თბილისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობა – ეროვნული ბოტანიკური ბაღი გარდა იმისა, რომ თვალის დასატკბობად შესაფერისი ადგილია, ამავდროულად, სულ უფრო ხშირად ხდება მრავალი ღონისძიების მასპინძელიც. 2015 წლიდან მისი მართვა თამაზ დარჩიძემ ჩაიბარა და დაიწყო ისეთი რეფორმების განხორციელება, როგორიცაა: ბაღის სრული რებრენდინგი, მცენარეთა კოლქეციების მართვის ახალი სტანდარტების დანერგვა, სტრატეგიული განვითარების გეგმის მომზადება და მრავალი სამეცნიერო, საზოგადოებრივი თუ ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება. აღსანიშნავია ისიც, რომ მანამდე, 2012-2015 წლებში, თამაზ დარჩიძე ბათუმის ბოტანიკურ ბაღს ხელმძღვანელობდა.
Marketer.ge მას საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში 2018 წლის მნიშვნელოვანი პროექტების შესაჯამებლად და 2019 წლის გეგმების გასაცნობად დაუკავშირდა:
M: როგორი იყო საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღისთვის 2018 წელი?
გასული წელი დატვირთული იყო სიახლეებით, ახალი მიღწევებითა და განსაკუთრებული შედეგებით. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში მიმდინარეობს რეფორმირების პროცესი. მსოფლიოს წამყვანი ბოტანიკური ბაღების, როგორიცაა კიუს სამეფო ბოტანიკური ბაღი, ჩიკაგოსა და მისურის ბოტანიკური ბაღები და ბოტანიკური ბაღების კონსერვაციის საერთაშორისო საბჭოს (BGCI) უშუალო მონაწილეობით ორგანიზაციის ისტორიაში პირველად მომზადდა სტრატეგიული განვითარების გეგმა. 2018 წელს შევუდექით ამ გეგმით გათვალისწინებული მიზნების შესრულებას. საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი სწრაფად და დინამიურად ვითარდება. ჩვენი მიზანია, ვაქციოთ იგი ძლიერ და სანდო სამეცნიერო რესურსად მცენარეთა მრავალფეროვნების კვლევისა და კონსერვაციის მიმართულებით, გავხადოთ საინტერესო, მიმზიდველი და ინფორმაციულად დატვირთული ბაღი ჩვენი მოქალაქეებისათვის, ახალგაზრდებისთვისა და სტუმრებისათვის. ამ მიზნების მისაღწევად, ბაღში მიმდინარეობს მცენარეთა კოლექციების განახლება, ახალი დეკორატიული უბნების მოწყობა, ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, ტარდება მრავალფეროვანი საზოგადოებრივი ღონისძიებები და ეკოსაგანმანათლებლო აქტივობები.
M: განსაკუთრებით რას გამოყოფდით 2018 წლის მიღწევებიდან?
2018 წლის მიღწევებიდან გამოვყოფთ ბონსაის კოლექციის შექმნას, რომელიც ამჟამად მოიცავს 14 სახეობის შესანიშნავ ეგზემპლარს, სულ მალე გვექნება ბონსაის სადემონსტრაციო კუთხეც, სადაც დამთვალიერებელი შეძლებს კოლექციის მონახულებას, გარდა ამისა, ბოტანიკური კოლექციები შეივსო რამდენიმე ახალი სახეობით, ბაღში დაირგო 600-ზე მეტი მერქნიანი და 50 ათასზე მეტი ბალახოვანი მცენარე. რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ბოტანიკური ბაღის საპარკე სივრცეს, სადაც მოეწყო დეკორატიული თარგები და დაირგო ბაღის კოლექციისათვის ახალი სახეობის ბალახოვანი მცენარეები. აღსანიშნავია, რომ დაიწყო იასამნების საკოლექციო ნაკვეთის რეაბილიტაცია, სადაც დამთვალიერებელთა მიღებას რამდენიმე თვეში შევძლებთ.
მნიშვნელოვანი შედეგები გვაქვს ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მიმართულებითაც. თბილისის მერიისა და ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით მოწესრიგდა ცენტრალური პარკის მთავარი მარშრუტი (გზა, სანიაღვრეები და ა.შ), გამოიცვალა ასფალტის საფარი გზების რამდენიმე დაზიანებულ უბანზე. გარდა ამისა მდ. წავკისისწყლის ხეობაში ბაღს გადმოეცა დამატებით 15 ჰა. ტერიტორია, სადაც ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით მიმდინარეობს სათავგადასავლო მარშრუტის მოწყობის სამუშაოები, პროექტის განხორციელება ბაღს ახალ შესაძლებლობებს მისცემს.
ბაღის ძირითად ტერიტორიაზე მდინარის ხეობის გასწვრივ განახლდა დამცავი სასიმაგრო კედელი და მოეწყო დეკორატიული მოაჯირები. მოგვარდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა – ბაღის ცენტრალური ტერიტორიის 3 უბანზე მოეწყო სველი წერტილები, მათგან ორი ადაპტირებულია შშმ-პირთათვის, ეს თითქოს არ არის აღნიშვნის ღირსი, მაგრამ ვიზიტორთა რაოდენობის ზრდასთან ერთად ეს საკითხი მეტად აქტუალურია. სასიამოვნო სიახლეა ისიც, რომ წლის ბოლოს ბოტანიკურმა ბაღმა შეიძინა ელექტრომობილები, რომელთა მეშვეობით ჩვენს სტუმრებს შევთავაზებთ კომფორტულ და საინტერესო შემეცნებით ტურებს ბაღის სხვადასხვა მარშრუტზე.
M: ამ სიახლეების შედეგად, როგორი იყო 2018 წელი ვიზიტორების კუთხით, რა ტენდენცია დაფიქსირდა?
ფაქტია, რომ ბოტანიკური ბაღისადმი ინტერესი იზრდება, გასულ წელს ვუმასპინძლეთ რეკორდული რაოდენობის დამთვალიერებელს. 2018 წელს საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი 300 ათასზე მეტმა ადამიანმა მოინახულა. ვიზიტორთა რაოდენობის ზრდას ხელი შეუწყო არამარტო ბაღის ცნობადობის გაზრდამ და ინფრასტრუქტურის ეტაპობრივმა მოწესრიგებამ, არამედ იმ საზოგადოებრივმა ღონისძიებებმაც, რომლებსაც ბაღის ტერიტორიაზე უკანასკნელი წლების განმავლობაში ხშირად ვმართავთ. გასულ წელს ბაღში ჩატარებულ მწვანე გამოფენას „Green Expo’18“, ყვავილების გამოფენას, პურის, თაფლისა და შოკოლადის ფესტივალებს ჯამში 25 ათასზე მეტი სტუმარი ეწვია. ამ ფესტივალებისა და გამოფენების მიზანია ბოტანიკური ბაღისა და ბოტანიკური ცოდნის პოპულარიზაცია, მცენარეთა მრავალფეროვნების შესახებ მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება, ბაღის ვიზიტორთა რაოდენობის გაზრდა და, ბუნებრივია, დამატებითი შემოსავლის მიღება. გასული წელი ამ თვალსაზრისითაც იყო წარმატებული. დამთავლიერებელთა რაოდენობის ზრდის, საექსპერტო და საკონსულტაციო საქმიანობის, სხვადასხვა სერვისისა და პროდუქტის გაყიდვების გაზრდის შედეგად, ბაღის საკუთარმა შემოსავალმა 1 მილიონ ლარს გადააჭარბა. ეს მაჩვენებელი თითქმის 4-ჯერ აღემატება 2015 წლის შედეგს.
M: რომ შევაჯამოთ 2018 წელი, მაინც რა მიგაჩნიათ ბოტანიკური ბაღისათვის გასული წლის მთავარ მიღწევად?
2018 წლის მთავარ მიღწევად მიმაჩნია ბოტანიკური ბაღის ლანდშაფტის მოწყობისა და განვითარების გენერალურ გეგმაზე მუშაობის დაწყება. აღნიშნული გეგმის მომზადების თაობაზე ხელშეკრულება გაფორმდა ცნობილ ბრიტანულ კომპანია „კრის ბლენფორდის ასოციაციასთან“ (CBA), ეს არის საერთაშორისოდ აღიარებული გუნდი ლანდშაფტის არქიტექტურის, ასევე ბაღების, პარკების დაგეგმარებისა და ისტორიული ლანდშაფტების მენეჯმენტის გეგმების შემუშავებისა და კონსერვაციის მიმართულებით. მათი გამოცდილება მოიცავს ისეთ საიტებს როგორიცაა KEW-სამეფო ბოტანიკური ბაღის (ლონდონი) მასტერპლანი, სთოუნჰენჯის რეკონსტრუქცია და კონსერვაციის პროექტი და ყველზე ძველი (პირველი) პადუას ბოტანიკური ბაღის მასტერპლანი. CBA-სთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზეც უნდა განხორციელდეს საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ხელახალი კვლევა და ძეგლის საპასპორტო მონაცემების განახლება. ამ სამუშაოს ძირითადად შეასრულებს გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი. მომზადდება საერთო ხედვები ბოტანიკური ბაღის ინფრასტრუქტურის, საკოლექციო ნაკვეთებისა და ცალკეული უბნების რეკონსტრუქციის თაობაზე. ეს იქნება კონცეპტუალური გეგმა, თუ რა უნდა მოეწყოს, რა სახით უნდა მოეწყოს და როგორ უნდა მოეწყოს ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე მომავალი ათი წლის განმავლობაში ორგანიზაციის საჭიროებებისა და განვითარების გათვალისწინებით.
M: რა იგეგმება ბოტანიკურ ბაღში 2019 წელს?
2019 წელს უნდა დასრულდეს ლანდშაფტის მოწყობის გენერალური გეგმის მომზადება, მას უნდა მოჰყვეს ბოტანიკურ ბაღში მეცნიერული კვლევისა და მარკეტინგის სტრატეგიების დამუშავება, რათა ბაღის განვითარება გახდეს მდგრადი, დინამიური და შეუქცევადი. გვაქვს მცენარეთა კოლექციების განახლების გეგმებიც, ძირითადად ეს უნდა შეეხოს ფიტოგეოგრაფიული პრინციპით გაშენებულ ბოტანიკურ კოლექციებს, სადაც სახეობრივი მრავალფეროვნების ყველაზე დიდი დეფიციტი გვაქვს. განახლდება ვარდების კოლექცია და მოეწყობა ახალი საკოლექციო ნაკვეთი, ჩატარდება ცენტრალურ პარკში არსებულ წიწვოვან მცენარეთა ნაკვეთისა და მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქცია, რაც განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო დაიწყება ბაღის ახალი ლაბორატორიული და ადმინისტრაციული კორპუსის მშენებლობა, რამაც სატრანსპორტო საშუალებებისაგან უნდა გაათავისუფლოს ცენტრალური ტურისტული მარშრუტი და შექმნას საუკეთესო პირობები სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისათვის. გარდა ამისა, დასრულდება ბოტანიკური ბაღის მცენარეთა კოლექციების სრული ეტიკეტირება, რათა დამთვალიერებელმა მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია ბოტანიკურ ბაღში არსებული მცენარეების შესახებ. ბაღში კვლავ ჩატარდება საინტერესო და მრავალფეროვანი ფესტივალები და გამოფენები მათ შორის უკვე ტრადიცად ქცეული – „Green Expo” და ყვავილების ფესტივალი, გვექნება საინტერესო ეკოსაგანმანათლებლო აქტივობები ახალგარდებისათვის კონკურსების, სასწავლო-შემეცნებითი ტურების, სტაჟირების პროგრამებისა და სტიპენდიების სახით.
M: რამდენადაც ცნობილია, 2019 წელს ბოტანიკური ბაღი პირველ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას უწევს ორგანიზებას, რომელიც მაისის თვეში თბილისში ჩატარდება, მოკლედ რომ გვითხრათ აღნიშნული კონფერენციის შესახებ…
მაისში საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით ჩატარდება პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია საქართველოს მცენარეთა მრავალფეროვნების კვლევისა და კონსერვაციის საკითხებზე (www.conference.nbgg.ge). მისი მიზანია, ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ერთად შევაჯამოთ 2011-2019 წლების საქართველოში მცენარეთა კონსერვაციის შედეგები და მოვამზადოთ ხედვები 2021-2030 წლებში საქართველოს მცენარეთა მრავალფეროვნების კონსერვაციის ეროვნული სტრატეგიის შექმნის მიმართულებით. ამჟამად ბოტანიკური ბაღის ეროვნულ თესლის ბანკში დაცულია საქართველოს ფლორის 42%, მოწყობილია იშვიათი და მოწყვლადი მცენარეების საკონსერვაციო ნაკვეთები. სამომავლოდ დაგეგმილი გვაქვს საქართველოს ფლორის რიგი სახეობების გლობალური წითელი ნუსხის (IUCN) კრიტერიუმებით შეფასება და რამდენიმე მათგანის ბუნებაში დაბრუნების – რეინტროდუქციის ღონისძიებები. ვფიქრობ, რომ 2019 წელი იქნება გამორჩეული ახალი მიღწევებით და საინტერესო სიახლეებით. იმედი მაქვს, ბოტანიკური ბაღისადმი ინტერესი უფრო და უფრო გაიზრდება, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ვუმასპინძლოთ დამთვალიერებლებს, დავახვედროთ მათ საინტერესო და სასიამოვნო გარემო იმისათვის, რომ ეს იყოს ბაღი მათი საუკეთესო მოგონებებისათვის.