რაგბი ჩვენს თამაშად რომ „მოვნათლეთ“, ეს უკვე ყველამ კარგად ვიცით და თითო ლელოს დადებას საკუთარ წარმატებადაც მივიჩნევთ. ახლა კი ქართული რაგბის ისტორიაში მორიგი მნიშვნელოვანი ეტაპის ჯერი დადგა, ვინაიდან მსოფლიო ჩემპიონატზე გაუმჯობესებული ძალებით, ახალი მიზნებითა და სრული ერთიანობით ვბრუნდებით.
სწორედ ამ უკანასკნელს, ე. წ. ყველაზე მნიშვნელოვანსა და განსაკუთრებულს, „ერთიანობის კომპონენტს“ ეფუძნება თიბისის უახლესი ვიდეორგოლი, რომელზეც თიბისიმ სააგენტო Playmakers-თან ერთად იმუშავა. თუმცა ვიდრე ამ ახალ ვიდეოზე დავიწყებთ საუბარს, წარსული საფუძვლებიც უნდა გავიხსენოთ… წინა მსოფლიო ჩემპიონატების შემთხვევაში მთელი ნარატივი იმის ხაზგასმისკენ იყო მიმართული, თუ რამდენად სასიხარულოა ამ საერთაშორისო ასპარეზზე ყოფნა — შესაბამისად, 2019 წლის კამპანიის სახელი იყო: „შევერკინოთ მსოფლიოს“. ახლა კი ტრადიციული შერკინებიდან მთელი აქცენტი გამარჯვებაზე გადმოვიდა.
„ჩვენი გრძელვადიანი სტრატეგიაა, მსოფლიო ჩემპიონები გავხდეთ და ეტაპობრივად მივიდეთ ამ რეალობამდე. ზოგადად, კამპანიის შემუშავებისას, ერთი მხრივ, ვეყრდნობოდით წარსულ გამოცდილებას, მეორე მხრივ კი, ამჟამინდელ მიზნებს. რაც შეეხება უშუალოდ ვიდეორგოლის სიუჟეტს, პირველ რიგში, გუნდურობის იდეაზე ვფოკუსირდით — თავად თამაშის წესებიც კი არეგულირებს იმას, რომ მოთამაშეები არა თუ ინდივიდუალურად, არამედ ერთად მოქმედებდნენ. სწორედ ეს გუნდურობა გავშალეთ ერთიანობაზე და ხაზი გავუსვით, რომ ერთიანობა გულშემატკივრებსაც ეხებათ“, — გვიყვება კოკა ქამუშაძე, სააგენტო Playmakers-ის მმართველი პარტნიორი.
ასე შეიქმნა ვიდეორგოლი, რომლის სიუჟეტიც სრულიად უცნობი ადამიანების ერთიანობას, რაგბისთვის დამახასიათებელ მოძრაობებსა და რაგბის არაოფიციალურ ჰიმნად აღიარებულ მუსიკას მოიცავს. მაგალითად, ვიდეოში უცხო ადამიანები უკავშირდებიან ერთმანეთს, რაც სიმბოლურად იმაზე მიანიშნებს, რომ როდესაც მსოფლიო ჩემპიონატი იწყება, არ აქვს მნიშვნელობა, გესმის თუ არ გესმის კონკრეტული სპორტის წესები — ავტომატურად საკუთარი ქვეყნის ნაკრებს გულშემატკივრობ.
გარდა ვიდეორგოლისა, საინტერესოა კამპანიის ვიზუალური სტილიც, რომელზეც Playmakers-ის დიზაინერმა, მარიამ საშამ იმუშავა. როგორც თავად აღნიშნავს, ამ შემთხვევაშიც სწორედ ქორეოგრაფიული ელემენტის ინტეგრირება მოხდა — ამ სიმბოლოს რაგბის ბურთის ფორმა აქვს, ასოები კი, ადამიანების მსგავსად, ერთად არიან ჩაბმულნი, როგორც მაგალითად ხორუმის ცეკვის დროს. „გვინდოდა, ერთიანობის ელემენტი მაქსიმალურად გამოგვეყენებინა — ასოები ისე ყოფილიყო გადაჯაჭვული, რომ ერთი სიმბოლოს ამოგდებითაც კი მთელი სტრუქტურა დარღვეულიყო. ამავდროულად, ქართულ ხასიათთან ერთად მოვარგეთ მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალურ სტილისტიკას“.
აღსანიშნავია, რომ უკვე წლებია, თიბისი და საქართველოს რაგბის კავშირი პარტნიორების როლს ითავსებენ, რის ფარგლებშიც არაერთი საინტერესო კამპანია ვიხილეთ. „თიბისისა და რაგბის პარტნიორობა საერთო ფასეულობებს ეფუძნება: გუნდური მუშაობა, მიზნისკენ ერთობლივი სწრაფვა, ბოლომდე ბრძოლა და ა. შ. ზოგადად, დატვირთვას იძენს გუნდურ სპორტებში მიღწეული წარმატება. ვფიქრობთ, ნაკრებების და ცალკეული გუნდების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. თან ეს არის სპორტი, რომელიც საქართველოს შესაძლებლობას აძლევს, მოწინავე პოზიციები დაიკავოს — ძალიან ახლოს ვართ ამასთან, რადგან მსოფლიო ჩემპიონატის სტაბილურ მოთამაშეებად ჩამოვყალიბდით“, — აღნიშნავს საშა მაყაშვილი, თიბისის სტრატეგიული პროექტების ხელმძღვანელი.
ასევე, როგორც საშა განმარტავს, თიბისისა და რაგბის კავშირის პარტნიორობა მხოლოდ ფინანსურ მხარდაჭერას არ გულისხმობს. სანაცვლოდ, პირველივე დღეებიდან აქტიურად დაიწყო თიბისიმ აღნიშნულ სპორტთან მიმართებით ცნობიერების ამაღლება, პოპულარობის გაზრდა და სტადიონის მაყურებლებით შევსებაზე ზრუნვა. თავის მხრივ, ამას მოჰყვება მარკეტინგული კამპანიები, რაც ასევე წარმატებით და კრეატიულად სრულდება უკვე დიდი ხანია. „ინტერესის მთავარი გენერატორი რაგბის ქართველი ვარსკვლავები და მათი საერთო წარმატებაა. ამის გარდა მნიშვნელოვანია მარკეტინგული კომუნიკაციები, რომლებიც ამბის თხრობის თანამედროვე, საინტერესო ფორმებს ეფუძნება. შეიძლება, ძალიან კარგი პროდუქტი გქონდეს, მაგრამ ადამიანებამდე მიტანას ცალკე ხელოვნება სჭირდება… ამიტომაც, ყოველთვის ვცდილობთ, რაღაც ახალი გავაკეთოთ. ეს ბოლო ვიდეორგოლიც ამ მიზნის გამოძახილია — არ გვსურდა სტანდარტული ნარატივის გატარება. ვფიქრობთ, ამ კრეატიულობას შესაბამისი უკუკავშირიც მოსდევს საზოგადოების მხრიდან“, — ამბობს საშა მაყაშვილი.
ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, საქართველოს ნაკრებს ვუგულშემატკივროთ და გვახსოვდეს, რომ #ერთადგავიმარჯვებთ !
[R]