in

როგორ უნდა გააღვიძოთ სამსახურში ერთიანობის გრძნობა?

ბოლო დროს ცხოვრება ძალიან იზოლირებულად მოგვიწია… რახან ჩვენი სოციალური კავშირი შემცირდა, ჩვენი ბედნიერების შეგრძნება და მენტალური ჯანმრთელობაც გაუარესდა. ცხოვრება უფრო და უფრო ციფრულიც ხდება, რაც ყოველდღიური სოციალური ინტერაქციის შესაძლებლობებს კიდევ უფრო ამცირებს. მსგავსად, სამსახურის ბუნებაც შეიცვალა — კვლევის თანახმად, დასაქმებულთა 65%-ს სამსახურში ერთიანი გუნდის შეგრძნება საერთოდ არ აქვს. 

pasha-statiebi
pasha-statiebi

დიახ, პანდემიის გამო ბევრი ჩვენგანი კიდევ უფრო იზოლირებული გახდა და ამიტომ, კვლევის ეს შედეგიც არ უნდა იყოს გასაკვირი. საზოგადოების ჩამოყალიბება, რომელსაც განვმარტავთ, როგორც ინდივიდების ჯგუფს, რომლებიც ერთად ზრუნავენ ერთმანეთის კეთილდღეობაზე, ბევრისთვის რთული აღმოჩნდა, განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც ვირტუალურად მუშაობს. ეს კი არც ისე კარგია, რადგან ადამიანები, რომელთაც სამსახურში ერთიანი ჯგუფის შეგრძნება აქვთ, 55%-ით უფრო მეტად ჩართულები არიან ყოველდღიურ საქმიანობაში და კონკრეტულ კომპანიებში 66%-ით უფრო მეტადაც რჩებიან.

ადამიანებს ერთიანი ჯგუფის შექმნა მრავალი გზით შეუძლიათ, პრეფერენციები კი მათი წარსულისა და ინტერესების მიხედვით განსხვავდება. ხოლო აქ ის რამდენიმე გზაა მოცემული, რითაც კომპანიებს შეუძლიათ ერთიანი ჯგუფის შეგრძნება წარმატებით მოიპოვონ.

შექმენით საერთო სწავლის შესაძლებლობები

მას შემდეგ, რაც Motley Fool-ის ფონდების მრჩეველ კომპანიაში შიდა უნივერსიტეტი გახსნეს, გააანალიზეს, რომ მასწავლებლები ამისგან სტუდენტებზე უფრო მეტ რამეს იღებდნენ. შედეგად, ძლიერი ქოუჩინგის პროგრამა მიიღეს, რომელშიც თანამშრომელთა 10% იყო მწვრთნელი. ბევრისთვის ეს მათი საქმიანობის საყვარელ ნაწილადაც კი იქცა. 

ჩვენ წარმოუდგენლად გავერთეთ და ეს ძალიან ეფექტურიც იყო, ჩვენ ვამბობდით: თუ ვინმე ძალიან კარგია რაიმეში, ხომ არ დაგაინტერესებდათ ამის სხვებისთვის სწავლება? უბრალოდ Zoom-ის ჩართვა იყო საჭირო, აქ DJ-იდან დაწყებული, მკერავით დამთავრებული, ყველაფერზე ვსაუბრობდით. თქვენი თანამშრომლების უკვე შეძენილი უნარ-ჩვევების გამოყენება და ამის სხვებისთვის სწავლება, განსაკუთრებით ვირტუალურ სამყაროში, ქმნის პროგრესირების, ზრდისა და ახალ ადამიანებთან შეხვედრის კარგ შესაძლებლობას, — ამბობს ლი ბარბიჯი, Motley Fool-იდან.

გამოიყენეთ ნოსტალგიის ძალა

კვლევის თანახმად, საერთო მოგონებები წარსულის ისეთი კარგი მიღწევებისა თუ სასიამოვნო მოვლენებისგან, როგორებიცაა დაბადების დღის საღამოები, იუბილეები, შაბათ-კვირის მოგზაურობები, მდგრადია და მორალის შენარჩუნებასაც ეხმარება. ნოსტალგია შფოთვისა და მარტოობის წინააღმდეგ მოქმედებს, ადამიანები ერთმანეთის მიმართ უფრო გულუხვად იქცევიან და მეტი გამძლეობაც აქვთ. მეტიც, ისინი, ვინც სამსახურის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე განიცდიან ნოსტალგიას, მუშაობის სტრესს უკეთ უმკლავდებიან. ამიტომ, შეიმუშავეთ გზები, რათა თანამშრომლები სამსახურის გარეთ დასამახსოვრებელი ღონისძიებებით გააერთიანოთ. 

ჭამეთ ან მოამზადეთ ერთად

საჭმლის მომზადება სხვებისთვის ან კოლეგებთან ერთად არის გზა იმის საჩვენებლად, რომ ჩვენ ერთმანეთზე ვზრუნავთ, — ამბობს ჯერემი ანდრუსი, რომელმაც Traeger Grills-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დაიკავა და ტოქსიკური კულტურის შეცვლა გადაწყვიტა. მსგავსად კი, 5 წელში თანამშრომელთა 91% კომპანიის ხედვასთან, მისიასა და ღირებულებებთან დააკავშირა. 

ერთად ჭამას თქვენს პროდუქტიულობაზეც კი აქვს დადებითი გავლენა, რადგან ეს ისეთ ქმედებებს მოიცავს, როგორებიცაა: ფულის შეგროვება, ყიდვა, მენიუს შედგენა, მომზადება და დასუფთავება. ყველა ერთად აღებული კი შედეგად, სამსახურისთვის უფრო პროდუქტიულებს გხდით. 

რა შეგიძლიათ გააკეთოთ ამისთვის? მაგალითად, მოიწვიეთ გუნდი საკონფერენციო დარბაზში ისეთ ლანჩზე, სადაც მათ საჭმლის წამოღება შეეძლებათ ან ე. წ. ბრეინშტორმინგისა თუ სოციალიზაციისთვის ახლომდებარე რესტორანში შეისეირნეთ. ასევე, გუნდის წევრებს შეგიძლიათ სთხოვოთ, ოფისში რაიმე საერთო კერძი მოამზადონ. მსგავსად, მათ საშუალება ექნებათ, გაარკვიონ, როგორ იმუშაონ ერთად ყოველდღიური საქმიანობების მიღმა. 

ჩაერთეთ თქვენს ადგილობრივ საზოგადოებაში

კიმ მალეკი, ნაყინის კომპანიის Salt & Straw-ის თანადამფუძნებელი, თანამშრომლებს, მომხმარებლებსა და იმ საზოგადოებებს შორის, სადაც მისი მაღაზიებია განთავსებული, მნიშვნელობისა და კავშირის გრძნობას აყალიბებს. თავდაპირველად, ისინი თავიანთ საზოგადოებას მიუბრუნდნენ, მათ მეგობრებს — შეფებს, შოკოლადის მწარმოებლებს, ლუდის მწარმოებლებსა და ფერმერებს, რჩევები ჰკითხეს და სადაც კი გაიხედავდნენ, ყველგან შთაგონებას ეძებდნენ… 

სხვადასხვა დაწესებულებასთანაც კი თანამშრომლობდნენ, რათა ადგილობრივი კვების ინდუსტრიისა და ფერმერებისთვის მხარი დაეჭირათ. 

“მენიუში წარმოდგენილი თითოეული ნაყინის გემოს უკან არის ადამიანი, რომელთან ერთადაც ვმუშაობდით და ვისი ამბის მოყოლაც შეგვეძლო. ასე რომ, საზოგადოების ეს გრძნობა გაჩნდა იმ ნაყინში, რომელსაც თქვენ მიირთმევდით“, — ამბობს მალეკი.

მეტიც, ისინი სტუდენტების დაფინანსების, ქალთა როლის გაძლიერების, შშმ პირებისა თუ კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანებისთვის სამსახურის შესაძლებლობების შექმნისთვის სხვადასხვა პროგრამაში იყვნენ ჩართულნი. პროგრამის ფარგლებში უკვე 10 ადამიანიც კი დაასაქმეს. 

ადგილობრივ სკოლებთანაც თანამშრომლობს და ყოველწლიურად მოსწავლეებს იწვევს იმისათვის, რომ ნაყინის ახალი გემო გამოიგონონ. დიახ, გამომგონებლის ნაყინი იწარმოება და ამასთან, მის სკოლას უფასოდაც ურიგდება. გამოდის, Salt & Straw ეძებს გზებს, რათა ჩაერთოს საზოგადოებაში და ადამიანებს განვითარებაშიც დაეხმაროს. ასე კი კომპანიის მნიშვნელობასაც ზრდის. 

შექმენით საერთო ვირტუალური გამოცდილება

განავითარეთ გზები თქვენი ხალხისთვის, რათა ისინი საერთო გამოცდილებებით დაუკავშირდნენ ერთმანეთს, მაშინაც კი, როცა ვირტუალურად მუშაობენ. მაგალითად, სანჯაი ამინი, YouTube Music + Premium Subscription Partnerships-ის ხელმძღვანელი, პირადი ამბების გაზიარების ვარიანტს გვთავაზობს. ამასთან, თავის გუნდს ერთსა და იმავე ალბომს ასმენინებს ან საჭმელს ერთი რეცეპტით აკეთებინებს. ეს მრავალფეროვანი და მოხალისეობრივია. მსგავსად კი, მას სურს, მისი ღია და ადამიანური მხარე აჩვენოს. ჯგუფთან შეხვედრამდე მის წევრებს სიღრმისეული კითხვის ბარათსაც უგზავნის. ეს არჩევითია და საშუალებას აძლევს ადამიანებს, ისაუბრონ და გაუზიარონ ერთმანეთს აზრები, გამოცდილებები თუ გრძნობები ისეთი სიღრმისეული კითხვების საპასუხოდ, როგორიც შეიძლება იყოს:

  • ყველასთვის ერთი და იმავე სუპერ ძალის მიცემა რომ შეგეძლოთ, რომელ სუპერ ძალას აირჩევდით?
  • რა ცხოვრებისეული გაკვეთილი გსურთ რომ ისწავლებოდეს სკოლაში?

მსგავსი სახალისო კითხვები დასაქმებულებს სამყაროს საკუთარი უნიკალური ხედვით გადმოცემის შესაძლებლობას აძლევს და მათ ადამიანურობის საერთო გრძნობაც უჩნდებათ. 

დაასვენეთ და განაახლეთ გუნდის ძალისხმევა

გადაღლილობა რომ დღეს ძალიან დიდი პრობლემაა, ამაზე ყველა ვთანხმდებით და ეს გამონაკლისი არც Christine and Energy Project-ის შემთხვევაში ყოფილა. თუმცა მათმა აღმასრულებელმა დირექტორმა ტონი შვარცმა გამძლეობის ბანაკი შეიმუშავა. აქ ადამიანებს ასწავლიდა, რომ უფრო მეტად დაესვენათ, რათა მათი ფიზიკური, ემოციური და მენტალური ენერგია რთულ პერიოდებში უკეთ ემართათ. თანამშრომლები ყოველ 14 კვირაში ერთხელ 1-საათიან ქოუჩინგის პროგრამასაც ესწრებოდნენ, სადაც წარუმატებლობებსა და გამოწვევებს განიხილავდნენ, ამასთან, ინდივიდუალური აღდგენის რუტინის შემუშავებასაც ცდილობდნენ. თითოეული მონაწილე თანაგუნდელთან იყო დაწყვილებული, რათა დამატებით პერსონალური მხარდაჭერაც ეგრძნოთ. 

გადატვირთული პროექტებით სავსე წლის ბოლოს კი, ისინი თავს იმაზე უკეთ გრძნობდნენ, ვიდრე გასულ წელს. ამიტომ, ადამიანები სამსახურსაც აღარ ტოვებდნენ — ასე მათ თანამშრომელთა 97.5%-ის შენარჩუნება მოახერხეს. შვარცის თქმით, ამ გამოცდილებიდან გამოსავალი მისთვის სწორედ საზოგადოების ძალა იყო.

გამოდის, ერთიანი გუნდი გადარჩენის საშუალებაც შეიძლება გახდეს — გზა ადამიანებისთვის, რათა ერთად გადალახონ გამოწვევები, უბრალოდ კი არ გადარჩნენ, არამედ გაუმჯობესდნენ კიდეც. ამიტომ, დაფიქრდით, რა შეგიძლიათ გააკეთოთ საზოგადოების ერთიანი გრძნობის შესაქმნელად?

წყარო: HBR



როგორ შევაყვაროთ ხალხს ბრენდი? — Coldplay-ს მაგალითი

Nike „გრინჩის ფეხსაცმელებს“ უშვებს