in

როგორ ზრუნავს ეროვნული ბანკი კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლებაზე?

შეიტანე წვლილი. #იყავი კიბერფრთხილი

ციფრული ტრანსფორმაციის ეპოქაში მნიშვნელოვნად გაიზარდა კიბერუსაფრთხოების საჭიროება. დღეისათვის კიბერთაღლითობის არაერთი შემთხვევა არსებობს, რის გამოც ჩვენი პირადი თუ საფინანსო ინფორმაცია “გამუდმებით” საფრთხის ქვეშ არის. მაგალითად, შესაძლოა, ერთმა ერთი შეხედვით უვნებელმა ბმულმა ჩვენი საბანკო ანგარიში სრულად დაცალოს…

ცხადია, მსგავსმა შემთხვევებმა განაპირობა თავდაცვის მექანიზმების შემუშავების აუცილებლობაც, რათა მომხმარებლებმა თავიდან აიცილონ ფინანსური დანაკარგები თუ პირადი ინფორმაციის სხვადასხვა ქსელში გავრცელება. მიუხედავად მსგავსი ფაქტებისა, სამწუხაროდ, საზოგადოება ნაკლებ ინფორმირებულია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაიცვას თავი, როგორ უნდა გაარჩიოს მავნე ბმული ლეგიტიმურისაგან და ა. შ.

სწორედ საჭიროებიდან და აუცილებლობიდან გამომდინარეობს ის ფაქტი, რომ მთელი მსოფლიო ოქტომბერში კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების თვეს აღნიშნავს. წლევანდელი სლოგანია – შეიტანე წვლილი. #იყავი კიბერფრთხილი. თავის მხრივ, ყოველწლიური ტრადიცია კიბერუსაფრთხოების სფეროში რისკების შემცირებასა და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

საგულისხმოა, რომ საფინანსო სფეროში ინფორმაციული უსაფრთხოებისადმი ცნობიერების ამაღლება საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამიტომაც, უკვე მიმდინარე წლიდან კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების თვის აღნიშვნას საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებთან ერთად უერთდება.

M: უფრო დეტალურად, რას ემსახურება კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების თვე?

ნინო სიმონიშვილი, ეროვნული ბანკის კიბერუსაფრთხოების განყოფილების უფროსი: იქიდან გამომდინარე, რომ კიბერთავდასხმების შემთხვევები ძალიან ხშირია, ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რეალურად რა საფრთხის წინაშე იმყოფება. ეს საფრთხე მოიცავს ისეთ საკითხებს როგორიცაა: რა არის ფიშინგი, რა ინფორმაციის მოპარვა შეიძლება მომხმარებლისგან, როგორი თაღლითური სქემებით მოქმედებენ კიბერთავდამსხმელები, რომელი ინფორმაციის გაზიარება არ შეიძლება, რატომ უნდა ცვალონ ხშირად პაროლები, რატომ არ უნდა გამოიყენონ ერთი და იგივე პაროლი სოციალურ ქსელსა და ბანკში და . .

სწორედ ამ მიზნით შეიქმნა კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების თვის ტრადიცია. მასში ჩართულები არიან სხვადასხვა ორგანიზაციები და მთელი თვის განმავლობაში აქტიურად ხდება რჩევების მიცემა, ტარდება ვებინარები. ასევე, ვზრუნავთ იმაზე, რომ უფრო მეტ ადამიანს მოვუწოდოთ კიბერუსაფრთხოების მიმართულებით სწავლის გაგრძელებისკენ. ასეთი მასშტაბური მნიშვნელობიდან გამომდინარე, ეს პროექტი თითოეულ მოქალაქეს ეხება. ყველას, ვისაც აქვს ბანკის ანგარიში, ტელეფონი, სოციალური ქსელი და ა.შ.

M: როდის გაჩნდა ეროვნულ ბანკში კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების თვეში ჩართულობის ინიციატივა?

ჯერ კიდევ გაზაფხულზე ეროვნულმა ბანკმა პოსტერებისა და ესეების ორი საინტერესო კონკურსი წამოიწყო. ორივე მათგანი  ფიშინგს ეხებოდა – როგორც იცით, ფიშინგიც კიბერთაღლითობის ერთ-ერთი ქვეთავია. კონკურსის ფარგლებში, ამ თემატიკასთან დაკავშირებით უნდა შექმნილიყო პოსტერები და ესეები , რომლებიც მომხმარებლებს უსაფრთხოებისა და პირადი მონაცემების დაცვისკენ მოუწოდებდა. სწორედ აქედან წამოვიდა კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების თვეში ჩართვის ინიციატივაც და იქიდანვე დავიწყეთ მზადება, რათა ოქტომბრის თვე მხოლოდ ამ თემატიკისთვის დაგვეთმო.

გამარჯვებული პოსტერი გაზაფხულის კონკურსიდან

უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ჩვენს მომხმარებლებს ყოველთვის ვაფრთხილებთ კიბერთაღლითობების შესახებ. მაგალითად, თუ რაიმე თაღლითური შემთხვევა ფიქსირდება, ვცდილობთ, სოციალური ქსელის მეშვეობით ვამცნოთ ამის შესახებ საზოგადოებას და ეფექტურად გავავრცელოთ ინფორმაცია. ამასთან ერთად ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პორტალზე ფინედუზე (www.finedu.gov.ge) მუდმივად ქვეყნდება საგანმანათლებლო და საინფორმაციო მასალები კიბერუსაფრთხოების თემაზე.

M: საინტერესოა, ძირითადად ვინ არის კიბერთავდამსხმელების მსხვერპლი?

ამ დრომდე ინფორმაციული უსაფრთხოების საჭიროებას ძირითადად ორგანიზაციების ჭრილში განიხილავდნენ, როგორც კიბერ-რისკებისგან თავის დაცვის მექანიზმს. თუმცა ბოლო პერიოდში კიბერთაღლითობის მსხვერპლი მოქალაქეები ხდებიან – ხშირია ფიშინგი, კომპიუტერულ მონაცემებზე წვდომა და ა. შ.. რადგანაც კომპანიებში უფრო ადრეულ ეტაპზე იზრუნეს თავდაცვის მექანიზმების შემუშავებაზე, აიყვანეს შესაბამისი თანამშრომლები და გამუდმებით დებენ ინვესტიციებს ისეთ სისტემებში, რომლებიც მათ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, კიბერთავდამსხმელებისთვის უფრო მოწყვლად სამიზნეს ადამიანები წარმოადგენენ.

M: კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების თვეში ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია როგორც ეროვნული, ისე თანამონაწილე ბანკებისთვის. სამომავლოდ რა არის თქვენი მიზანი?

პირველ რიგში, რადგანაც ერთხელ უკვე ჩავერთეთ კამპანიაში, ჩვენი მიზანია, ეს ყოველწლიურ ტრადიციად ვაქციოთ. წელს, ეროვნული ბანკის ინიციატივით, ჩვენთან ერთად, ფინანსური სექტორიც ჩაერთო, ამიტომაც გვსურს, მეტად გავზარდოთ თანამონაწილეები… ასევე, გვინდა, სხვა სექტორის წარმომადგენლებისთვისაც ერთგვარი მაგალითი ვიყოთ, რათა ამ ინიციატივაში მიიღონ მონაწილეობა. ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ კიბერუსაფრთხოება მას არ ეხება. რეალურად, ეს ძალიან მცდარი მოსაზრებაა – საფრთხის ქვეშ ნებისმიერი პირია. ამიტომაც, უსაფრთხოების მექანიზმებზე ზრუნვა ყველასათვის თანაბრად მნიშვნელოვანი უნდა იყოს.

საგულისხმოა, რომ პროექტის ფარგლებში გამოცხადდა კიბერუსაფრთხოების თემაზე შექმნილი პოსტერებისა და სლოგანების კონკურსი საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს საბანკო ასოციაციაციის და ექვსი კომერციული ბანკის – თიბისი ბანკის, საქართველოს ბანკის, ვითიბი ბანკი ჯორჯიას, ლიბერთი ბანკის, ბაზისბანკისა და პაშა ბანკი საქართველოს ჩართულობითა და მხარდაჭერით.

ეროვნული ბანკი, კიბერცნობიერების ამაღლების თვესთან დაკავშირებულ აქტივობებს ფინანსური განათლების პორტალ ფინედუსა (www.finedu.gov.ge) და კომერციულ სექტორთან ერთად მთელი თვის განმავლობაში განახორციელებს.

სიცოცხლის დაზღვევა „უპირობო სიყვარულის“ ფორმაა – თიბისი დაზღვევის ახალი პროდუქტი და მისი საკომუნიკაციო კამპანია

Buick – ამერიკული ავტომობილის უძველესი მარკა