in ,

როგორი იქნება თბილისის “ერთიანი სამუშაო სივრცე”?!

Startauperi
Startauperi

მალე “თბილისში ერთიანი სამუშაო სივრცე” შეიქმნება. კერძო პირებს, „ფრილანსერებს“, სხვადასხვა სპეციალობის პატარა ჯგუფებს შესაძლებლობა ექნებათ სამუშაო ფართი, თუნდაც ერთი მაგიდა, საერთო ოფისში იქირაონ.

„თბილისის ერთიანი სამუშაო სივრცის“ დამფუძნებელი რემი ბუასონა ამბობს, რომ მსოფლიოში ინტეგრირებული ოფისები მრავლადაა და ასეთი სივრცე ადამიანებს შორის კომუნიკაციასა და გამოცდილების გაზიარებას უწყობს ხელს.

remiრემი ბუასონა: კომუნიკაცია და ადამიანებს შორის ურთიერთობა ჯერ კიდევ მაშინ იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი, როცა ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით პროექტს ვხელმძღვანელობდი. ხშირად მიწევდა, ერთგვარი, მედიატორის როლის შესრულება IT სისტემების მომავალ მომხმარებლებსა და დეველოპერებს შორის.

2009 წელს უკრაინაში გადავედი საცხოვრებლად – აღმოვაჩინე, რომ კიევში არსებობდა ე.წ. ენის გაცვლის კლუბი. მისი წევრები კაფეებში იკრიბებიან და სხვადასხვა ენაზე საუბრობენ, ვარჯიშობენ ამ ენების უკეთ დაუფლებაში. იმდენად მომეწონა ეს იდეა, რომ რამდენიმე ენა ვისწავლე და კლუბის ერთ-ერთი ორგანიზატორიც გავხდი.

ასეთი კლუბი ახლა თბილისშიც არსებობს და ხალხს ფრანგულის ენის სწავლაში მეც ვეხმარები. მომწონს, როდესაც ადამიანებს შეხვედრასა და ერთმანეთისაგან რაიმეს სწავლაში ვუწყობ ხელს.

M: საქართველოში როგორ მოხვდით?

უკრაინაში რომ ვცხოვრობდი, საქმეზე ჩამოვედი საქართველოში. საქართველო ცნობილია თავისი გამორჩეული კულტურითა და საოცარი ლანდშაფტით. მაგრამ, ეს ყველაფერი არ არის. ბოლოს დეკემბერში ვიყავი და მაშინ აღმოვაჩინე პატარა, მაგრამ აქტიური გაერთიანებები არასამთავრობო სექტორში. ვნახე, რომ აქ ბევრი კარგი იდეაა და ღირს, სცადო მათი განხორციელება. ჩემთვის საინტერესოა საქართველოში ყოფნა და ახალი ინიციატივების განხორციელება.

M: თბილისში ერთიან სამუშაო სივრცეს ქმნით. როგორი იქნება ეს სივრცე?

“ერთიანი სამუშაო სივრცე”, ძირითადად, პატარა კომპანიებისა და იმ ხალხისთვისაა, ვინც დამოუკიდებლად მუშაობს. მათ შეუძლიათ სახლში მუშაობის ან ოფისის ძებნის ნაცვლად უკვე არსებულ საერთო სივრცეს შემოუერთდნენ, სადაც თავისსავე მსგავს სპეციალისტებს შეხვდებიან. რაც შეეხება თავად ერთიან სამუშაო სივრცეს – ძალიან მოსახერხებელი ფართი იქნება მათთვის, ვინც დისტანციურად მუშაობს, უშტატო თანამშრომლებისთვის, რაიმე პროექტის, გუნდის ან პატარა ორგანიზაციებისთვის. ეს იქნება საერთო ოფისი სხვადასხვა გაერთიანებებისთვის, სადაც ადამიანები გაიცნობენ ერთმანეთს და დაამყარებენ საჭირო კონტაქტებს.

სივრცე, კონფერენციებისა და „ვორკშოპებისთვის“, რომლებიც მონაწილეების სწავლასა და თვითგანვითარებას შეუწყობს ხელს. მსურველები გადაიხდიან გარკვეულ თანხას, სანაცვლოდ კი მიიღებენ საჭირო ფართს, მაღალი სიჩქარის ინტერნეტს, პრინტერს, უფასო ყავასა და ჩაის და სხვადასხვა სივრცეებს, მაგალითად, შეხვედრებისთვის, სოციალური ინტერაქციის, სატელეფონო თუ „სკაიპის“ ზარებისთვის. ინტერნეტ კაფეებისგან განსხვავებით, ეს სივრცე მთლიანად საოფისე საქმიანობისთვისაა შექმნილი. მაგრამ, ჩვეულებრივი ოფისისა და ბიზნეს-ცენტრებისაგან განსხვავებით, აქ მხოლოდ ის ადამიანები იყრიან თავს, ვისაც სურს რაიმე თემის ან გაერთიანების ნაწილი იყოს და ვისაც შეუძლია სხვას დაეხმაროს.

„თბილისის ერთიანი სამუშაო სივრცე“ (www.cospot.ge) „ქარვასლას“ ბიზნეს ცენტრში განთავსდება. დასაწყისისთვის, დიდი ჯგუფები ვერ დაეტევიან. თუმცა, სამომავლოდ ამასაც ვგეგმავთ.

M: რატომ გადაწყვიტეთ ასეთი სივრცის საქართველოში გაკეთება?

ბოლო ათწლეულის მანძილზე საქართველო რეგიონში ბიზნესის ცენტრად იქცა, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებისა თუ დამწყებების ყურადღებას იქცევს. ეს ცენტრი იქნება ქვეყნის შიგნით თავმოყრის ადგილი. თბილისის “ერთიან სამუშაო სივრცეში” განსხვავებული ადამიანები მოიყრიან თავს: უშტატო თანამშრომლები, სხვადასხვა კომპანიებისა და არასამთავრობოების წარმომადგენლები. როგორც ვიცი, თბილისში ასეთი სივრცე არ არსებობს.

M: როგორ ფიქრობთ, იმუშავებს ასეთი ცენტრი თბილისში?

დღესდღეობით სხვადასხვა ინსტიტუტები და ორგანიზაციები ცდილობენ შექმნან ახალი გარემო და ხელი შეუწყონ ინოვაციებსა და კოოპერაციებს. დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ეს სივრცე წარმატებული გახდება.

M: მსურველები თუ არიან უკვე?

არის რამდენიმე უშტატო თანამშრომელი, ე.წ. „ფრილანსერი“ და სპეციალისტთა ჯგუფი, რომლებსაც აინტერესებთ თბილისის “ერთიანი სამუშაო სივრცე”. უმრავლესობა მათგანს კვირაში 2-3 დღით უნდა ფართის ქირაობა. მთავარი, რის გამოც ჩვენი სივრცე აინტერესებთ ის არის, რომ იზოლაცია და მარტო მუშაობა აღარ სურთ. თუმცა, ვფიქრობ, მსურველთა უმეტესობა მაინც უცხოელი იქნება, ვისაც აქვს ასეთ ადგილზე მუშაობის გამოცდილება. შემდეგ კი, ნელ-ნელა ის ქართველებიც დაინტერესდებიან, ვისაც დინამიურ გარემოში მოუნდება მუშაობა.

M: საზღვარგარეთ არსებულ ასეთ ცენტრებზე რა შეგიძლიათ თქვათ?

“ერთიანი სამუშაო სივრცე” მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მზარდი ინდუსტრიაა. რამდენადაც ვიცი, პირველი ასეთი ცენტრი 2005 წელს, სან ფრანცისკოში შეიქმნა. დღეს კი ათასობით ამგვარი სივრცეა. ვფიქრობ, მსგავსი ადგილები ინოვაციურობის ერთ-ერთი კერაა. (http://www.whiteboardmag.com/europe-has-the-highest-number-of-coworking-spaces-in-the-world-graph/).

M: თავად თუ გიმუშავიათ მსგავს სივრცეში?

დიდი ხნით არა, მაგრამ საფრანგეთში ცოტა ხნით მომიწია ასეთ ოფისთან თანამშრომლობა „ფრილანსერად“ მუშაობის დროს და ვიცი რა ფასი აქვს, როცა მარტო არ მუშაობ. პარიზში ერთი საკონსულტაციო კომპანიის ოფისში ვიქირავე ადგილი. სამუშაოდ მართლა კარგი პირობები იყო. საერთოდ არ მიშლიდა ხელს ის ფაქტი, რომ დილით ახალ-ახალ ადამიანებს ვხდებოდი. პირიქით, მათგან მუდმივად რაღაც განსხვავებულს ვსწავლობდი.

M: რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს “ერთიან სამუშაო სივრცეში” მუშაობას?

ასეთ სივრცეში ადამიანები გვერდიგვერდ სხედან და ისე მუშაობენ. ამიტომ, თუ გინდა მარტო იყო, ან ისეთი სამუშაო გაქვს, რომ სულ ტელეფონზე გიწევს საუბარი, ასეთ ადგილზე თავს კომფორტულად ვერ იგრძნობ. თუ გინდა, ხალხთან კონტაქტი ნაკლებად გქონდეს, მაშინ უკეთესია სახლში იმუშაო. ვინც ასეთ ერთიან სივრცეში მუშაობს, ერთმანეთს ანგარიში უნდა გაუწიოს და მეგობრული ატმოსფერო შექმნას. რაც შეეხება დადებით მხარეებს, სამუშაო ადგილი სულ მომზადებულია, თანამშრომლები საკუთარი ლეპტოპებით მოდიან და მაშინვე შეუძლიათ მუშაობის დაწყება. გარდა ამისა, მოქნილი პირობებია – სპეციალისტებს შეუძლიათ იქირაონ ადგილი მხოლოდ ერთი დღისთვის, კვირაში ან თუნდაც, თვეში რამდენიმე დღით სამუშაოდ. ასევე ხელსაყრელი სამუშაო გარემოა – ასეთ სივრცეში ყველა სამუშაოდ იკრიბება და, შესაბამისად, ხელისშემშლელი პირობებისგან, როგორიც ვთქვათ, ინტერნეთ კაფეებშია, დაზღვეული ხარ. აქ ხვდები ადამიანებს, რომლებიც შენსავით ამ გუნდის ნაწილი არიან და გიწევს მათთან კონტაქტი და თანამშრომლობა. გარდა ამისა, ხშირად არის საზოგადოებრივი ღონისძიებები – კონფერენციები, „ვორკშოპები“, შეხვედრები. ეს კი სამუშაო სივრცის წევრებს შორის სოციალურ ინტერაქციას უწყობს ხელს.

M: კიდევ რა გეგმები გაქვთ საქართველოში?

სხვა ინიციატივების განხორციელებაც მინდა. ერთ-ერთი ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტებისთვის იქნება. სხვადასხვა ქვეყნებიდან უკრაინასა და საქართველოში IT სპეციალისტები ჩამოვლენ. ამ შესანიშნავ ქვეყნებს გაიცნობენ, შეხვდებიან ადგილობრივ კოლეგებს, ერთად იმუშავებენ და ერთმანეთს საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ.

“ის არ თბება,ის კვდება” – მილტონ გლეიზერი კლიმატის ცვილების ლოგოს ქმნის!

kakha-bendukidze

კახა ბენდუქიძე – საქართველოს ეკონომიკა – ისტორია, შეზღუდვები და მომავალი