in

როგორ ვაქციოთ ერთსაათიანი შეხვედრები 7-წუთიანად?

„ბევრი ადამიანი მეკითხება, როგორ ვახერხებ ბევრი საქმის გაკეთებას… 15-წუთიანი შეხვედრებით, როცა სხვები ერთ საათს ხარჯავენ ანალოგიური პროდუქტიულობისთვის. ყველა ერთსაათიან შეხვედრებს ნიშნავს, როცა რეალურად 7 წუთიც კი საკმარისია. გაამრავლეთ ეს წელიწადში 183 შეხვედრაზე და წარმოიდგინეთ, რა ხდება. მჯერა, რომ 15-წუთიანი შეხვედრები ეფექტურობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს“, — ასეთი რამ დაპოსტა ამერიკელმა მეწარმემ, გარი ვაინერჩუკმა LinkedIn-ზე.

სინამდვილეში, შეხვედრების დროის მენეჯმენტის საკითხი ბევრ კომპანიას აწუხებს. და მიუხედავად იმისა, რომ ერთსაათიანი შეხვედრის 7 წუთში მოქცევა შეიძლება შეუძლებელი ჩანდეს. ეს ასე არ არის. სტატიაში კი ამის მისაღწევად 3 რჩევაა მოცემული.

1. წინასწარი სამუშაოს შესრულება

აქ ყველა ის საქმე იგულისხმება, რომელთა მოგვარებაც შეხვედრის დაწყებამდე შეიძლება — პრეზენტაციის მოწესრიგება, სტატისტიკის შედეგები, ვიზუალური მასალა და ა. შ. მსგავსი მიდგომა ზედმეტი დროის დაკარგვას აგარიდებთ თავიდან. დამსწრეებიც უფრო მარტივად, თავიდანვე ჩაერთვებიან დისკუსიაში, არც გონება გაეფანტებათ და არც იმის იმედად იქნებიან, რომ სანამ უფროსი „ყველაფერს მოაწესრიგებს“, იდეებიც მოაფიქრდებათ.

2. თავიდან აირიდეთ „დიდი მოხსენებები“

დიდ რეპორტებს სხვაგვარად პროდუქტიულობის მკვლელსაც უწოდებენ — როცა კოლეგები იმაზე საუბრობენ, რა და როგორ გააკეთეს, სხვები კი უბრალოდ „მოვალეობის მოხდის მიზნით“ უსმენენ. ცხადია, ეს განსაკუთრებით იმ შემთხვევებს ეხება, როდესაც ფუნქციური თვალსაზრისით ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული თანამშრომლები იკრიბებიან.

იმისათვის, რომ ყველას დრო და ენერგია ერთნაირად დაიზოგოს, უმჯობესია, თუ ნებისმიერ მოხსენებას ასინქრონულად გააკეთებთ, შეხვედრის დაწყებამდე. რეალურად, ეს წინასწარი სამუშაოს ერთ-ერთი ფორმაა — თანამშრომლებს შეუძლიათ, წერილობითი ან ვიდეოს ფორმატით გამოგიგზავნონ განვლილი კვირის თუ თვის შეჯამება. უკუკავშირსაც მაშინ მიაწოდებთ, როცა ამისთვის შესაფერისი დრო იქნება, ყველაფერს დეტალურად გააანალიზებთ და ა. შ.

3. მიჰყევით „დღის წესრიგს“

ყველაფერი გაცილებით სწრაფად ჩაივლის, თუ გაწერილ დღის განრიგს მიჰყვებით, რადგან ზუსტად გეცოდინებათ, რა საკითხებს უნდა შეეხოთ შეხვედრისას. გარდა სისწრაფისა, ამგვარი მიდგომა ეფექტურობასაც უზრუნველყოფს, რათა მნიშვნელოვანი თემები არ გამოგრჩეთ.

თანაც, თუ ჩამონათვალს წინასწარ გაუზიარებთ კოლეგებს, მათაც გარკვეული წარმოდგენა შეექმნებათ, რაზე უნდა ისაუბრონ და თავიდანვე მზად იქნებიან — თავადაც ჩამოაყალიბებენ მოკლედ, რა უნდა თქვან, რა არის მნიშვნელოვანი და ა. შ.



ილონ მასკი საკუთარ ქალაქს აშენებს!

როგორ იქმნება ქართული ანიმაციური სერიალი „სხვა ლეველის ოდისეა“