in

ძია ბენი, ამანდა და კეთილი მატცე – ერეკლე ინაშვილი

Chek-in გავიარე და თვითმფრინავში ჩასასხდომ რიგში დავდექი.

სახლში ვბრუნდები, ერთ-ერთი ქალაქიდან. მოდი პირობითად ვთქვათ – ლონდონიდან, თუნდაც იმიტომ, რომ ამდენი რამე ხდება მარკეტერების თავს ამ ქალაქში. თან მეორე, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში მართლაც ხშირად მომიხდა აქ საქმიანი მოგზაურობა და ეს შთაბეჭდილებებიც, რომლებიც მინდა რომ გაგიზიაროთ, რეალური პროექტიდან არის, სადაც ერთ-ერთი ბრიტანული უნივერსიტეტის ბრენდინგზე ვმუშაობდით…

მაშ ასე..

ზურგჩანთამოკიდებულმა, უხერხული მოძრაობებით თვითმფრინავში ჩემი რიგი მოვძებნე, დასაჯდომად მოვემზადე და ვხედავ ჩემი თანამშრომელი ტიმ რობინსი არ მოკალათებულა გვერდით სკამზე?! ასეთ სიტუაციებში, გამოგიტყდებით და არ მიყვარს ფორმალური მოსაუბრეების დამგზავრება. სიწყნარე მირჩევნია, ლაპარაკი მხოლოდ ლაპარაკის გამო, არაფრის მომცემი დიალოგები, საგნობრივს არაფერს გაძლევს, უბრალოდ ეტიკეტია. თან ეს ყველაფერი ერთკვირიანი დამღლელი ლონდონის მერე. მინდა მე ახლა ეს?! მაგრამ, ტიმი ეგ შემთხვევა არ არის. სიამოვნებით ვუშლით ხოლმე გულს ერთმანეთს. საინტერესო ადამიანია. კომუნიკაციას არა მარტო იღებს, არამედ გასცემს კიდეც, თვალებში გიყურებს და ყოველ წამს გაქვს შეგრძნება, რომ მას მართლა აინტერესებს, რა მოხდა წინა მითინგზე და ვიცი, რომ ამას მხოლოდ ფორმალობის გამო არ გეკითხება. იაზრებს და აზრს გულწრფელად უკან გიბრუნებს.

– რა მოხდა გუშინ ბრენდის დეპარტამენტის მითინგზე? – მეკითხება ტიმი ყოველგვარი შესავლების გარეშე.

– რომელზე, ბენის მითინგზე? – ვაზუსტებ მე. – რა მოხდა და ბენ სალივანმა ჩვენი ნალოლიავები დინამიური ბრენდის კონცეფცია, 20 წუთში გააცამტვერა! მთელი კომუნიკაციების დეპარტამენტიც უყურებდა ამ შოუს. რთული საყურებელი იყო. აღარაფერს ვამბობ, როცა ეს შენს ტყავზე გადადის.

– მართლაა? – მეკითხება ტიმი, – როგორ? სულ შეცვალა?

– შეცვალა კი არა, დედა უტირა, აღარაფერი დატოვა იმისგან, რაზეც მთელი წინა თვე ვიმუშავეთ.

გაიცანით ბენ სალივანი:

კლინტ ისტვუდის ხმელი გარეგნობის შუა ხნის მამაკაცი. აი, “Peaky Blinders” თუ ნანახი გაქვთ, ერთ-ერთი პერსონაჟს გავს ბენი – საკუთარ ბავშვებს ზედმეტი პურის ჭამის გამო ქამრით რომ სჯის და აქვე დარწმუნებული რომაა, რომ მკაცრი, მაგრამ სამართლიანი მიდგომა აქვს აღმზრდელობითი კუთხით ოჯახში.

საქმეშიც ეგეთია – სულ მარცხენა მკლავზე ახატია ფერად სვირინგებად ეგ შენი „სოფისთიქეითედ” ბრენდები. სიტყვის დამთავრების საშუალებასაც არ გაძლევს, უხეშად გეჩრება – რა ღირს? მერე რად მინდა ეგ? რამდენ ხანში? ბევრია.. არ მჭირდება! შეგიძლია ახლავე სანაგვეზე გაუშვა! – და ა.შ.

ბენი ხისტი ტოპ-მენეჯერების ტიპს განეკუთვნება. მაგრამ გულის სიღრმეში თავისი, კეთილშობილური სიმართლე აქვს. ისევე, როგორც ყველა ადამიანი, მონსტრად არ დაბადებულა. უბრალოდ ბრენდინგის და ტექნოლოგიური სამყაროს ჯუნგლებმა აქცია ასეთად. ალბათ, ღამე რომ წვება, ღმერთს შენდობას სთხოვს, მაგრამ მეორე დღეს მაინც უმოწყალოდ ანგრევს “სუპერ fancy“ პრეზენტაციებს, რაციონალური მიზეზის გარეშე. რას გაიგებ..

– კარგი, მაგრამ წამალი რა არის მაგ კაცის?

– ყველას ასე ექცევა, ამხელა ბიუჯეტიან პროექტებს სანაგვეზე უშვებს. რაღაცა ხერხი ხომ უნდა არსებობდეს, რითაც შეგიძლია ფეხი გამოსდო და მიწაზე დაანარცხო ეს მაღალი კაცი?! გულწრფელი ემპათიით მეკითხება ტიმი.

– წამალი? ჰმმ.. – თვალები მაღლა ავატრიალე, და ფილოსოფიური პაუზის შემდეგ უცებ ვპასუხობ:

– დარტყმაზე დარტყმით პასუხი, უხეშობაზე არანაკლები უხეშობა, არდათმობა და ცეცხლზე მახვილი. მხოლოდ ძალისმიერი მეთოდების სჯერათ ეგეთ ტიპებს. მხოლოდ ამით მოიპოვებ მათ თვალში პატივისცემას, დააჯერებ, რომ დაინამიქ აიდენტიტის, აზრი აქვს პროექტისთვის.

– კოპლექსია!

– რა კომპლექსი?

– რა და სულ ჰგონიათ, რომ “ვაბოლებთ” და თავს იცავენ ეგეთი ტიპები,- დასძინა ტიმმა.

– მართალი ხარ, – ვუბრუნებ პასუხს.

– თუ შეშინდები, ჰგონიათ, რომ გამოგააშკარავათ და “დაბოლებაში”დაგიჭირათ. არ დაუთმობ და პატივისცემას დაიმსახურებთ. მთავარია, პირველ შეტევას ცეცხლითვე უპასუხოთ. მერე ძია ბენი ისევ ბრიტანელ სამართლიან ბიძად იქცევა და მითინგზე შეხლა-შემოხლა სულ აღარ მიაქვს გულთან ახლოს, პირად წყენად არ იმახსოვრებს და „დაღლილ-მუშურ” ლუდზეც გეპატიჟებათ საღამოს. ყველაზე დიდი პატივია ამ ტიპაჟისგან ეს!

ტიმი მაინც შეწუხებულია დრამატული მითინგის ისტორიით და არ ცხრება.

– კი მაგრამ ამანდა? ამანდამ არ თქვა არაფერი? მაგან და შენ ხომ რეალურად ერთად ააწყვეთ მთელი “დაინამიქ აიდენთითი” ? ცენტრალური ოფისიდან ეგ იყო ყველაზე დიდი Co-creator-ი შენი და შენი გუნდის.

– ეჰ, ამანდა, ამანდა… ცნობილი ფილმის გმირივით დანანებით ჩავილაპარაკე, თითქოს მართლა რაღაცას განვიცდიდი.

ამანდა ნამდვილი ჯარისკაცია, ქალი-ჯარისკაცი, ვიეტნამის ომიდან, მარტო „ომი“ რომ იცის და შენელებულ კადრებში ყვირილით რომ გარბის ფრონტის პირველ ხაზზე. იდეალურია მასთან ერთად ბრძოლაში შესვლა. მაგრად შეუძლია შეუტიოს ბენისნაირებსაც და კიდევ უფრო დიდ თევზებსაც.

შრომით გაიკვალა გზა. რთული ბავშვობა ჰქონდა, ადვილად არაფერი მიუღია. ბებიამისი პატარა აზიურ რესტორანში სამზარეულოში მუშაობდა „ჩაინა თაუნში“ და პატარა ამანდას კოლეჯის ფულს უხდიდა. ამანდაც ყოველთვის გრძნობდა ამ პასუხიმგებლობას და ყველაფერი თავისი შრომით ნელ-ნელა გამოიმუშავა, კონკურსებში და სქოლარშიფებში იმარჯვებდა, საზაფხულო ბანაკში სადილზე მოცემულ იოგურტს არ ჭამდა და კარავში მიჰქონდა. მერე სახლში რომ ბრუნდებოდა, სამ პატარა დას უნაწილებდა დანაზოგს. კარიერაში არც გამძვრალა და არც გამომძვრალა. ყველაფერი მტკნარი ციფრებით და მაღალი შედეგებით ააშენა. დღეს პატივს სცემენ და მასთან დაპირისიპირებას ერიდებიან. ყოველთვის კარგად არის შეიარაღებული არგუმენტებით და კონტრ-შეტევასაც არასდროს თაკილობს. რაც მთავარია, არასდროს აგებს. ყველაფერს აიტანს, მაგრამ წაგებას არა.

ერთი თვისებაც აქვს, – პაუზას ვაკეთებ ისევ, – გადამწყვეტ მომენტში, შეუძლია ფერი იცვალოს.

ტიმი იცინის, – რა ქნა ასეთი?

– არაფერი. მიხვდა, რომ შეეძლო პროექტის თავისი ნაწილი გადაერჩინა (ანუ Research-ის ნაწილი) და ჯოხი ვიზუალზე გადატეხა. სტრატეგიულად გადაჯგუფდა, თუ როგორ ამბობენ, ჯარისკაცები?

– რას იზამ, ყველა დადებით თვისებასთან ერთად, ესეც ამ ტიპაჟის თვისებაა: ისინი ხომ მუდამ გადარჩენისთვის იბრძოდნენ და წარმატებისთვის ყველა გზას აღიარებენ. აღარც შენი თვეობით ნაშენები ემოციური კავშირი რჩება, არც პროექტში მიღწეული მწვერვალები, აღარც სტალინგრადის ბრძოლა. მუდამ მიზანი აქვთ თვალწინ. ალბათ ესეც დასაფასებელია.

– კარგი, და რეცეპტი? ესეთ ტიპაჟებთან ურთიერთობისას?

– ზედმეტად ახლოს არ უნდა მოუშვა, რაც უნდა მყარი ჩანდეს თქვენი თანამშრომლობა, არასდროს გადააბარო ბოლომდე სადავეები. დაიტოვე რაღაც სივრცე შენთვის, რომ საქმის შემოტრიალების მომენტებში რეაქციის გაკეთება შეძლო და სადავეები ისევ შენ დაიჭირო.

– ვახ, რა საინტერესოა! ყველაზე მშრომელი გუნდი ხართ გერმანელები და რა უაზრო ბრძოლებში იხარჯება ამდენი რესურსი.

რადგან მიუნხენიდან ვმუშაობ, ამიტომ ტიმს გერმანელებში გავყავარ. ამაზე გულში თვითირონიული ღიმილი მეფინება. ტიმისთვის საერთოდ არ არსებობს წარმომავლობის ფაქტორი. მთავარია, სად ცხოვრობს ადამიანი და რომელ საზოგადოებას მიეკუთვნება. ეთნიკური კუთვნილება მგონი საერთოდ წაიშალა ჩვენს საქმიან სამყაროში. ესეც ლონდონის ერთ – ერთი დიდი დამსახურებაა და მგონია, აქედან ვრცელდება სხვა ქვეყნებზეც. დიდი შანსია ეს ჩვენთვის,  ქართველებისთვის, ვინტეგრირდეთ საქმით ყველა სოციალურ სფეროში ბარიერის გარეშე. ესეც „ისმენდეს ამას სულხან-საბა” ეფექტი ჩემს გულში.

ტიმთან ახლო ურთიერთობა მაქვს და შემიძლია ამაზე თამამად ვისაუბრო.

– გერმანული გუნდი რა?! წარმოშობით გერმანელი ჩვენთან ერთადერთი მატიასია.

– ხოო, მატცე (შემოკლებით) მართლაც კარგი ტიპია, – დასძენს ტიმი.

-კი, ერთადერთი ეგ იდგა ბოლომდე ჩემ გვერდით, არ გადაუხვია მთავარ პუნქტებს და არც ბენის „არტილერიის ცეცხლმა“ დააბნია.

– ესეც გერმანელების სამუშაო კულტურის განუყოფელი თვისებაა – იყო პრინციპების ერთგული და ნაივურობამდე არ გინდოდეს არც ერთ სიტუაციაში მოკლე გზებით სიარული, არავის მოტყუება, ღალატი, სწორხაზოვნად მიჰყვებოდე ერთ ხაზს, რომელიც მშობლებმა გასწავლეს – რომ ეს სწორია, ის კი არასწორი.

რა პერსონაჟია მატიასი?

სასკოლო ავტობუსის კეთილი მძღოლია. ყოველ დილით დაყავს ბავშვები, ყველა მშობელთან ზრდილობიანია, არასდროს აგვიანებს, გაჩერებებიც იუველირის სიზუსტით აწყობილი აქვს დროში.

ყოველთვის სუფთად აცვია. Esprit-ის თეთრ პერანგს, წინა შობაზე დეიდა რენატემ რომ აჩუქა, აგერ უკვე მესამე წელია ყოველ მეორე ხუთშაბათს (ესეც სისტემაში მოყვანილი აქვს) იცვამს.

დიდი ხელფასი არ აქვს, თუმცა ბევრს მოგზაურობს. როგორ ახერხებს, ვერ გეტყვით, მაგრამ მაქსიმუმი გამოჰყავს თავისი შემოსავლიდან, თან ისე, რომ არ იტანჯება.

 

 

– ბედნიერი ადამიანია, მე ვერასოდეს შევძლებდი ამას.

– ვერც მე,- თავს ვუკრავ და ვაგრძელებ. – მატიასი რომ არა, საერთოდ აღარ გვექნებოდა პროექტის გაგრძელების შანსი. მისმა სიმშვიდემ და ტონი კროსივით მყარმა პოზიციამ, ახალი შანსი მისცა ჩვენი უნივერსიტეტის ბრენდინგის პროექტს. ძალიან მადლიერი ვარ მისი.

– არადა პროექტში თითქოს არ ჩანდა არა? – მეკითხება ტიმი.

– არაა, თითქოს არ შემოუტანია დიდი იმპულსები. მაგრამ უხილავ შავ სამუშაოს ისე ასრულებდა, აგერ, საერთოდ ვერ ვამჩნევდით ეს ღრუბლებში მოთამაშე”სოფისთიქეითედ” ხალხი,- თვით ირონიით დავძინე მე (თვითირონია ყოველთვის აკეთილშობილებს ხოლმე დიალოგს).

ამ ლაპარაკ-ლაპარაკში თვითმფრინავი ისე დაჯდა მე და ტიმმა საერთოდ ვერ ვიგრძენით გზა. ძალიან გავერთეთ პერსონაჟების ძერწვაში.

დასხდომის შემდეგ ფაციფუცში თითქოს არაფერი გვითქვამს ერთმანეთისთვის, მაგრამ ორივე ფიქრებით ისევ პერსონაჟებთან ვიყავით.

რაღაც პაუზის შემდეგ ტიმი მეკითხება:

– ნეტავ შენთან, საქართველოშიც, შეიძლება ამ ტიპაჟების პროეცირება? იქაც არსებობს ძია ბენი, ამანდა და მატცე?

– არ ვიცი,- ცივად მხარი ავიჩეჩე მე, არადა ჩავფიქრდი.. ალბათ კი..

 

თქვენ რას ფიქრობთ ჩვენო ძვირფასო მკითხველო? ეგრეა?

 

ერეკლე ინაშვილი – Marketer.ge – ის კონტრიბუტორი

 მიუნხენი, 2019 წლის რომელიღაც ოქტომბერი.

სმარტფონი თუ CameraPhone – Xiaomi-მ 108 მეგაპიქსელიანი ტელეფონი გამოუშვა

Motorola კლასიკური დიზაინის დასაკეც სმარტფონს უშვებს