in

„ერთი კადრის ამბავი“ – ფოტოგრაფების თვალითა და გულით დანახული „მთიელი წიგნების“ ამბავი

„ბევრს ემახსოვრება ბავშვობისდროინდელი განცდა – ვიღაც რომ რაღაცას დაგპირდება და ელოდები. მერე დრო გადის, დაპირება ტყუილი გგონია, გავიწყდება კიდეც და მხოლოდ იმედგაცრუება გრჩება. რაღაც დროის შემდეგ კი ხედავ, რომ არავის მოუტყუებიხარ. ნამდვილი სიხარულია. ნდობა. უამრავი რამ. ამ წიგნების ამბავიც ხომ ასეა?“ – ლელი ბლაგონრავოვა, ფოტოგრაფი.

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ლიბერთისა და „მთიელი წიგნების“ თანამშრომლობის  საიმიჯო ვიდეორგოლი გავრცელდა. „ერთი კადრის ამბავი“ რამდენიმე წუთში ჩატეული ემოციური თხრობაა, რომლის მთავარი გმირები სანატრელი წიგნებით გახარებული ბავშვები არიან, ხოლო მთხრობელები – ჩვენი ქვეყნის წამყვანი ფოტოგრაფები.

ლიბერთი მეოთხე წელია „მთიელი წიგნების“ სტრატეგიული პარტნიორია. პროექტის ავტორთან, გიორგი კივილაძესთან ერთად, ახლა უკვე ბანკის კორპორაციული პასუხისმგებლობა და მიზანიცაა, რომ ჩვენი ქვეყნის არცერთ მაღალმთიან სოფელში არცერთი ბავშვი არ დარჩეს წიგნის გარეშე.

„ეს თავგადასავალი დაიწყო ერთი წიგნით, რომელიც ლაშქრობის დროს სოფლის შარაზე შემხვედრ პირველსავე ბავშვს ვაჩუქე. გზადაგზა სხვა ბავშვებიც შემომხვდნენ, მაგრამ მათთვის წიგნები აღარ მქონდა და გული ძალიან დამწყდა. თბილისში დაბრუნებულმა მეგობრებს ჩემი განზრახვა გავუზიარე, იდეა ყველამ მომიწონა, ამიტომ სწრაფად დავფაცურდით, ჩვენი წითელი ყველგანმავალი ავტომობილი წიგნებით გავავსეთ და პირველად სვანეთისკენ გავეშურეთ. ასე დაუგეგმავად გადაიქცა მეგობრების ჯგუფი ორგანიზაციად, რომელმაც მიზნად დაისახა საქართველოს მაღალმთიანი რეგიონებისა და ყველაზე მიუვალი სოფლების შემოვლა, რათა არცერთი ბავშვი არ დარჩეს წიგნის კითხვის სიხარულის გარეშე. ლიბერთი უკვე მეოთხე წელია ჩვენიანია, მასთან ერთად გაკეთებული საქმე კი –  ქვეყნისთვის უაღრესად საჭირო და მნიშვნელოვანი“, გიორგი კივილაძე, „მთიელი წიგნების“ დამფუძნებელი.

ამ თანამშრომლობის ფარგლებში მთაში მცხოვრებმა 2100-მა ბავშვმა მიიღო საჩუქრად 7500 წიგნი; 50 სკოლის ბიბლიოთეკა შეივსო 2150 ახალი გამოცემით; 1100 წიგნი კი საჩუქრად გადაეცა ბავშვებს, რომლებიც გზაში შემთხვევით ხვდებოდნენ პროექტის ორგანიზატორებს.

თუმცა „მთიელი წიგნები“ ალბათ ყველაზე ნაკლებად სწორედ ციფრებია. პირველ რიგში, ესაა ზრუნვა და სიხარულის გაზიარება.

მთიელი წიგნებიპირადად ჩემთვის, სამსახურისა და მოგზაურობის უნიკალური სინთეზია, სადაც უსაშველოდ ვიღლებით, თუმცა, იმავდროულად, ვივსებით ყველაზე ძლიერი ემოციებით. გარდა იმისა, რომ მართლა ძალიან სასიამოვნოა, როცა სხვა ადამიანის სიხარულის თანამონაწილე ხდები, ამასთან ერთად, უფრო ახლოს ეცნობი შენს ქვეყანას, შენს თანამემამულეებს და მათთან რაღაც განსაკუთრებულ ერთობას გრძნობ. ასეთი შეგრძნებები ეუფლება პროექტის ყველა წევრს და დარწმუნებული ვიყავი, არც ფოტოგრაფები იქნებოდნენ გამონაკლისი. ასეც მოხდა. ვიდეოში ფოტოგრაფების უნიკალურ კადრებთან ერთად ნახავთ, როგორი ემოციით იხსენებენ ისინი ამ მოგზაურობებს და როგორ შეცვალა „მთიელმა წიგნებმა“ მათი ცხოვრებაც“, ნინი ბუკია, პროექტის მენეჯერი, ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების მენეჯერი.

„ჩვენ არ ვიყენებთ ფოსტას ან სხვა საშუალებას ამ წიგნების გასაგზავნად და არც ჩვენ მიერ არჩეულ წიგნებს ვაგზავნით. წინასწარ ვარკვევთ, რა უნდა თითოეულ ბავშვს და თვითონ ჩავდივართ სოფლებში. ზუსტად ეს შეხვედრები და ბავშვებთან ურთიერთობაა ყველაზე მთავარი და დაუვიწყარი“, ტაპი ზაქარიაძე, ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.

მიზეზი, რის გამოც გადაწყდა, რომ პირველ საიმიჯო ვიდეოში „მთიელი წიგნების“ თავგადასავალი სწორედ ფოტოგრაფებს მოეთხროთ, ესეც იყო. ისინი ყველა დიდ ექსპედიციაში (ასე ეძახიან სოფლებში სტუმრობას პროექტის წევრები) დაჰყვებოდნენ „მთიელ წიგნებს“ და მათ ასობით კადრს უკვე შემონახული ჰქონდა ეს განუმეორებელი მომენტები.

 
„მანამდე გვქონდა უფრო რეპორტაჟული ვიდეოები. ამჯერად შევეცადეთ, რომ სხვა ადამიანების თვალით დაგვენახებინა საზოგადოებისთვის ეს პროექტი და მისი მნიშვნელობა.

ჩვენ, პროექტის მონაწილეები, დავდივართ მაღალმთიან სოფლებში, ვხვდებით ამ ბავშვებს, ვიზიარებთ მათ სიხარულს. მაგრამ, სხვა ადამიანებს არ აქვთ ეს შესაძლებლობა; მხოლოდ მოყოლით და ციფრებით კი შეუძლებელია ამ ემოციების სრულად გადმოცემა.

ზუსტად ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ თითოეულ ექსპედიციაში მოგვეწვია ერთი ფოტოგრაფი, რომელიც ამ პროცესის თანამონაწილე გახდებოდა და რომელიც ერთი კადრის ამბავს მოგვიყვებოდა. ფოტოგრაფები ხომ ისინი არიან, ვისაც შეუძლიათ წამების, ემოციების, დროის გაჩერება. ამ გაჩერებული კადრებიდან უამრავი რამის გაგება შეიძლება – ვინ არიან ადრესატები, როგორია მათი ყოველდღიურობა, როგორია გარემო კონკრეტულად იმ წამს. ამგვარი კომუნიკაციით ვეცადეთ, რომ ადამიანებამდე მოგვეტანა პროექტის ისტორია და მთელი ის ემოცია, რაც მას ახლავს თან“, ტაპი ზაქარიაძე, ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.

„ერთი კადრის ამბავი“ ჩვენი ქვეყნის ხუთმა გამორჩეულმა ფოტოგრაფმა შექმნა. „მთიელი წიგნების“ ექსპედიციას კამერით ნათელა გრიგალაშვილი, ლელი ბლაგონრავოვა, დინა ოგანოვა, ქეთი გულისაშვილი და ანა ჭუმბურიძე შუერთდნენ. როგორც ისინი ვიდეოშიც აღნიშნავენ, მათთვის ეს პროექტი პროფესიულთან ერთად, დიდ ცხოვრებისეულ გამოცდილებადაც იქცა.

„ამ ფოტოგრაფებს ძალიან საინტერესო ხელწერა აქვთ – ესაა რეპორტაჟული და მხატვრული ფოტოგრაფიის სინთეზი. ჩვენ გვინდოდა, რომ ერთი კადრის ამბავი მოეთხროთ ფოტოგრაფებს, ვისთვისაც ეს პროექტი იქნებოდა შინაარსობრივადაც საინტერესო, რომლებიც არ იქნებოდნენ მხოლოდ დამკვირვებლის როლში და გახდებოდნენ მონაწილეები. რადგან, სწორედ მონაწილეობა და ჩართულობა განაპირობებს ამ პროექტში იმას, რომ მთლიანად შეიგრძნო მისი არსი და შინაარსი“, ტაპი ზაქარიაძე, ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.

ვიდეორგოლთან ერთად გაკეთდა ონლაინ ფოტოკატალოგიც, რომელიც დამოუკიდებლად ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარია, რადგან აქ თავი მოიყარა ქვეყნის წამყვანი ფოტოგრაფების არაჩვეულებრივმა ნამუშევრებმა.

„როცა ფოტოგრაფების გადაღებული მასალა ვნახეთ, მივხვდით, რომ ეს კადრებიც უკვე თავისთავად ღირებულია. ისინი სცდება „მთიელი წიგნების“ პროექტს, რადგან თითოეული ფოტოს უკან შეგიძლიათ ამოიკითხოთ დრო, ადგილი, ამბავი. ყველამ კარგად ვიცით, რა მნიშვნელოვანია კონკრეტული ეპოქებისთვის კონკრეტული ადამიანების მიერ გადაღებული წამები, რომელიც ძალიან ბევრ საინტერესო ნიუანსს ინახავს. ამიტომ, ვიფიქრეთ, რომ დღეს ამ ფოტოების თავმოყრა და საზოგადოებისთვის გაზიარება, ხვალ ძალიან ღირებული გახდებოდა როგორც ჩვენი ფოტოისტორიისთვის, ასევე მომავალი თაობებისთვისაც“,ტაპი ზაქარიაძე, ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.

„ერთი კადრის ამბავი“ ონლაინკატალოგი

სამომავლოდ, ლიბერთი და „მთიელი წიგნები“ პროექტში სხვა ფოტოგრაფების ჩართვასაც გეგმავენ. იგეგმება ასევე სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან თანამშრომლობაც, რომლის შესახებაც დეტალებს მალე გავიგებთ.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მეტი ადამიანი ჩაერთოს ამ პროექტში, რათა უფრო მეტი წიგნი ვაჩუქოთ ბავშვებს. ამიტომ მომავალშიც შევეცდებით, რომ სხვადასხვა საკომუნიკაციო არხითა თუ განსხვავებული ამბებით მოვუყვეთ ადამიანებს, რა არის „მთიელი წიგნები“ და რით განსხვავდება ის სხვა პროექტებისგან; როგორ უხარიათ ბავშვებს წიგნების მიღება, როგორი შედეგები აქვს პროექტს და რა მნიშვნელობა აქვს მას განათლებისა და უბრალოდ, ბავშვების უკეთესად ყოფნისთვის“, – ტაპი ზაქარიაძე, ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.

კრედიტები:

პროექტი: „ერთი კადრის ამბავი“
ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი: ტაპი ზაქარიაძე
პროექტის მენეჯერი: ნინი ბუკია
მარკეტინგის დირექტორი: თამარ მეგრელიშვილი
კრეატიული გუნდი: სონიკი, ნინო ბიწაძე
პროდიუსერი: ნინი ბუკია
ოპერატორი & რეჟისორი: ლევან ლუკა ნაკაშიძე
მხატვრები: ნიკოლოზ გურასპაშვილი, თორნიკე კირთაძე
შუქი: ბექა დვალიშვილი, რომეო დვალიშვილი
კამერის ასისტენტი: რუბენ პატარიძე
საუნდი: ბაჩო გვეტაძე
მუსიკა: გიორგი კობერიძე
გრაფიკა: გიორგი გრძელიშვილი
თმა & გრიმი: ეკა ჩანჩიბაძე
განსაკუთრებული მადლობა: ფოტოგრაფებს:  ნათელა გრიგალაშვილს, ლელი ბლაგონრავოვას, დინა ოგანოვას, ქეთი გულისაშვილს, ანა ჭუმბურიძეს. პროექტის ავტორებს: გიორგი კივილაძეს, ნათია დარჩიას, ლევან ვარამაშვილს.

[პარტნიორის კონტენტი]

East Duo – მუსიკალური ჯგუფი, რომელიც არასდროს ჩერდება და ქართულ ხმას მსოფლიოს აცნობს

Xiaomi ჰუმანოიდ რობოტებს ელექტრომობილების ქარხანაში ამუშავებს