ევროპულმა კოსმოსურმა სააგენტომ (ESA) გამოაქვეყნა ჩვენი გალაქტიკის ყველაზე დეტალური კატალოგი, 2013 წლის „გაიას“ მისიის მონაცემების გამოყენებით. ეს სამგანზომილებიანი რუკა გვიჩვენებს 1,8 მილიარდზე მეტ ციურ სხეულს და შეგიძლიათ, მაღალი რეზოლუციის ფოტო იხილოთ აქ.
ეს გამოცემა კიდევ უფრო ზუსტი და დეტალურია, ვიდრე ადრე, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო მკრთალი ვარსკვლავებიც კი ჩანს. მაგალითად ისეთები, რომლებიც ჩვენი გალაქტიკის კიდეებზე ან მზესთან ახლოს არიან და უფრო ადრეულ პერიოდში არსებული აპარატურა არ იძლეოდა იმის საშუალებას, რომ მზiს სიკაშკაშით მოცული ვარსკვლავებიც გამოჩენილიყო ფოტოზე. მონაცემები ასევე შეიცავს ინფორმაციას „ირმის ნახტომის“ სატელიტურ გალაქტიკებში არსებული ვარსკვლავების – „მაგელანის ღრუბლების“ შესახებ.
საერთო ჯამში, ახალი გამოშვების მონაცემები დაახლოებით 1 პეტაბაიტს შეადგენს (ეს დაახლოებით მილიონი გიგაბაიტია) და ის ხელმისაწვდომია ევროპული კოსმოსური სააგენტოს ვებსაიტზე. ეს მონაცემები შეიძლება გამოყენებულ იქნას ასტრონომიული კვლევებისა და მანქანური სწავლებისთვის.
”მონაცემების პირველი ორი გამოცემა გამოქვეყნდა 2016 წლის სექტემბერში და 2018 წლის აპრილში და მათ ხანგრძლივი გავლენა იქონია „ირმის ნახტომის“ განვითარების ჩვენეულ აღქმასა და გაგებაზე“ – განაცხადა ალესანდრა როიმ, „გაიას“ პროექტის მენეჯერმა.
მოპოვებული მონაცემები ღირებულია, რადგან მკვლევარებს საშუალებას აძლევს, მთლიანად შეისწავლონ „ირმის ნახტომი“ და უფრო მეტი გაიგონ, თუ როგორი სტრუქტურა აქვს ჩვენს გალაქტიკას და როგორ განვითარდა ის დროთა განმავლობაში.
გაიას მისია 2019 წელს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ რადგანაც ტექნიკურად კვლავ ყველაფერი კარგად მუშაობს, მკვლევარებმა გადაწყვიტეს, მაქსიმალურად გამოეყენებინათ ეს უნიკალური ობსერვატორია და განაგრძეს მონაცემების შეგროვება. ახლა ისინი მიზნად ისახავენ, კვლევა განაგრძონ 2025 წლამდე. მანამდე, კი 2022 წლისთვის ველით მონაცემთა სრულ მესამე გამოცემას.











