30
May
2019

“ჩემი მუსიკა სავსეა ცინიკური იუმორით” – ერეკლე გეწაძე #თაობა

30 May 2019

არსებობენ არტისტები, რომლებიც ერთ კონკრეტულ ხაზს მიჰყვებიან – ქმნიან ერთი ჟანრის მუსიკას და ცდილობენ, მთლიანად ჩაიძირონ ამ ჟანრში. თუმცა, ზოგისთვის მრავალფეროვნება და მრავალ ჟანრში მოღვაწეობა ბევრად უფრო სასიამოვნოა. ერეკლე გეწაძე სწორედ ერთ-ერთი მათგანია. მის ფლეილისტში რომ შეიხედოთ, უამრავი ტიპის/ჟანრის მუსიკასა და ტრეკს წააწყდებით და ვფიქრობ, სწორედ ეს დაგტოვებთ ამაღლებულ ნოტაზე. მის შემოქმედებასა და საქმიანობაზე ერეკლეს გავესაუბრეთ:

M: მოგვიყევი ცოტა რამ ერეკლე გეწაძის შესახებ.. 

ერეკლე გეწაძე – ადამიანთა მოდგმის წარმომადგენელი, რომელიც ადრე მსახიობი იყო, მაგრამ მიხვდა, რომ მისთვის აუტანელია საქართველოში მსახიობობა და მუსიკოსობა დაიწყო..

M: გახსოვს თუ არა მომენტი, როცა პირველად გააცნობიერე მუსიკის მნიშვნელობა შენთვის?

მახსოვს. 5 წლის ვიყავი მგონი. Luciano Pavarotti-ს CD აჩუქეს მამაჩემს და მასთან ერთად რატომღაც Pat Metheny Group – “Secret Story”-ც იდო. Pat Metheny-ს მუსიკა რომ მოვისმინე, იმდენად უცხო, უცნაური და შთამბეჭდავი იყო ჩემთვის, რომ ძალიან შემიყვარდა; დღეში რამდენჯერმე თავიდან ბოლომდე ვუსმენდი და ამ მუსიკის გარეშე არ მინდოდა არაფრის კეთება.

M: როდის გქონდა პირველი შეხება მასთან და რა ასაკში შექმენი პირველი ტრეკი?

პირველი შეხება მუსიკასთან 6 წლის ასაკში მქონდა, როცა მუსიკალურ სკოლაში შევედი და ფორტეპიანოზე დაკვრის სწავლა დავიწყე.

პირველი ტრეკი 16-17 წლის ასაკში ჩავწერეთ მე და ჩემმა მეგობარმა სოსო გელოვანმა, რომელიც წარმოუდგენლად მაგარი ბას-გიტარისტია. მე მაშინ დრამზე ვუკრავდი და დრამის პარტია ჩავწერე, სოსომ – ბასის და მერე Ableton Live 7-ში დანარჩენი ინსტრუმენტები დავამატეთ. საკმაოდ უცნაური ტრეკი გამოგვივიდა Blues-ის და House-ს ელემენტებით.

M: რა მიმართულების მუსიკას ქმნი და რატომ გადაწყვიტე ეს ჟანრები?

ბევრ მუსიკოსს და შესაბამისად ბევრ სხვადასხვანაირ მუსიკას ვუსმენდი მთელი ცხოვრება… და ამ ყველაფრის მოსმენამ გამოიღო საკმაოდ კარგი შედეგი ჩემი მუსიკალური გემოვნების და დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში.

ბავშვობაში მეც მქონდა რადიკალური შეხედულებები და მიმაჩნდა, რომ თუ როკს უსმენდი – რეპის მოსმენა მიუღებელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამავე დროს ვერ ვხვდებოდი, რა უნდა მეფიქრა, როცა ერთდროულად მომწონდა მაგალითად Desyn Masiello-ს მუსიკა, რომელიც იმ დროს Electro House-ს უკრავდა და Cannonball Adderley-ს Hard Bop-ები?…

ამიტომ გადავწყვიტე, არც ერთი ჟანრი არ ამეკრძალა საკუთარი თავისთვის და პირიქით, თითოეულში დამეჭირა ჩემთვის რაღაც ღირებული.

Funk, Hip Hop, Trap,, R’n’B, Jazz, Disco, Ambient, Techno, Experimental, Electronic, Vaporwave და კიდევ ბევრი სხვა მიმართულებითაც ვმუშაობ.

P.S.

(Vaporwave მუსიკას DEADAKTORZ-ის სახელით ვაკეთებ – https://www.youtube.com/watch?v=ia6Lpy_KMFU )

გარდა ამისა, დღეს ხშირად მიწევს შეკვეთებზე მუშაობა და არასდროს არ ვიცი, რომელი ჟანრის მუსიკას მოითხოვს დამკვეთი… იქნება ეს Future Bass, Cinematic თუ Corporate, ამიტომ თავს ვალდებულად ვთვლი, რაც შეიძლება ბევრ ჟანრში ვიყო გათვითცნობიერებული და მივიღო ყველანაირი მუსიკალური სიახლე.

(რუსულ სიმღერებს არ ვგულისხმობ არც ერთ წინადადებაში)

M: რა არის შენი მუსიკის მთავარი სათქმელი? რას გამოხატავს ის..

ჩემი მუსიკა სავსეა ცინიკური იუმორით და არანაირი ქვეტექსტი არ აქვს, თუ რამის თქმა მინდა, პირდაპირ ვამბობ.

მაგალითად, ჩემი ერთ-ერთი ტრეკი, რომელსაც ქვია “ყველა გადაცემა”, იხსნება კოტე ყუბანეიშვილის რომელიღაც ტელე-ინტერვიუდან ამოღებული წინადადებით და ეს წინადადება პირდაპირ ამბობს იმას, რისი თქმაც მინდა.

M: როგორ ფიქრობ, რა ჰქვია შენს შემოქმედებას?

ამ კითხვას მხრების აჩეჩვით ვპასუხობ.

M: ვინ იყვნენ ის არტისტები/მუსიკოსები რომლებმაც შენსა და შენს შემოქმედებაზე გავლენა მოახდინეს?

Miles Davis, Herbie Hancock, Jaco Pastorius, Pat Metheny, Weather Report, Prince, J Dilla, Daft Punk, Aphex Twin, Boards of Canada, William Basinski, Alvin Lucier, Steve Reich, Radiohead, Pink Floyd… ეს არასრული ჩამონათვალია იმ მუსიკოსების, რომლებმაც განაპირობეს ჩემი მუსიკალური შემოქმედების მრავალმხრივობა.

M: მუსიკალური კუთხით როგორია შენი მოღვაწეობა? (თუ გაქვს ლაივ შესრულებები, რაიმე პროექტებში თუ ხარ ჩართული და ა.შ)

ვმუშაობ სტუდია Composer Squad-ში, სადაც ვიღებ მუსიკალურ შეკვეთებს და ვაკეთებ Production მუსიკას.

ვარ 15-მდე სპეკტაკლის/პერფორმანსის კოპმოზიტორი და ამჟამად ვთანამშრომლობ გერმანულ თეატრთან უილიამ შექსპირის “Macbeth”-ზე. ასევე, ახალი პროექტით ვთანამშრომლობ კახა ჩიქოვანთან და გიორგი გორდეზიანთან და ლეიბლ MINIBUS-ზე ახალი სახელით Synthsaibot უკვე გამოვუშვით release, რომელიც შეგიძლიათ beatport-ზე მოძებნოთ.

ასევე, ამ პროექტის ფარგლებში ვმუშაობ განსხვავებული ჟღერადობის საცეკვაო მუსიკის ახალ live-ზე, რომელიც ძალიან მალე გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი.

M: გავიგეთ, რომ მინიალბომი გამოუშვი, მოგვიყევი მის შესახებ..

Mr. Pol დამიკავშირდა და EP-ს დადება შემომთავაზა ლეიბლ Sneaky Bastards-ზე. მეც დიდი სიამაყით დავთანხმდი. ორივეს გვინდოდა, რომ ჩემი ძველი კომპოზიციის “All I Do”-ს მსგავსი ტრეკები გამეკეთებინა, რომლებშიც Vocoder-ით ვიმღერებდი და გავაკეთე 80-იანი წლების Old School Dirty Funk ჟღერადობის მუსიკა, ჯაზის და ჰიპ ჰოპის ელემენტებით.

M: და ბოლოს, დაუტოვე #თაობას ტრეკი ფლეილისტისთვის..

ყველაზე რთული ეს იყო… ძალიან ბევრი ვარიანტიდან ავირჩიე ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მუსიკოსი და ბას-გიტარისტი Stephen Bruner იგივე Thundercat ლეგენდარულ ამერიკელ მომღერლებთან Michael McDonald-თან და Kenny Loggins-თან ერთად – “Show You The Way” 

 

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე



განხილვა