარი პრინციპია, რომ პაციენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაცია და კლინიკასთან ურთიერთობის ძირითადი პროცესები ერთ სივრცეში იყოს თავმოყრილი. აპლიკაციაში პაციენტს შეუძლია ნახოს საკუთარი კვლევების შედეგები და სამედიცინო დოკუმენტები, მიიღოს მედიკამენტების შეხსენებები, AI ასისტენტის დახმარებით შეარჩიოს შესაბამისი სპეციალისტი და პირდაპირ დაჯავშნოს ვიზიტი. ამავდროულად, დაჯავშნის სისტემა დაკავშირებულია ექიმების სამუშაო განრიგთან, რაც საშუალებას იძლევა, პაციენტმა რეალურად ხელმისაწვდომი დრო ნახოს და ვიზიტი დამოუკიდებლად დაგეგმოს. შედეგად, პაციენტის სამედიცინო ისტორია, ვიზიტის დაგეგმვა და შემდგომი მართვა ერთიან ციფრულ პროცესში ერთიანდება. საბოლოო მიზანია, პაციენტს აღარ უწევდეს სხვადასხვა არხში ინფორმაციის მოძიება და თითოეული ახალი ვიზიტისას პროცესის თავიდან დაწყება; შესაბამისად, კლინიკასთან ურთიერთობა ხდება უწყვეტი, პროგნოზირებადი და მარტივი.

ვიზიტის დაჯავშნის ახალი წესი

აპლიკაციასთან ერთად, კლინიკამ ექიმთან ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის ახალი სისტემაც აამოქმედა. მისი მთავარი მიზანი პროცესის უკეთ ორგანიზება, გაცდენილი ვიზიტებისა და დაუგეგმავი რიგების თავიდან არიდებაა.

მნიშვნელოვანია, რომ ეს ცვლილება ტარიფებს არ ეხება. წინასწარ გადახდილი თანხა სერვისი ღირებულების ნაწილია, რომელიც  მიღებული მომსახურების ღირებულებაში სრულად ითვლება. ამ მიდგომით დაცულია როგორც პაციენტის დრო, ისე ექიმის სამუშაო განრიგი.

M:  როგორ ეხმარება წინასწარი გადახდის სისტემა კლინიკას რიგებისა და გაცდენილი ვიზიტების მართვაში ისე, რომ პაციენტისთვის დაჯავშნის პროცესი მაქსიმალურად მოქნილი დარჩეს?

სოფიო გოგნაძე: როდესაც პაციენტი ვიზიტს ადასტურებს, ექიმის გრაფიკში ეს დრო რეალურად მისთვის არის გამოყოფილი, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს დაუდასტურებელი და გაცდენილი ვიზიტების რაოდენობას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალი მოთხოვნის მქონე სპეციალისტებთან, სადაც თითოეული გამოუყენებელი დრო ნიშნავს, რომ სხვა პაციენტმა შესაძლოა საჭირო კონსულტაცია დროულად ვერ მიიღოს. ამავე დროს, სისტემა მოქნილობასაც ინარჩუნებს: ვიზიტამდე განსაზღვრული ვადის დაცვით პაციენტს შეუძლია ჯავშნის შეცვლა ან გაუქმება. ჩვენი ამოცანაა, ერთდროულად დავიცვათ როგორც კონკრეტული პაციენტისთვის გამოყოფილი დრო, ისე სხვა პაციენტების შესაძლებლობა, დროულად ისარგებლონ თავისუფალი ვიზიტით.

როგორ მუშაობს წინასწარი გადახდა

თუ პაციენტი დაზღვევით სარგებლობს, ვიზიტის დაჯავშნისას ის მხოლოდ ავანსს იხდის.  თუ კლინიკაში ვიზიტისას გადახდილ ავანსსა და პაციენტის მიერ რეალურად გადასახდელ თანხას შორის სხვაობა გაჩნდება, ზედმეტად გადახდილი თანხა უკან სრულად უბრუნდება.

ჯავშნის შეცვლა

ვინაიდან გაუთვალისწინებელი შემთხვევებიც ხდება, სისტემაში ცვლილებების შეტანის ლოგიკაც გაწერილია:

თუ ვიზიტამდე 3 სამუშაო დღეზე მეტია დარჩენილი, პაციენტს შეუძლია კლინიკის ცხელი ხაზის ან რეგისტრატურის საშუალებით ერთხელ შეცვალოს თარიღი ან ჯავშანი საერთოდ გააუქმოს . გაუქმებისას გადახდილი თანხა სრულად უკან უბრუნდება .

თუ ვიზიტამდე 3 სამუშაო დღე ან ნაკლებია დარჩენილი, ექიმის დაჯავშნილი გრაფიკის დაცვის მიზნით, ვიზიტის გადადება ან გაუქმება შესაძლებელი აღარ არის.

M: როგორ ვითარდება თოდუას კლინიკის აპლიკაცია და რა ახალი ფუნქციების დამატებას გეგმავთ უახლოეს პერიოდში?

ლაშა შარვაძე: აპლიკაციის მიმდინარე ვერსია უკვე მეორე განახლებაა და ჩვენი მიზანია, ის ეტაპობრივად პაციენტის კლინიკასთან ურთიერთობის მთავარ ციფრულ სივრცედ იქცეს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ აპლიკაციაში რეგისტრაცია ახალ პაციენტებსაც თავად შეუძლიათ – მათ შორის მათ, ვინც თოდუას კლინიკაში პირველად მოდის. ეს მნიშვნელოვნად ამარტივებს პირველივე ვიზიტამდე კლინიკასთან დაკავშირების პროცესს. ჩვენთვის აპლიკაციის განვითარება უწყვეტი პროცესია. უახლოეს პერიოდში იგეგმება შეტყობინებების სისტემის დამატება, რომლის საშუალებითაც პაციენტი მისთვის საჭირო ყველა სიახლეს აპლიკაციაში მიიღებს. პარალელურად, შიდა ტექნოლოგიური გუნდი აგრძელებს მუშაობას მედიკამენტების შეხსენების, AI ასისტენტისა და სხვა ფუნქციების განვითარებაზე, რათა აპლიკაცია ადამიანს საკუთარი ჯანმრთელობის ყოველდღიურ მართვაშიც დაეხმაროს. ჩვენი მიზანია, თოდუა AI ეტაპობრივად პაციენტისთვის სანდო და მუდმივი ციფრული თანამგზავრი გახდეს – სივრცე, სადაც მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია და საჭირო სერვისები ერთ ადგილას ექნება.

„თოდუას კლინიკის“ ახალი ციფრული მიდგომა ჯანდაცვის სერვისებს თანამედროვე ადამიანის რიტმს არგებს. ჯანმრთელობაზე ზრუნვის მთელი პროცესი უკვე მარტივად, პირდაპირ ტელეფონიდან იმართება – სიმპტომების მიხედვით, ექიმის სწორად შერჩევიდან და ვიზიტის დაჯავშნიდან დაწყებული, დანიშნულებებისა და კვლევის შედეგების კონტროლით დამთავრებული.

[R]

ChatGPT-ს მეშვეობით ახლა ტანსაცმლის ვირტუალურად მოსინჯვაც შეგიძლიათ

როგორ იყენებს სემ ალტმანი AI-ს დროის დასაბრუნებლად?