სულ ცოტა ხნის წინ მარკეტერის მკითხველს ახალი ქართული პროდუქტის, HERIO-ს შესახებ მოვუყევით, რომელიც სახლის მოხმარების დინამიკია და ხანმოკლე დროში მომხმარებლის ინტერესი გამოიწვია. მისი ხმის ინჟინერია ადგილობრივმა გუნდმა შეიმუშავა, ხოლო პროდუქტის პირველი მოდელის, HERIO Block-ის ინდუსტრიულ დიზაინზე Rooms Studio-მ იმუშავა.
ამჯერად გვინდა HERIO-ს ბრენდზე გიამბოთ, რისთვისაც მის შემქმნელს, გერმანიაში მოღვაწე ბრენდის დიზაინერს და პროდუქტის განვითარების სპეციალისტს ერეკლე ინაშვილს ვესაუბრეთ.

M: სახელი ბრენდისთვის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია. როგორ გაჩნდა „ჰერიო” და რას უკავშირდება მისი არსი?
სანამ სახელამდე მივიდოდით, გრძელი გზა გვქონდა გასავლელი. თავდაპირველად, როგორც ყველა პროდუქტის შექმნისას, იყო მხოლოდ ინიციატივა და იდეა, შექმნილიყო ქართული, მაღალი ხარისხის, ბრენდირებული აკუსტიკური bluetooth დინამიკი.
HERIO-ს ინიციატორები, რომლებიც, ამავე დროს, ჩემი მეგობრებიც არიან და ამ საქმეს უდგანან სათავეში, ერთ მშვენიერ დღეს დამიკავშირდნენ და ეს თამამი ინიციატივა გამაცნეს.
ქართული აუდიოდინამიკი, ამაყად რომ იდგეს ჩვენს თაროებზე ვინილებთან ერთად, დახვეწილ ინტერიერებში, გამორჩეული დიზაინით, როგორც ამ ტიპის უკვე დამკვიდრებულ ბრენდებს სჩვევიათ? რატომაც არა! იდეა ძალიან მომწონდა.
აქედან დაიწყო ფიქრი, თუ საერთოდ რა ტიპის ბრენდი უნდა ყოფილიყო და რა სახელი ეტარებინა. რა ვიზუალური ქარიზმა ჰქონოდა, რა სენსორულ ნაწილებში ემუშავა ბრენდს, რომ ქართველი და შემდგომ უკვე საერთაშორისო მომხმარებლის გული მოეგო.
Nameing-ის პროცესში გვქონდა რამდენიმე პრინციპი – უნდა ყოფილიყო ადვილად გამოსათქმელი ინგლისურენოვანი მომხმარებლისთვის, ამავე დროს, ყოფილიყო ქართულ სემანტიკურ ბაზაზე აშენებული და ადვილად დასამახსოვრებელი.
შეიძლება ჩვენს დროში ქართველი მომხმარებელი არ იყოს განებივრებული ქართული ტექნიკის წარმოებით და არ გვქონდეს ბევრი მაგალითი ამ სფეროში. ბრენდის სტრატეგიულ ნაწილში ეს განსაკუთრებული გამოწვევა იყო, რომელიც სწორი პოზიციონირების პირობებში შეიძლებოდა დამატებით სიკეთედ გვექცია. ჩვენც სწორედ ამ გზას დავადექით.
გარდა ქართული შეძახილისა “ჰერი-ჰერი”, რომელიც მოძრაობასთან, მოტივაციასთან და წინსვლასთან ასოცირდება, სიმღერისა და მუსიკალურობის განუყოფელი ნაწილიც არის.
ამას ემატება ინგლისური მომგებიანი გამოთქმა და სიტყვის თამაში: “Hear – Heario” – რომელსაც საერთაშორისო აუდიტორია ყოველგვარი ქართული დატვირთვის გარეშე გამოთქვამს.
ასე და ამგვარად, ქართული პოლიფონიური მუსიკალური კულტურა, რომელიც სავსეა ჩვენი ყოველდღიურობა, არ შეიძლებოდა არ გამხდარიყო ბრენდის ძლიერი საყრდენი. პლუს მიდგომა, რომ რატომაც არა, ქართველებსაც შეგვიძლია ხარისხიანი პროდუქტის კეთება და გვაქვს ამის ამბიცია. HERIO-ს მამოტივირებელ, მამოძრავებელ ქართულ სემანტიკაზე უკვე ზემოთ მოგახსენეთ.


M: როდესაც ბრენდს აყალიბებდით, რა მთავარი იდეა ან ემოცია გინდოდათ, რომ სახელსა და ვიზუალურ იდენტობაში ასახულიყო?
ნებისმიერი პროდუქტის შექმნისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ჩემთვის ბრენდის ფასულობათა სისტემის განსაზღვრაა. მათი პოვნა, წინა პლანზე ამოწევა და მხოლოდ ამის მერე ისეთი ატრიბუტების გამართვა, როგორებიცაა, ლოგოტიპი, ნეიმინგი ან საკომუნიკაციო ვიზუალური ენა.
ჰერიოს შემთხვევაშიც ესე მოხდა. ჩვენ, პირველ რიგში, დამფუძნებლებთან ერთად ბრევრი ვიმსჯელეთ, თუ რა არის ჩვენთვის ჰერიო. სამუშაო შეხვედრებმა დაგვარწმუნა, რომ ყველას ერთი ხედვა გვაერთიანებდა.
ჰერიო ჩვენთვის იყო, პირველ რიგში, მუსიკალური კულტურა და მერე კონკრეტული პროდუქტი. ე.წ. culture club-ის ფენომენი ბრენდინგში. ასეთ შემთხვევებში პროდუქტი იზიდავს აუდიტორიას არა ბანალური პროდუქტის მიყიდვის call to action-ით, არამედ ეპატიჟება საკუთარ პლატფორმაზე, ახვედრებს საინტერესო არტისტებს, მასპინძელია საღამოებზე, მომხმარებლის გზამკვლევია გემოვნებით ნაწილში და აცნობს ახალ მუსიკას, საინტერესო ადამიანებს. ჩვენ ვამბობთ – HERIO არტისტების, დიზაინერების, ხმის ინჟინრების და ენტერპრენიორების შემოქმედების ნაზავია.


M: რა გაითვალისწინეთ ლოგოტიპის შექმნისას და ვინ იმუშავა მასზე?
მინდა აღვნიშნო, რომ ლოგოტიპის უამრავი ვერსია შეიქმნა, როგორც HERIO-ს სახელზე, ისევე მანამდეც, სხვა სახელებზე. სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა დიზაინერი იყო ჩართული და აქვე მადლობა მინდა გადაუხადო მათ გაწეული შრომისთვის და ჩემი პატივისცემა დავუდასტურო.
ლოგოს საბოლოო ვერსია მე და დათი ჩანადირმა შევიმუშავეთ. რაღაც ეტაპზე გადავწყვიტეთ, რომ HERIO-ს ბრენდისთვის ანიმაციური ლოგოს მიდგომა გვეცადა და ასე გამოგვეძერწა ვიზუალური იდენტობა.
კონცეფცია მდგომარეობს სიმარტივეში და იმაში, რომ ჰერიო არის პლატფორმა, სადაც ყველა ჟანრისა და მიმართულების გემოვნებიანი მუსიკა ისმის. პლატფორმა ჩარჩოს სახით, რომელიც იმეორებს კუთხოვანი დინამიკის ფორმას და დემოკრატიულია ნებისმიერი კონტენტისთვის. ივსება დინამიკური ვიზუალებით და ე.წ. კონტეინერის პრინციპით მოქმედებს. მეორე მხრივ, მინიმალისტური თავშეკავებულობით არ ტვირთავს ინდუსტრიული დიზაინს და ჰარმონიაშია მასთან. ის ასევე შეგნებულად ასოცირდება ტექნიკურ ბრენდებთან, მყარი, მდგრადი საკუთარ თავში დარწმუნებული გეომეტრიით.









M: ბრენდის თავდაპირველი ვიზუალური იდენტობიდან დღევანდელ რებრენდინგამდე რა შეიცვალა ყველაზე მნიშვნელოვნად და რატომ გახდა ეს ცვლილებები საჭირო?
ბრენდის შექმნა ძიების პროცესია. არ მახსენდება შემთხვევა, როდესაც ბრენდირების პროცესში ვიზუალური ცვლილებების გზას ადვილად გადიოდეს ესა თუ ის ბრენდი. გამოწვევები სხვადასხვაგვარია. გადამწყვეტი ბრენდის რეალობაში იმპლემენტაციაა, სწორედ ეს არის საპასუხისმგებლო მომენტი, რომ არსებული boost, რომელიც ბრენდმა შექმნის პროცესიდან აიღო, რეალობაში განხორციელდეს და არ იყოს ზედმეტად სწორხაზოვანი, ან მხოლოდ ლოკალურ ტრენდებზე ორიენტირებული.
ბრენდი ცოცხალი ორგანიზმია და მისი ვიზუალური იდენტობაც ადვილად უნდა ერგებოდეს რეალური სამყაროს გამოწვევებს. მჯერა, HERIO შეინარჩუნებს ძირითად ესთეტიკურ ფუნდამენტს და მოქნილი იქნება კომუნიკაციაში მარკეტინგის გუნდისთვის.


M: ბრენდირების პროცესში როგორ მიდგომას იყენებდით – ეს უფრო ევოლუციური განვითარება იყო თუ სრულიად ახალი ვიზუალური ენის შექმნა გიწევდათ?
სამუშაო პროცესში გვქონდა სრულფასოვანი და არანაკლებ საინტერესო სხვადასხვა მიმართულება, რომლებიც ვიზუალურად ძალიან ეფექტურად ვითარდებოდა. თუმცა აქ განმსაზღვრელი ბრენდის სტრატეგიული ნაწილი გახდა, რაც ორიენტირი იყო ნებისმიერი ვიზუალური სისტემებისთვის. საბოლოო ჯამში, HERIO-ს ბრენდის მინიმალისტური გადაწყვეტილება სრულ მოქნილობას გვაძლევს ვმართოთ ბრენდის იდენტობა მარკეტინგული ამოცანების მხარდამხარ და გამოვიყენოთ ის სიკეთეები, რასაც საკომუნიკაციო ენა გვთავაზობს.
M: რა არის პროდუქტისთვის და ბრენდის განვითარების შემდეგი ეტაპი, როგორი იქნება ჰერიო მომავალში?
როგორც ვისაუბრეთ, HERIO-მ განვითარების გრძელი გზა გაიარა. მთავარი გამოწვევა, რომ ასეთი პროდუქტი ტექნიკურად მაღალ დონეზე შემდგარიყო, წარმატებით გაიარა, რაც ყველას ძალიან გავახარებს. ახლა უკვე ბრენდის მხრიდან იმ პოტენციალის გამოყენებაზე დგას საქმე, რაც შეიძლება ასეთ საინტერესო ქართულ პროდუქტს ახლავდეს თან. ჩვენი ქვეყანა ხომ გაჯერებულია მრავალფეროვნებით მუსიკალურ კულტურაში, სავსეა საინტერესო და ახალგაზრდა არტისტებით, მუსიკოსებით. აქ კი HERIO-ს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია გამაერთიანებელი პლატფორმით, როგორც მასპინძელს და progress driver-ს, ერთიანად რამდენიმე სფეროში.
ჩვენ კი მუდამ მისი გულშემატკივრები დავრჩებით, როგორც კიდევ ერთი ქართული მაღალი ხარისხის პროდუქტისა, რომელიც ერთობლივად შეიქმნა საქართველოში და იმედია, სულ მალე მისი არეალი ჩვენი ქვეყნის საზღვრებსაც გასცდება.


Credits:
Brand: Erekle Inashvili
Product Design: Rooms Studio
Logo animation and Design: David Chanadiri













