in

როცა აცნობიერებ, რომ შენი როლი კრიტიკულია, გაჩერება, უბრალოდ, შეუძლებელია – ერეკლე მიქიაშვილი, საქართველოს ბანკის Advanced DevOps ინჟინერი

ტექნოლოგიური პროგრესის ეპოქაში ნებისმიერი წარმატება დამოკიდებულია როგორც ინოვაციურ იდეებსა და პროდუქტებზე, ასევე, იმ ადამიანებზე, რომლებიც ამ იდეებს რეალობად აქცევენ. ასეთ ცვალებად გარემოში პროგრამული უზრუნველყოფა, ინფრასტრუქტურის საიმედოობა, სისტემების უწყვეტი მუშაობა და ავტომატიზაცია ის ფუნდამენტური ელემენტებია, რომლებიც ინოვაციას გამართულ პროცესად აქცევს.

სწორედ ამ ამოცანის შესრულებას ემსახურება საქართველოს ბანკის Advanced DevOps ინჟინრის, ერეკლე მიქიაშვილის საქმიანობა. ერეკლეს თქმით, მუდმივ წინსვლას ის ფაქტორიც განაპირობებს, რომ მისი ყოველდღიური გადაწყვეტილებები თითქმის 2 მილიონი მომხმარებლის გამოცდილებაზე აისახება. ამგვარ მოტივაციაზე, პროფესიულ განვითარებასა და ბანკში DevOps მიმართულების მნიშვნელობაზე ერეკლე მიქიაშვილი ვრცლად გვესაუბრა:

პირველი ნაბიჯები საქართველოს ბანკში

მალე უკვე ორი წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც საქართველოს ბანკის გუნდს შემოვუერთდი და ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო პროფესიული გადაწყვეტილება იყო ჩემს კარიერაში. მოსვლის პირველივე დღიდან თითოეული მომდევნო დღე ჩემთვის პროგრესთან ასოცირდება და ეს არ არის მხოლოდ ჩემი პერსონალური განვითარება — ვთვლი, რომ მე და ჩემი გუნდი  ერთად ვვითარდებით, როგორც DevOps-ის მიმართულებით, ისე სხვა cross-functional გუნდებთან აქტიური თანამშრომლობით. სწორედ ეს უწყვეტი კოლაბორაცია ქმნის იმ გარემოს, რომელშიც განვითარება ყოველდღიური და ბუნებრივი პროცესია.

ადაპტაციის ეტაპი ჩემთვის კარგი და კომფორტული პროცესი იყო იმ გარემოს დამსახურებით, რომელიც გუნდში დამხვდა. თითოეულ ნაბიჯზე ვგრძნობდი მხარდაჭერას და სწორედ ამ მხარდაჭერამ, ცოდნის გაზიარებისთვის მუდმივმა მზაობამ და მეგობრულმა ატმოსფერომ გაამარტივა ჩემი სწრაფი ადაპტაცია და არსებული პროცესების ეფექტურად ათვისება. რაც შეეხება კარიერულ განვითარებას, ჩემთვის განსაკუთრებით ღირებული იყო ის, რომ DevOps-ში არსებული მიდგომები კარგად არის დანერგილი და მორგებულია რეალურ ბიზნეს საჭიროებებს. ამ პროცესებში აქტიური ჩართულობით შევძელი ცოდნისა და გამოცდილების გაღრმავება, რაც დღეს უკვე მაძლევს საშუალებას, ეს ყველაფერი სხვებსაც გავუზიარო, როგორც მოწვეულმა ლექტორმა სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციის აკადემიაში (SCSA) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც DevOps ინჟინერიის მიმართულებით ვკითხულობ ლექციებს.

როგორ იქმნება მომხმარებელთა საჭიროებაზე მორგებული პროდუქტები

ჩემი გუნდის საქმიანობა მოიცავს პროგრამული უზრუნველყოფისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის გამართულ ფუნქციონირებაზე ზრუნვას. პროგრამული უზრუნველყოფის მხრივ ვთანამშრომლობთ დეველოპმენტის გუნდებთან კოდის წერისა და მიწოდების პროცესის გასამარტივებლად. ვზრუნავთ, რომ განახლებები იყოს სწრაფი, უსაფრთხო და ავტომატიზებული, ხოლო ყველა ცვლილებამ გაიაროს შესაბამისი ვალიდაცია და კონტროლი მანამ, სანამ მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახდება.

ინფრასტრუქტურის მიმართულებით ვმართავთ ჰიბრიდულ გარემოს, რომელიც აერთიანებს როგორც Cloud, ისე On-Premise რესურსებს. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სისტემების მაღალ ხელმისაწვდომობას, უსაფრთხოებას, ავტომატიზაციასა და კონფიგურაციის სტანდარტებს. ვმართავთ მოწინავე მონიტორინგისა და ლოგირების სისტემებს, აგრეთვე, ვგეგმავთ და ვაუმჯობესებთ CI/CD პროცესებს, რათა შესაძლებელი გავხადოთ ოპერაციების სწრაფი, სტაბილური და უსაფრთხო შესრულება სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურულ გარემოში.

ჩვენ მუდმივად ვადევნებთ თვალს ტექნოლოგიურ სიახლეებს ინდუსტრიაში და აქტიურად ვეძებთ განვითარების შესაძლებლობებს როგორც ჩვენს აპლიკაციებში, ასევე ინფრასტრუქტურაში. მომხმარებელთა საჭიროებებისა და უკუკავშირის საფუძველზე კი ვთანამშრომლობთ დეველოპმენტსა და ბიზნესის გუნდებთან, რათა მივიღოთ ოპტიმალური გადაწყვეტილებები. ამ პროცესში ავტომატიზაცია, მონიტორინგი და დეტალური ანალიტიკა გვეხმარება, რომ სწორ პრიორიტეტებზე გავამახვილოთ ყურადღება და მომხმარებელს მაღალი ხარისხის პროდუქტი მივაწოდოთ. ბოლოს კი სწრაფი და ხშირი რელიზების საშუალებით ვახორციელებთ ცვლილებებს, რაც საშუალებას გვაძლევს, დროულად მოვერგოთ ბაზრისა და მომხმარებელთა მოთხოვნებს.

გამოწვევები და ახალი შესაძლებლობები

ჩემი მთავარი გამოწვევა არის დეველოპმენტისა და ოპერაციების ინტეგრირებული პროცესების ეფექტური მართვა, რათა სხვადასხვა სერვისმა სწრაფად, უსაფრთხოდ და უწყვეტად იმუშაოს. საჭიროა სისტემების მონიტორინგი, პროცესების ავტომატიზაცია და ინციდენტებზე მინიმალურ დროში რეაგირება, რაც უზრუნველყოფს სერვისების მაღალ ხელმისაწვდომობასა და სტაბილურობას. მნიშვნელოვანია სწორი ტექნიკური გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც სრულად პასუხობენ როგორც ბიზნესის, ისე პროდუქტზე მომუშავე გუნდების მოთხოვნებს. ამისთვის აუცილებელია მჭიდრო კოლაბორაცია სხვადასხვა გუნდთან, პროცესების მუდმივი ოპტიმიზაცია და საუკეთესო პრაქტიკების დაცვა.

საქართველოს ბანკში მუშაობის პროცესიდან ყველაზე მნიშვნელოვანი know-how, რაც შემიძლია გაგიზიაროთ, არის თანაბრად სწორი მიდგომა ტექნიკურ უნარებთან და ადამიანურ ფაქტორებთან, რაც DevOps ინჟინრის როლიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. DevOps ინჟინერს ხშირად უწევს cross-functional გუნდებთან აქტიური ურთიერთობა და კოლაბორაცია, ამიტომ ტექნიკურ უნარებთან ერთად, როგორებიცაა — კონტეინერიზაცია, ორკესტრაცია, ავტომატიზაცია, ინფრასტრუქტურის მართვა და მონიტორინგი, ასევე აუცილებელია ძლიერი კომუნიკაციის უნარები, გუნდური მუშაობის კულტურა და პასუხისმგებლობის გაცნობიერება. ეს ცალსახად ქმნის წარმატებული DevOps ინჟინრის პროფილს, რომელიც ამ სფეროში სტაბილურობისა და უწყვეტი განვითარების გარანტიაა.

ჩემი გუნდის მთავარი ღირებულება არის ურთიერთგაგება და თანადგომა. პრობლემების წინაშე არავინ რჩება მარტო. ყოველთვის მზად ვართ ერთმანეთს ცოდნა გავუზიაროთ, დავაფასოთ ერთმანეთის ნაშრომი და მხარი დავუჭიროთ იდეებს. ეს გუნდური სოლიდარობა და მხარდაჭერა გვაძლიერებს და საერთო მიზნების წარმატებით მიღწევაში ხელს გვიწყობს.

მოტივაცია, რომ არ გაჩერდე

საქართველოს ბანკში მიღებული ყველაზე ღირებული გაკვეთილი იყო შეცდომების ბუნებრივ და განუყოფელ პროცესად აღქმა, რაც ზრდისა და განვითარებისთვის აუცილებელი ეტაპია. შეცდომების თავიდან აცილება მნიშვნელოვანია, თუმცა თუ მაინც დავუშვებთ შეცდომას, სწორი მიდგომა გვეხმარება, ის წარმატებისკენ მიმავალ ნაბიჯად გამოვიყენოთ. შეცდომებისგან მიღებული გამოცდილება მომავალში წარუმატებლობისგან გვიცავს და გვაძლევს საშუალებას, ვიყოთ უფრო გამოცდილები და თავდაჯერებულები. ეს გაკვეთილი ძალიან მეხმარება რთულ სიტუაციებში გონივრულად და მომზადებულად ვიმოქმედო.

ჩემთვის ყველაზე დიდი მოტივაცია არის პასუხისმგებლობა, რომელიც მაქვს როგორც DevOps ინჟინერს ისეთ მოწინავე, ტექნოლოგიურად განვითარებულ და მაღალი სტანდარტების მქონე ორგანიზაციაში, როგორიც არის საქართველოს ბანკი. როცა აცნობიერებ, რომ შენი როლი კრიტიკულია აპლიკაციებისა და სისტემების სტაბილურობის, ხელმისაწვდომობისა და ბიზნეს პროცესების უწყვეტობისთვის, გაჩერება უბრალოდ შეუძლებელია — პირიქით, მუდმივად გსურს განვითარება და გაუმჯობესება. მით უმეტეს, როდესაც ხედავ, თუ როგორი პირდაპირი გავლენა აქვს შენს ყოველდღიურ სამუშაოს და გადაწყვეტილებებს რეალურ სერვისებსა და თითქმის 2 მილიონი მომხმარებლის გამოცდილებაზე, ეს გიბიძგებს ყოველთვის წინსვლაზე იფიქრო და არასოდეს „არ გაჩერდე”.

[პარტნიორის კონტენტი]

Google-ის ანგარიშის აღდგენას მალე თქვენი მეგობრების დახმარებით შეძლებთ

„ვოლვო ქარ საქართველომ“ Terminal Towers-ში ინოვაციური ბრენდული სივრცე შექმნა