დღეს, 2 ივნისს, მარსიდან პირდაპირი ჩართვის დებიუტი შედგება — საშუალება გვექნება, წითელი პლანეტის რეალური გამოსახულებები მივიღოთ. უფრო კონკრეტულად, ყოველ 50 წამში ერთხელ ხომალდის კამერის მიერ გადაღებულ და გამოგზავნილ ახალ ფოტოს ვნახავთ.
ღონისძიება ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) ხომალდ Mars Express-ის 20 წლის იუბილეს ეძღვნება და მიზნად ისახავს, საზოგადოებას პლანეტის ზედაპირის სამგანზომილებიანი გამოსახულება აჩვენოს. „ჩვეულებრივ, როდესაც მარსის ფოტოებს ვუყურებთ, ვიცით, რომ რამდენიმე დღით ადრეა გადაღებული. ამ ინიციატივის ფარგლებში კი წითელ პლანეტას ისეთს ვიხილავთ, როგორიც მოცემულ მომენტშია“, — ამბობს ჯეიმს დოფრი, კოსმოსური ხომალდის ოპერაციების მენეჯერი ESA-ში.
მზის გარშემო ორბიტაზე მოძრაობისას, დედამიწისა და მარსის ადგილმდებარეობების გათვალისწინებით, ჩვენ ნამდვილად „წარსულის რეალობას“ ვხედავთ… ამის მიზეზი ერთია: წითელ პლანეტაზე არეკლილ სინათლეს თუ იქიდან გამოგზავნილ სურათებს დედამიწამდე მოსასვლელად დრო სჭირდება, რაც დაახლოებით 3-დან 22 წუთამდე მერყეობს.
პირდაპირი ეთერი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და შეგიძლიათ უყუროთ ევროპის კოსმოსური სააგენტოს YouTube არხზე.