8
დეკ
2017

ერეკლე ინაშვილი გერმანიაში Brand Thinking სტუდიას აარსებს!

8 დეკ 2017

ბრენდინგისა და დიზაინის სპეციალისტი ერეკლე ინაშვილი გერმანიაში საკუთარ Brand Thinking სტუდიას აარსებს. ერეკლეს გამოცდილება, გერმანულ ბაზარზე, 2006 წლიდან იწყება და ამ პერიოდის განმავლობაში, ის პარალელურად მუშაობდა ქართულ პროექტებზეც. ქართველმა პროფესიონალმა და მისმა პარტნიორებმა გაიაზრეს Design Thinking და ბრენდინგი, როგორც ერთიანი პროცესი, განსაკუთრებით დღეს, როცა პროდუქტების და სერვისების განვითარება ახლებურ აზროვნებას მოითხოვს.  erekle.de დიზაინთან ერთად, სტრატეგიულ აზროვნებას, ციფრულ და თანამედროვე გადაწყვეტილებებს შესთავაზებს გერმანულ სტარტაპებს. რა პერსპექტივა აქვს Brand Thinking სტუდიას გერმანულ ბაზარზე, პოზიციონირდება თუ არა იგი, როგორც ქართული კომპანია და იქნება თუ არა ქართული და გერმანული კომპანიების კოლაბორაციის წინაპირობა – ამ საკითხებზე მარკეტერი ერეკლე ინაშვილს ესაუბრა:

BOG xelfasi
Bog Xelfasi mob

M: რატომ გადაწყვიტეთ გერმანიაში Brand Thinking სტუდიის შექმნა?  
საკუთარი სტუდიის დაარსება ჩემი დიდი ხნის სურვილი და გეგმა იყო. ახლა კი, ამ გარემოებას ხელი შეუწყო ორმა ფაქტორმა: სწრაფმა დიჯიტალიზაციამ და სტარტაპების მხრიდან გაზრდილმა მოთხოვნამ ბრენდინგზე. Brand Thinking თავისთავად გულისხმობს Design Thinking-ის მეთოდების და კლასიკური ბრენდინგის ერთობლიობას და ახლანდელი გამოწვევების ადეკვატურია. პროდუქტების განვითარება, სტარტაპი, ახალი ბიზნეს მოდელები ბოლო დროს ძალიან ხშირად გვესმის. ახალ სამუშაო კულტურაზე გადასვლა გლობალურ პროცესად იქცა. დიდი კომპანიები ცდილობენ იყვნენ მეტად მოძრავები (Agile), გახდნენ პირდაპირები, თავი დააღწიონ რთულ კორპორატიულ პროცესებს და უშუალოდ, შედეგზე კონცენტრირდენ. ამ რეალობამ წარმოშვა გამოწვევები ბრენდინგ და კრეატიული სააგენტოებისთვისაც. ადრე თუ მოლოდინი სააგენტოსგან იყო, რომ ის, როგორც ექსპერტების გუნდი, კრეატივს და სტრატეგიას ავითრებდა, დღეს სააგენტოს  ფუნქციაა იყოს მოდერატორი დამკვეთსა და მომხმარებელს შორის, მათთან ერთად იკვლიოს მომხმარებლის მოთხოვნა (User Need), შექმნას სერვისის საცდელი პროტოტიპები და მომხმარებლის აქტიური ჩართულობით ააშენოს ბრენდიც და პროდუქტიც.

M: როგორია erekle.de-ს კონცეფცია, რა შესაძლებლობები აქვს მას გერმანულ ბაზარზე?
ჩვენი სტუდიის ფოკუსი ახალი პროდუქტებისა და ბრენდის განვითარებაა. ჩვენ არ  შემოვიფარგლებით მხოლოდ ბრენდ-პლატფორმის და ბრენდ-ატრიბუტიკის შექმნით. პირველ რიგში, ვცდილობთ დავადგინოთ კომპანიის ბიზნეს „დე-ენ-ემი“ და ვიმუშაოთ პროდუქტის გარშემო გამართული ეკოსისტემის შექმნაზე. ჩვენი კლიენტების ძირითადი ნაწილი სტარტაპია, რომელიც მომხმარებელს ახალი ტიპის სერვისებს სთავაზობს. მაგალითად, მობილური აპლიკაცია, რომელიც სპორტული ფორმის შენარჩუნებაში გვეხმარება, შეუძლებელია მხოლოდ ბრენდის „კარგი შეფუთვით“ დავამკვიდროთ იგი  ბაზარზე. ესეთი სერვისი დღეს უკვე ბევრია, მათ შორის კარგი დიზაინითაც. ბრძოლა კი ბაზარზე მომხმარებლის გრძელვადიანი კმაყოფილებისთვის მიმდინარეობს. მომხმარებლის კმაყოფილება (Joy of use) კი, მხოლოდ კარგი ვიზუალური დიზაინით არ მიიღწევა. საჭიროა ახალი გზები და ხერხები  მომხმარებლამდე ამა თუ იმ სერვისის მისატანად. ამის გზების დადგენა და ამის საფუძველზე ბრენდის განვითარება ჩვენი ძირითადი მისიაა.

M: მოგვიყევით თქვენი გამოცდილების შესახებ ბრენდინგისა და დიზაინის სფეროში?
ჩემი საქმიანობა საქართველოში დაიყწო. 2006 წელს წამოვედი გერმანიაში. მაშინ ერთი სული მქონდა სწავლა დამემთავრებინა და სწრაფად  თბილისში დავბრუნებულიყავი. მერე იყო  მედიაკომპანიები RTL და „სქაი“. პირველ ეტაპზე, მომიწია „სქაის“ სპორტული არხის ბრენდინგზე და საეთერო  დიზაინზე მუშაობა. შემდგომში, გადავინაცვლე პროდუქტების განვითარებისა და Digital Innovation-ის დეპარტამენტში, სადაც უკვე „სქაის“ სტრატეგიული პროდუქტებისთვის დიზაინისა და ბრენდინგის განვითარება მევალებოდა. ამაში იგულისხმება კომპანიის მიერ ინოვაციური სერვისების შეთავაზება Apple, Android, Google Chromecast და Play station პლატფორმებზე. ბოლო 6 წელი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო ჩემს გერმანულ კარიერაში. პროექტები, რომელზეც ვმუშაობდი, რამდენჯერმე დაჯილდოვდა German Design Award-ით, მოიგო German Brand Award 2016 წელს და Red Dot Design Award 2017-ში. ამის პარალელურად, საინტერესო პროექტები მქონდა საქართველოში, როგორიც იყო შემოსავლების სამსახურის რებრენდინგი, საფეხბურთო კლუბ „ლოკომოტივის“ ბრენდინგი, ასევე, დინამიური ბრენდის შექმნა „სფოთლაითისთვის“.

M: რით განსხვავდება გერმანული და ქართული ბაზრები ბრენდინგის, დიზაინისა თუ ციფრული კომუნიკაციის კუთხით?
ბაზრებს შორის განსხვავება, რა თქმა უნდა, დიდია. თუმცა, ყოველთვის აღვნიშნავ ქართული კრეატიული ინდუსტრიის სწრაფ განვითარებასა და მაღალ ხარისხს, ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის მაშტაბების მიუხედავად. გერმანიაში რამდენიმე ათეული სააგენტო მხოლოდ ერთი საავტომობილო გიგანტისთვის მუშაობს. აღარ ვლაპარაკობ მცირე და საშუალო ბიზნესზე, რომლსაც ამოუწურავი რესურსი აქვს, შექმნას უამრავი საქმე კრეატიული სფეროსთვის. ქართული ბაზარი ამ ფუფუნებას, რა თქმა უნდა, მოკლებულია და უწევს არსებული, მცირე რესურსებით გავიდეს ფონს. ეს, ერთი მხრივ, მას მუდამ ფორმაში ამყოფებს და კონკურენციას ზრდის. თუმცა, ყველამ კარგად ვიცით, რომ სანამ ბიზნეს სექტორი სწრაფი ტემპებით არ წავა წინ, კრეატიულ ინდუსტრიას ბოლომდე ხელ-ფეხი გახსნილი ვერ ექნება.

M: რა იქნება erekle.de-ს კონკურენტული უპირატესობა გერმანულ ბაზარზე და პოზიციონირდება თუ არა იგი, როგორც ქართული კომპანია?
იმ დროიდან, რაც გერმანიაში ვმუშაობ, გერმენელების მხრიდან ყოველთვის ვხვედავდი ინტერესს განსხვავებულისადმი. იყო ღიაობა უცხოს მიმართ. ჩემი ქართული წარმომავლობა არასდროს ყოფილა დამაბრკოლებელი ფაქტორი. პირიქით, ხშირად პლიუსიც იყო. ბევრჯერ მიფიქრია, რომ ესა თუ ის ქართველი პროფსიონალი კონკრეტულ მომენტში ძალიან გამოადგებოდა პროექტს. ჩვენი სტუდიის ერთ-ერთი მიზანიც ეს არის – გააბას ხიდები სამუშაო სივრცეებს შორის და ქვეყნებს შორის. შევქმნათ პროექტები ქართული სააგენტოებისა და პროფესიონალების მონაწილეობით, რაც ჩემი დაკვირვებით, საინტერესო იქნება გერმანული ბაზრისთვისაც. წინ ბევრი საქმე და საინტერესო გამოწვევაა.

 

 

განხილვა