9
Sep
2019

„გალერია თბილისი“, მომხმარებელთან ერთად, მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს განათლების მიღებაში ეხმარება

9 Sep 2019

სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისში“ საქველმოქმედო კამპანია „ერთი მე, ერთი შენ“ დაიწყო. ორგანიზატორების თქმით, ასე სურთ, მომხმარებლებთან ერთად, განათლების მიღებაში დაეხმარონ მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება. აქტივობები სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება.

ქეთა ახობაძე („გალერია თბილისის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი): კამპანიის ფარგლებში, ჩვენს სავაჭრო ცენტრში განთავსდა სტენდი, სადაც ძალიან ლამაზი სასკოლო ატრიბუტიკა იყიდება. შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება ბავშვთა სახლებისთვის კომპიუტერების, წიგნებისა და სასკოლო ინვენტარის შეძენას. საწყის ეტაპზე, დავამზადეთ 20 000 ლარის ღირებულების ნივთები. თუ მოთხოვნა იქნება, რაოდენობასაც გავზრდით. შეგვეძლო, თანხა მთლიანად გადაგვერიცხა ბავშვთა სახლებისთვის, თუმცა, გადავწყვიტეთ, ჩვენს მომხმარებლებს მივცეთ საშუალება თავისთვის შეიძინონ ძალიან ლამაზი ატრიბუტიკა და თან ქველმოქმედების მონაწილეები გახდნენ. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ნივთი ზუსტად იმ ფასად იყიდება, რაც დაჯდა მისი დამზადება. სტენდზე წარმოდგენილია ზურგჩანთები, გადასაკიდი ჩანთები, პენლები, რვეულები, ბლოკნოტები, ფანქრები, თერმოსები და სხვა. aღსანიშნავია, რომ, იქიდან გამომდინარე, რომ გარკვეული მომხმარებლებისთვის ყიდვისას, შესაძლოა, დამაბრკოლებელი ბარიერი ყოფილიყო, ატრიბუტების ნაწილზე (მაგალითად, ჩანთებზე, ზურგჩანთებსა და პენლებზე) არ გამოგვიყენებია ლოგო.

რაც შეეხება კამპანიის მეორე აქტივობას . . .

ქ.ა. : ეს არის სურვილების ყუთი, რომელიც უჯრებადაა დანაწევრებული. უჯრებზე მიწებებულია მზრუნველობა მოკლებული ბავშვების სურვილები, სავაჭრო ცენტრის სტუმრებს საშუალება აქვთ, თითოეული ბავშვის სურვილი მთლიანად, ან ნაწილობრივ აასრულონ. აქტივობაში ჩართულები არიან საქართველოს SOS ბავშვთა სოფლის და „კარიტასის“ მცირე საოჯახო ტიპის სახლებისა, ასევე მიუსაფარ ბავშვთა ცენტრების ბენეფიციარები. საჩუქრებს ვდებთ ქაღალდის ჩანთებში, რომელსაც ვაწერთ იმ მომხმარებლის სახელს, ვინც უგზავნის საჩუქარს – თითოეული ნივთი ჩვენი მომხმარებლის სახელით მიდის ბავშვებთან. აქამდე, როგორც წესი, მიუსაფარ ბავშვებს ვუგზავნიდით უკვე გამოყენებულ ნივთებს, გვინდა, მათთვის ახალი ნივთების ჩუქების ერთგვარი ტრადიცია დავამკვიდროთ. აბსოლუტურად სხვა სიხარულია ბავშვებისთვის, როდესაც ახალ, პრიალა ნივთებს იღებენ. საჩუქრების შეძენა შესაძლებელია როგორც „გალერია თბილისში“, ისე ნებისმიერ სხვა ადგილას, მთავარია ნივთები იყოს ახალი. სულ რამდენიმე დღეა, რაც კამპანია დაიწყო და უკვე ძალიან ბევრი ადამიანი ჩაერთო ჩვენს წამოწყებაში, რაც ძალიან გვახარებს.

რა არის კამპანიის „ერთი მე, ერთი შენ“ მიზანი?

ქ.ა. : გადავწყვიტეთ, ჩვენს მომხმარებლებთან ერთად, განათლების მიღებაში დავეხმაროთ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. ვფიქრობთ, განათლება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მომავალ თაობას მივცეთ. იქიდან გამომდინარე, რომ სკოლა ამ პროცესში, ერთ–ერთი წამყვანი ეტაპია, კამპანია სწორედ წინასასკოლო პერიოდს დავამთხვიეთ.

 

ვინ იმუშავა კამპანიაზე?

ქ.ა. : კამპანიის იდეა, კონცეფცია და პროექტის განხორციელება მთლიანად ჩვენ გვეკუთვნის, რაც შეეხება ვიზუალს, ამ მიმართულებით, დიზაინ სტუდია „ორმა“ იმუშავა. გარდა იმისა, რომ ძალიან ლამაზი გამოვიდა, შინაარსობრივად ზუსტად მიესადაგება კამპანიას – ვიზუალში გამოყენებულია ფერადი, მხიარული დახმარების ხელები. კამპანიის გრაფიკული ვიდეო სააგენტო „რედბერიმ“ შექმნა.

[R]

განხილვა