ეროვნული ლიგის ფენტეზის – სათამაშო პლატფორმის ახალმა სეზონმა სტარტი 26 თებერვალს აიღო და დღეისათვის უკვე ფეხბურთის 700-ზე მეტი გულშემატკივარია დარეგისტრირებული, რომლებიც 2 მარტიდან, ეროვნული ლიგის ჩემპიონატებისთვის დააკომპლექტებენ საკუთარ გუნდებს და შეეჯიბრებიან ერთმანეთს. გარდა ამისა, ამ სეზონზე, გულშემატკივრებს შეუძლიათ, ახალი თამაშში, „ჩემი პროგნოზი“ ჩაერთონ, სადაც საშუალება ექნებათ, ყოველი ტურის წინ, თავიანთი პროგნოზები გააკეთონ და სავარაუდო ანგარიშები დააფიქსირონ. უფრო კონკრეტულად, რას წარმოადგენს ეროვნული ლიგის ფენტეზი, როგორია თამაშის პროცესი რას ემსახურება პროექტი და რა არის გულშემატკივრების მოტივაცია, რომ ითამაშონ, მარკეტერის შეკითხვებს ეროვნული ლიგის ფენტეზის კონტენტ მენეჯერმა, დიმა ნებიერიძემ უპასუხა:
M: რა არის ეროვნული ლიგის ფენტეზი?
ეროვნული ლიგის ფენტეზი არის სათამაშო პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს. თამაშში ჩართვის შემდეგ გულშემატკივარი ხდება მენეჯერი, რომელიც მილიონი ლარის ბიუჯეტით იწყებს გუნდის დაკომპლექტებას, ირჩევს სასურველ ფეხბურთელებს პოზიციების მიხედვით, ტაქტიკურ განლაგებას, კაპიტანს, მთავარ და სათადარიგო შემადგენლობებს, შემდეგ კი თამაშებისა და ფეხბურთელების შედეგებიდან გამომდინარე, აგროვებს ქულებს, რომელიც სხვადასხვა ლიგაში ქულებით აისახება.M: როგორია თამაშის პროცესი?
თამაშის პროცესი საკმაოდ საინტერესო და აზარტულია, გულშემატკივარი საკუთარი ინტუიციის, საფეხბურთო ცოდნისა და ინტელექტის გამოვლინებას თამაშის საშუალებით ახდენს. ყველა ფეხბურთელს კონკრეტული ღირებულება აქვს, ამიტომ სასურველი შემადგენლობის კომპლექტაცია, ბიუჯეტის ზუსტად განსაზღვრა და სწორი სტრატეგიით თამაშის წარმართვა, სათამაშო პროცესს უფრო საინტერესოს ხდის.
M: რა არის პროექტის მიზანი?
თამაშის მთავარი მიზანი ქართული ფეხბურთის პოპულარიზება და ფეხბურთელების ცნობადობის გაზრდაა. პროექტის ყველაზე საინტერესო ასპექტი კი სტადიონზე წასვლის მოტივაციის ამაღლებაში მდგომარეობს. ეროვნული ლიგის ფენტეზის წინა სეზონზე, სასურველი შემადგენლობის დაკომპლექტების შემდეგ, მოთამაშეები რჩეულების საგულშემატკივროდ მოედნებზე დადიოდნენ და უშუალოდ, ტრიბუნიდან ადევნებდნენ თვალს მათ ყველა აქტივობას – საგოლე გადაცემას, გოლის გატანასა თუ კარის მშრალად შენახვას, რადგან ყველა ეს კომპონენტი თამაშში უფრო მეტი ქულის დაგროვების წინაპირობაა.
M: რა არის თამაშის მოტივაცია გულშემატკივრებისთვის?
გულშემატკივრების მოტივაცია, გარდა იმისა, რომ უკეთ გაიცნონ ფეხბურთელები და გამოსცადონ თავი გუნდების დაკომპლექტებაში, არის ჯილდო, რასაც ფეხბურთის ეროვნული ფედერაცია სთავაზობს ეროვნული ლიგის ფენტეზის მონაწილეებს. მაგალითად, პირველი სეზონის ტრიუმფატორები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 2017 წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ: გამარჯვებული გიორგი არჩვაძე გახდა და მას, პრიზის სახით, 3000 ლარი გადაეცა, მეორეადგილოსან გაგი კირთაძეს – 2000, ხოლო მესამე ადგილის მფლობელ შალვა ჯანაშვილს – ფეხბურთის ფედერაციისგან 1000 ლარი ხვდა წილად (აღნიშნულ მოთამაშეს პრიზი ფეხბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა, რომელიც თავადვე იყო ჩართული თამაშში, საკუთარი სურვილით, დაუთმო).ეროვნული ლიგის ფენტეზი, ფეხბურთის ფედერაციის თაოსნობით, 1 წლის წინ დაიწყო. სადებიუტო სეზონი სატესტო რეჟიმში მიმდინარეობდა, მოთამაშეების რაოდენობა კი ტურიდან ტურამდე იმატებდა. საბოლოოდ, საიტზე, დაახლოებით, 4 000 ადამიანი დარეგისტრირდა და ჩაერთო თამაშში. პროექტის მეორე სეზონი ჯერ 1 დღეა, რაც ჩაეშვა და დიმა ნებიერიძის თქმით, აქტიურობა მაღალია.