in

“შენ ხარ ვენახი”, “დროის მანქანა” და “უსასრულობა” — ერეკლე წულაძის გამოფენა CROSTY CONCEPT STORE-ში

გამოფენა დღეს, 21 იანვარს 20:00 სთ-ზე იხსნება


ქართველი მოქანდაკის, ერეკლე წულაძის პერსონალურ გამოფენას “ფორმულა” CROSTY CONCEPT STORE საგამოფენო სივრცე მასპინძლობს. გამოფენა დღეს, 21 იანვარს 20:00 სთ-ზე იხსნება და აქ ხელოვანის სამი ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი — თითოეულ მათგანს თავისუფლებისა და დროის სვლის გარდაუვალობის იდეა აერთიანებს, რითაც ექსპოზიცია სწორედ CROSTY-ის ეხმიანება…

გამოფენის კონცეფციასა და იდეაზე კი უფრო ვრცლად თავად ერეკლე გვესაუბრება.

M: ერეკლე, რომელი სამი ნამუშევარია გამოფენაზე წარმოდგენილი და როგორია მათი სიმბოლურ-იდეური დატვირთვა?

პირველ ნაწარმოებზე საუბრით დავიწყებ — “შენ ხარ ვენახი”. რეალურად, ეს ჩვენი ეთნოკულტურის გამოძახილია, რომელიც სადღაც ჩემს წარმომავლობას უსვამს ხაზს, მთელი თავისი 3 000 წლიანი ისტორიული კულტურით. ოღონდ, ეს ნამუშევარი თანამედროვე, დღევანდელი ფორმაციითაა წარმოდგენილი. უშუალოდ სიმბოლური ობიექტი ყურძნის მტევანი გახლავთ, რომელიც იდეურად ღვინის კულტურას, საგალობლებს და ხუროთმოძღვრებას უკავშირდება.

მეორე ობიექტია “დროის მანქანა”. ამ ნამუშევარს აბსოლუტურად თავისუფალი იდეური სარჩული აქვს. ეს გახლავთ მექანიზმი ობიექტი, რომელიც გონებაში ერთი სივრციდან მეორე სივრცეში გადააქვს აზრები. ყოველ ჩვენგანს აქვს პერსონალური გალაქტიკა, ე. წ. “ცნობიერების გალაქტიკა” — გონებაში უკიდეგანო სივრცეა. აზრები, იდეები და ენერგეტიკა სწორედ აქაა გაბნეული და რაღაცის მეშვეობით ვაერთებთ. მე კი ალეგორიულად შევქმენი რაღაც ფორმა, რომელმაც ეს ფუნქცია იკისრა.

მესამე ობიექტი “უსასრულობა” სამყაროს უსასრულობას და უკიდეგანობას ეხმიანება. ჩემი გადმოსახედიდან, განვითარების იდეაც ასეთივე უსასრულოა და მხოლოდ და მხოლოდ ერთი გზა არსებობს, რომელიც ერთი მიმართულებით — წინ, მომავალში მიდის. ძალიანაც რომ გვინდოდეს, სხვა გზა არ არსებობს.

M: ნამუშევრის შექმნისას თუ ფიქრობთ იმაზე, რას დაინახავს მნახველი მასში? 

ყველაფერს იმისთვის ვქმნი, რომ საკუთარ თავს ჩავხედო თვალებში და საკუთარი თავი დავინახო. აი, მაგალითად თქვენ, როცა ჩემ სკულპტურებს ნახავთ, იქვე საკუთარ თავსაც დაინახავთ და ვიდრე ჩემზე იტყვით რამეს, თქვენ თავზეც მოგიწევთ რამის თქმა, რადგან ამ ნამუშევრებში აირეკლებით. ეს არის ჩემი იდეა. არავინ ვარსებობთ ერთმანეთის გარეშე. ასე გაითვალისწინა სამყაროს მოუწესრიგებელმა გონიერებამ — ყველანი ერთად ვარსებობთ.

M: როგორ დაიბადა ამ ერთიანი კომპოზიციის იდეა? რაიმე წინაპირობა ჰქონდა თუ მუშაობის პროცესში გამოიკვეთა ძირითადი ასპექტები?

იცით, როცა მეკითხებიან, რამდენი წლის ვარ, ყოველთვის ასე ვპასუხობ: იმდენის, რამდენისაც ჩვენი სამყარო. დიდი აფეთქებიდან მოყოლებული ვარსებობთ და შესაბამისად, ეს იდეებიც ჩემს ქვეცნობიერს სადღაც ჰქონდა შემონახული. უბრალოდ, შესაძლოა, მე ვერ ვაცნობიერებდი ამას, ვიდრე ერთხელაც სახელს დავარქმევდი, გნებავთ შეგრძნების ან განცდის დონეზე.

მართლაც, ერეკლე წულაძე ენერგეტიკას, კონცეპტუალურ ანალიზს, რომელიც აბსტრაქტული და დემატერიალიზებულია, გარკვეულ ფორმას აძლევს და ასე ხდის მას სხვებისათვის ხელშესახებს.

M: უახლოეს მომავალში თუ გეგმავთ ახალი გამოფენის მოწყობას? და ზოგადად, როგორია თქვენი დამოკიდებულება ხელოვნების ნიმუშებისადმი — რა არის მათში მთავარი?

ერთ თვეში კიდევ ერთი პერსონალური გამოფენა მოეწყობა, სადაც ნიკელირებული სურათები იქნება წარმოდგენილი — მათ შორის, ალეგორია, როგორც სიყვარულის კარიბჭე და სამყაროს ერთი დღე. ამასთან, ეს ნიკელის სურათები ანათებს.

ჩემი მთავარი კონცეფცია და ჩანაფიქრი ინტერაქციაა. დღევანდელ ადამიანს ისეთი შემოქმედებითი პროდუქტი სჭირდება, რომელსაც მეტად გამოიყენებს და მეტად მიუახლოვდება. მაგალითად, ახლა ერთ პროექტზე ვმუშაობ: წარმოიდგინეთ 1-მეტრიანი მარწყვი, რომელიც ჩვეულებრივ სკვერშია განთავსებული და ზამთარში თეთრია, გაზაფხულზე მწვანდება და შემდეგ მწიფდება. ანუ, ოთხივე სეზონზე შესაფერის მდგომარეობას იფერებს… და ამის პარალელურად, წარმოიდგინეთ ბავშვები, რომლებიც სეზონების ცვლილებასთან ერთად ელოდებიან სკულპტურის გადასხვაფერებას.

M: რატომ ანიჭებთ უპირატესობას ამ დინამიკურობასა და მექანიზაციას? ეს თანამედროვე ხელოვნების საჭიროებებმა მოიტანა თუ სუბიექტურად აკავშირებთ რაღაც სხვა მიმდინარე პროცესებთან?

რა გვჭირდება დღეს? ყველანი ტელეფონებში ვიყურებით და ხალხს სახე მოეღრიცა, შიგნით ცხოვრობენ და ვეღარ გამოდიან იქიდან. თითქოს დავახლოვდით, საკონტაქტო საშუალებების გაზრდის ფონზე, მაგრამ, რეალურად, კიდევ ერთი სამყარო დავამატეთ ჩვენს არსებობაში… ორ სამყაროში ვცხოვრობთ და მეტად დავშორდით ერთმანეთს. მე კი მსურს, ჩემი იარაღი შევქმნა ამასთან შესაბრძოლებლად. მოკლედ, მთავარი სიყვარული და ადამიანური ურთიერთობებია!

საგულისხმოა, რომ CROSTY-ის ინიციატივის ფარგლებში, ხელი შეუწყოს თანამედროვე ხელოვნების განვითარებას საქართველოში, საგამოფენო სივრცე დაეთმობა როგორც დამწყებ, ისე კარგად ნაცნობ ხელოვანებს.

ავტორი: ქეთია ბელქანია


მზეზე ორი ამოფრქვევა მოხდა!

Pepsi-მ სუპერთასის რეკლამაში ჰიპ-ჰოპის ვარსკვლავებს მოუყარა თავი