Berkshire Hathaway-ის მართვისას უორენ ბაფეტი ყოველთვის ქმედუნარიან და საიმედო მენეჯერებს ეყრდნობოდა. 1989 წელს კომპანიის აქციონერებისათვის განკუთვნილ ყოველწლიურ წერილში ინვესტორმა ყურადღება გაამახვილა ღირებულ პირად წესზე, რომელსაც იგი საკუთარ წარმატებას მიაწერს. ბაფეტმა თქვა: „რამდენიმე შეცდომის დაშვების შემდეგ, ვისწავლე ბიზნესში შესვლა მხოლოდ იმ ადამიანებთან, რომლებიც მომწონს და ვენდობი. ჩვენ არასდროს გამოგვსვლია კარგი გარიგების ცუდ ადამიანთან დადება“.
უორენ ბაფეტი წლების განმავლობაში გვაძლევდა უამრავ მინიშნებას იმის შესახებ, თუ როგორ მენეჯერებს მიიჩნევს იგი „ცუდად“. ლეგენდარული ინვესტორის აზრით, ცუდი მენეჯერია ის, რომელიც კეთილსინდისიერებით არ ხელმძღვანელობს.
კეთილსინდისიერება ბაფეტის ბიზნეს პრაქტიკის აუცილებელი ასპექტია, ამიტომ ინვესტორი პირობას დებს, რომ დაასაქმებს მხოლოდ მათ, ვინც ამ თვისებას ფლობს. აი რა თქვა მან:
„კადრების ძებნისას ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ სამ თვისებაზე: კეთილსინდისიერება, ენერგია ან ინიციატივა და ინტელექტი. თუ მათ არ ექნებათ პირველი, დანარჩენი ორი გაგანადგურებთ, რადგან თუ სამსახურში არაკეთილსინდისიერ ადამიანს აიყვანთ, სჯობს, იგი ზარმაცი და სულელი იყოს“.
ლიდერები შეიძლება წააწყდნენ ეგოისტ მენეჯერებს, რომლებიც, პირადი სარგებლისთვის, სხვებით მანიპულირებენ ნაცვლად იმისა, რომ გუნდური მოთამაშეები იყვნენ და ორგანიზაციის მისიას ემსახურონ. ლიდერებსა და აღმასრულებლებს არ უნდა გამოეპაროთ ასეთი ქცევები და ხელი უნდა შეუწყონ ისეთი ორგანიზაციული კულტურის დამკვიდრებას, რომელიც შრომისმოყვარეობასა და პატიოსნებას აფასებს.
ბაფეტის აქცენტი კეთილსინდისიერებაზე მხოლოდ მორალური პოზიცია არ არის. ამ თვისებას გააჩნია ფართო გავლენა გადაწყვეტილების მიღებასა და გრძელვადიან წარმატებაზე. ინვესტორს სჯერა, რომ როდესაც კომპანიის ლიდერები და თანამშრომლები კეთილსინდისიერად მუშაობენ, ისინი ორგანიზაციისთვის უფრო სასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებენ.