ამბავი ასეთია — ავსტრიული ბრენდი Jacques Lemans და საქართველოს ეროვნული ნაკრები გაერთიანდნენ, რათა ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრებისთვის საათების ლიმიტირებული კოლექცია შეეთავაზებინათ. შედეგად, საათის ოთხ განსხვავებულ მოდელს „მე ვარ საქართველოს“ სახელითა და ეროვნული ნაკრების სიმბოლიკით გვაცნობენ. სად შევძლებთ შეძენას, რა ეღირება და სხვა დეტალებს ქვემოთ გაგაცნობთ, მანამდე კი დაგვაინტერესა, როგორ მოექცა საქართველოს ეროვნული ნაკრები Jacques Lemans-ის ყურადღების ცენტრში, ბრენდის, რომელიც F1-თან, UEFA-სთან, Borussia Dortmund-თან და სხვა წამყვან ორგანიზაციებსა თუ გუნდებთან თანამშრომლობს…
ამის გასაგებად მარკეტერი ქეთევან მათიაშვილს, Jacques Lemans-ის საერთაშორისო მარკეტინგისა და კომუნიკაციების მენეჯერს გაესაუბრა:
M: გაგვიზიარეთ, როგორ გაჩნდა კოლაბორაციის იდეა და რატომ გადაწყვიტა ჟაკ ლემანსმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან თანამშრომლობა?
მას შემდეგ, რაც ავსტრიაში Jacques Lemans-ში მუშაობა დავიწყე, ჩემთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ისეთი პროექტის განხორციელებას, რომელიც ჩემს ქვეყანასთან, საქართველოსთან იქნებოდა დაკავშირებული. როგორც ქართველს, რომელიც საერთაშორისო კომპანიაში მუშაობს, მინდოდა, ჩემი გამოცდილებითა და შესაძლებლობებით რაღაც ღირებული მომეტანა სამშობლოსთვის — სწორედ ასე გაჩნდა გასულ წელს კოლაბორაციის იდეა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩვენი ქვეყნის სიმბოლოა და ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ბრენდი, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და მათში სიამაყესაც იწვევს. სწორედ ამიტომ მჯეროდა, რომ ეს პარტნიორობა იქნებოდა იდეალური გზავნილი. პროექტზე მუშაობა დაახლოებით 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ პროცესში ჩვენმა გუნდმა უდიდესი ნდობა და მხარდაჭერა მიიღო საქართველოს ეროვნული ნაკრებისგან. ეს ნდობა ჩემთვის ორმაგად საპასუხისმგებლო იყო, რადგან მინდოდა, არამხოლოდ ბრენდის, არამედ ჩემი ქვეყნის ინტერესებიც ღირსეულად წარმომეჩინა.
M: კოლაბორაციის ფარგლებში ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის საათები შექმენით, დეტალურად გვიამბეთ დამზადების პროცესისა და საათის დიზაინის შესახებ…
კოლაბორაციის ფარგლებში 4 განსხვავებული საათის მოდელი შევთავაზეთ გულშემატკივრებს, რომლებიც განკუთვნილია როგორც მამაკაცებისთვის, ასევე ქალებისთვის. ჩვენი მთავარი მიზანი იყო, შეგვექმნა საათები, რომლებიც სპორტული და ფუნქციური იქნებოდა და, ამავდროულად, განსაკუთრებულ სიმბოლურ დატვირთვას ატარებდა საქართველოს ეროვნული ნაკრების გულშემატკივრებისთვის.
მას შემდეგ, რაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან შეთანხმება შედგა მოდელების კონცეფციაზე, ჩვენი ძირითადი გამოწვევა იყო ნაკრების ბრენდირებული ელემენტების საათებზე და შეფუთვაზე ისეთი ფორმით განთავსება, რომ ყველაფერი ჰარმონიულად შერწყმულიყო Jacques Lemans-ის ბრენდისა და ეროვნული ნაკრების ბრენდის ღირებულებებთან თუ გაიდლაინებთან.
დიზაინზე უშუალოდ Jacques Lemans-ის დიზაინერების პროფესიონალმა გუნდმა იმუშავა, თუმცა პროცესში ფედერაციის წარმომადგენლებთან მჭიდრო თანამშრომლობამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. თითოეული დეტალი, ფერები და სიმბოლოები შეთანხმებული იყო, რათა სრულყოფილ შედეგამდე მივსულიყავით. მრავალი ნიმუშის განხილვის შემდეგ, საბოლოოდ შევარჩიეთ საუკეთესო ვარიანტები, რომლებიც ოთხი მოდელის სახით დღეს უკვე ხელმისაწვდომია გულშემატკივრებისთვის.
M: სად შევძლებთ ეროვნული ნაკრებისა და ჟაკ ლემანსის კოლაბორაციის ფარგლებში შექმნილი საათების შეძენას?
ფეხბურთის გულშემატკივრებს საათების შეძენა საქართველოს ეროვნული ნაკრების ოფიციალურ ვებგვერდზე ონლაინ შეუძლიათ, ასევე, მალე ისინი ხელმისაწვდომი იქნება ნაკრების ფანშოპშიც. ფასი 249 ლარიდან იწყება, საათები მხოლოდ საქართველოში გაიყიდება და კოლექცია ლიმიტირებულია.
M: რას ნიშნავს და რამდენად ხშირია Jacques Lemans-ისთვის მსგავსი თანამშრომლობები?
დღესდღეობით Jacques Lemans მომხმარებლებს დაახლოებით 800-მდე განსხვავებული დიზაინის საათს სთავაზობს. თუმცა, ბრენდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ბრენდირებული საათების შექმნა და კოლაბორაციებია მსოფლიოში ცნობილ კომპანიებთან და ორგანიზაციებთან.
ამგვარად, Jacques Lemans-ის ისტორია აერთიანებს ისეთ მნიშვნელოვან თანამშრომლობებს, როგორებიცაა F1-ის ოფიციალური საათების ბრენდი, UEFA-ს ოფიციალური მერჩენდაიზერი საათების ბრენდის სტატუსი და გასულ წელს გაფორმებული შეთანხმება გერმანიის ერთ-ერთ ყველაზე დიდ კლუბ Borussia Dortmund-თან (BVB), რომლის ოფიციალური საათის პარტნიორები გავხდით. ასევე, ვთანამშრომლობთ ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა Austrian National Football Team, FC Bayern München, Basketball Euroleague, Red Bull, Mazda, Suzuki, Hyundai და მრავალი სხვა.
საქართველოს ბაზარზე კი ეს Jacques Lemans-ის პირველი კოლაბორაციაა — პირადად ჩემთვის და ჟაკ ლემანსის ბრენდისთვისაც ეს თანამშრომლობა უნიკალური და განსაკუთრებული იყო, რადგან არამხოლოდ კომპანიის გლობალურ წარმატებას, არამედ საქართველოს ნიშანდობლივ კულტურასა და სპორტსაც იზიარებს.
M: სამომავლოდ, გეგმავთ თუ არა კიდევ რაიმე სიახლის შეთავაზებას ქართველი გულშემატკივრისთვის?
ვფიქრობ, პირველი თანამშრომლობა უკვე საკმაოდ წარმატებული გამოდგა და მნიშვნელოვანი საფუძველი ჩაუყარა ქართულ და ავსტრიულ ბრენდებს შორის მეგობრობასა და პარტნიორობას. რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, მომავალში უფრო მეტი და საინტერესო პროექტები თუ პროდუქტები შევთავაზოთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს და მის ერთგულ გულშემატკივრებს. ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის და ჩვენი მიზანია, ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაძლიეროთ, ერთად შევქმნათ ისეთი ინიციატივები, რომლებიც გულშემატკივრების სიყვარულს კიდევ უფრო გააძლიერებს.
სამომავლოდ, გვჯერა, რომ მსგავსი პროექტები კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას შექმნის როგორც ჩვენი ბრენდისთვის, ისე საქართველოსა და მისი სპორტული წარმატების მხარდასაჭერად.
ავტორი: მაკუნა ჯუღელი