15
Nov
2019

ეშმაკის მანქანები – საკო წოწორია

15 Nov 2019

ინტერნეტში ძრომიალის დროს გინახავთ რეკლამა, რომელმაც გაფიქრებინათ, რომ შეიძლება თქვენს დიალოგს მიკროფონი ისმენს?

მიუხედავად იმისა, რომ ფეისბუქი და გუგლი უარყოფენ, იუთუბზე არსებობს რამდენიმე მომხმარებლის ლაივ ექპერიმენტი, სადაც ჩანს რომ მიკროფონთან ახლოს, ერთ კონკრეტულ თემაზე საუბრის შემდეგ, საიტებზე სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებული რეკლამები ნახეს. ამას გადაჭრით ვერ დავამტკიცებთ, მაგრამ მიკროფონის გარეშეც ახერხებენ ეს კომპანიები განმაცვიფრებელი სიზუსტით მოარგონ თქვენს ინტერესებს ნებისმიერი რეკლამა. როგორ? იმ მონაცემების საშუალებით, რომლებსაც თქვენზე მუდმივად აგროვებენ.

სულ თავიდან ინტერნეტ სივრცე შეიქმნა ოცნებით – ერთმანეთთან მარტივად დაკავშირებულ მსოფლიოზე. ადგილზე, სადაც ერთმანეთს გავუზიარებდით ჩვენს გამოცდილებას, ემოციებს და ნაკლებად მარტოსულად ვიგრძნობდით თავს.

შემდეგ  ეს სივრცე “matching” გენერატორად, წამებში ფაქტების შემმოწმებლად, პირად გამრთობად, მეხსიერების მცველად ან თუნდაც თერაპევტად იქცა. ჩვენ კი, ისე მოვიხიბლეთ უფასო კომუნიკაციების და გართობის შესაძლებლობით, რომ აპლიკაციების გადმოწერისას პირობების (terms & conditions) წაკითხვაზე თავი აღარ შეგვიწუხებია.

არადა სწორედ ამ მოსაწყენ, ორგვერდიან პირობებში წერია, რომ ეს აპები აგროვებენ და იყენებენ ჩვენს ყველა ინტერაქციას: მოწონებას, დაკომენტარებას, გაზიარებას, შეტყობინებებს, იმ ტექსტებსაც კი, რომლებსაც ვკრეფთ და ვშლით,  ჩვენი ბარათების გატარებას და შესყიდვების ისტორიას, კალენდრებს და განრიგს, ინტერნეტში მოძიებულ თემებს, ლოკაციაზე მონიშვნას, პრიორიტეტული სიახლეების ან გასართობი ვიდეოების კატეგორიებს, ხმის იდენტიფიცირებას, ურთიერთობის სტატუსებს და ა.შ.

ხელოვნურ ინტელექტს თითო ადამიანზე დაახლოებით 6000-მდე მონაცემი აქვს, საიდანაც “ჭკვიანი ალგორითმები” ჩვენს, ყველას ფსიქოტიპს ადგენენ თუ რა მოგვწონს, და რაზე ვბრაზდებით, რა არის ჩვენი სისუსტე, რა გვახარებს და რა გვწყინს, რა ტიპის აქციებზე დავდივართ, რა პოლიტიკური ინტერესები გვაქვს, როგორია ჩვენი შემსყიდველობის უნარიანობა, რამდენს ვხარჯავთ თვეში და ამ უზარმაზარი მონაცემების დამუშავების საფუძველზე გვეგზავნება პერსონიფიცირებული რეკლამები ჩვენს “ფიდში”, – შექმნილი მხოლოდ ჩვენთვის და ნანახი მხოლოდ ჩვენ მიერ!

არიან ადამიანები, რომლებიც გუგლისა და ფეისბუქისგან უფასოდ მიღებული სარგებელისა  და კომფორტის სანაცვლოდ, თავიანთი პირადი მონაცემების გაცემაში პრობლემას ვერ ხედავენ, მეტიც, მათზე მორგებული რეკლამების იდეა ხიბლავთ კიდეც….

 

მაგრამ საკითხი უფრო კომპლექსურია, ვიდრე რეკლამები. პრობლემა ის არის, რომ ჩვენ აღარ ვიცით ხელოვნური ინტელექტი ჩვენზე მოძიებულ ინფორმაციას როგორ – რა კრიტერიუმით ახარისხებს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მის პროგრამირებაზე კონტროლი აღარ გვაქვს და ვზრდით ინტელექტს, რომელზეც არაფერი ვიცით. მისი ზრდა კი მხოლოდ და მხოლოდ მეტი ინფორმაციის/მონაცემის მიწოდებით ხდება. მეტი მონაცემის მოსაგროვებლად კი ადამიანებზე მეტად დეტალური დაკვირვებაა საჭირო.

გაუმჯობესებული პარამეტრები, აპების ახალი ფუნქციები, მთლიანად ანდროიდი (გუგლის პროდუქტი), გუგლ ასისტენტი, ალექსა, “ფეისბუქ ნიუსი”  (პერსონიფიცირებული სიახლეები შენს ნიუს ფიდში ) – ასეთი ტექნოლოგიების დანერგვა კომპანიებს უამრავი ფული უჯდებათ. ჩვენ კი უფასოდ მოგვეწოდება. როგორ ფიქრობ მიზეზი რა არის? რა თქმა უნდა მეტი მონაცემის მოგროვება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ქცევებზე, გადაადგილებებსა თუ ინტერესებზე.

არ დაგავიწყდეთ:

გუგლისთვის ჩვენ არ ვართ მომხმარებლებიჩვენ ვართ გუგლის პროდუქტი, რომლებსაც ისინი ბიზნესზე (მათ რეალურ მომხმარებელზე) ყიდიან. ტრილიონებს ეს კომპანიები ჩვენგან არ გამოიმუშავებენ.

ტექნო – სოციოლოგი ზეინეფ თუფეკჩი თავის TEDTalk-ის გამოსვლაში ყვება, რომ რამდენიმე პროგრამისტმა მისი რეკომენდაციით ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგად, შეძლეს ბოპოლარული აშლილობის მანიის დასაწყისი სტადიის ამოცნობა სოციალურ ქსელებში ატვირტული “პოსტებიდან” და აქტივობიდან გამომდინარე, იმაზე ადრე, ვიდრე თივთონ  ამ ადამიანებს კლინიკური სინდრომები გამოუვლინდებოდათ. ანუ სისტემამ ჩვენი ფსიქიკური მდგომარეობის ამოცნობაც კი შეძლო. თვითონვე განცვიფრებულები ამ შედეგით, პროგრამისტებმა განაცხადეს, რომ ზუსტად არ იციან, ტექნიკურად როგორ მოხერხდა ამის დადგენა.

როგორ ფიქრობთ, რამდენად ადვილია ადამიანების ემოციებით მანიპულირება თუკი ასე კარგად ვფლობთ ინფორმაციას მათ სისუსტებზე?

ალბათ, ყველას გახსოვთ 2018 წლის “კემბრიჯ ალანიტიკას”  (პოლიტიკური საკონსულტაციო კომპანია) სკანდალური ქეისი, როდესაც გამოაშკარავდა, რომ კომპანია წლების მანძილზე ფეისბუქის 87 მილიონამდე მომხმარებლებზე, მათი ნებართვის გარეშე მონაცემებს აგროვებდა და პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდა. მთავარი კამპანიები კი რომლებზეც ისინი მუშაობდნენ არის დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანია და ე.წ. “ბრეგზითი” (Brexit).

ტრამპის სოციალური მედიის წარმომადგენელმა აღიარა, რომ ისინი იყენებდნენ “dark posts” (მუქ პოსტებს) რომელიც გათვლილი იყო მხოლოდ სპეციფიურ სეგმენტზე, რათა ისინი არჩევნებზე არ წასასვლელად წაექეზებინათ.

ამ ფოტოზე მოცემულია ორი ფეისბუქ შეტყობინება. ორივე გამცნობს, რომ დღეს არჩევნების დღეა, მხოლოდ განსხვავება ის არის, რომ ერთ ფოტოზე ჩანან ჩვენი მეგობრები, ვინც უკვე მისცა ხმა – მეორეზე კი, ეს ფუნქცია გათიშულია. ფეისბუქმა ეს ექსპერიმენტი ორი სხვადასხვა საარჩევნო წლის განმავლობაში ჩაატარა, რომ გაერკვია, რამდენად ახდენს გავლენას ეს დეტალი ამომრჩევლის გადაწყვეტილებებზე. აღმოჩნდა, რომ მეორე წელს, ზემოთხსენებული ფუნქციის გამორთვის შედეგად 270 000 ადამიანი არ წავიდა ხმის მისაცემად. 2016 წლის ამერიკული არჩევნების გამარჯვებული კი 100 000 – მა ხმამ გადაწყვიტა.

“ბრეგზითის” შემთხვევაში კი, ჟურნალსტურმა გამოძიებამ აჩვენა, რომ იმ რეგიონებში, სადაც “ბრეგზითს” ყველაზე დიდი რაოდენობის მხარდამჭერი ჰყავდა, მოსახლეობა ნახულობდა “fake news”-ს თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესების დაწყების შესახებ და რომ ეს პირდაპირპროპორციულად ნიშნავდა მათ ქვეყანაში მიგრაციას და კრიმინალის ზრდას.

ამავე გამოიძიებით გაირკვა, რომ ეს სიახლეები სპონსორდებოდა იმ ადამიანისგან, რომელიც მჭიდრო კავშირში იყო ტრამპთან და რუსეთის წარმომადგენლებთანაც.

აი ასეთი და სხვა მრავალი ტიპის ყალბი ინფორმაციის ფონზე წააქეზეს უამრავი ადამიანი, მხარი დაეჭირათ ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლისთვის. ლეგალურად კი ამის დამტკიცება ძნელია – რადგან  ფეისბუქი არ ინახავს რეკლამების ისტორიას. ასეთ სიახლეებს მიზნობრივი აუდიტორია ნახულობს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ “ფიდში’ მერე კი ისინი ქრებიან.

და თუ ასეთი ძალით რომელიმე ამ გიგანტური კომპანიებიდან –  გადაწყვეტს დადგეს რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხარეს – ჩვენ რა ბერკეტები გვექნება ამის ამოსაცნობად?

მხოლოდ ფეისბუქისლაიქებზედაყრდნობით – ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებს შეუძლიათ უკვე განსაზღვრონ ადამიანების ეთნიკური წარმომავლობა, რელიგიური თუ პოლიტიკური შეხედულებები, პიროვნული მახასიათებლები, ინტელექტი, ბედნიერების კოეფიციენტი, მავნე ჩვევებზე დამოკიდებულებები, მონაცემები განქორწინებულ მშობლებზე, ასაკი, სქესი. ამ ალგორითმებს შეუძლიათ პროტესტანტების ამოცნობა მაშინაც კი, როდესაც მათი სახე ნახევრად დაფარულია. ჩინეთის პოლიციამ უკვე დანერგა და იყენებს სახის ამოცნობის სიტემას.

ავტორიტარიზმს ჰგავს არა? უბრალოდ ეს არ არის ჯორჯ ორუელისებული ავტორიტარიზმი, სადაც ვიცით რა არ მოგვწონს და რას ვეწინააღმდეგებით. აქ შეხება გვაქვს ავტორიტარიზმთან, რომელსაც ვერც კი ვამჩნევთ.

ამ მთლიანი ისტორიის ირონია კი ის არის, რომ ეს ყველაფერი ხდება რეკლამების გასაყიდად.

ფეისბუქზე რეკლამირების სტრუქტურა და ფასები ყველა შემთხვევაში ერთია – ფეხსაცმელს გაყიდით თუ  პოლიტიკას. ალგორითმები ამ ორ საკითხს შორის განსხვავებას ვერ ხედავენ.

ეს სტატია არ ემსახურება მარკ ზაკერბერგის ან ლარი ფეიჯის ბოროტ ადამიანებად წარმოჩენას, რომელთაც სამყაროს განადგურება სურთ. ისინი იმ სფეროში მოღვაწეობენ, სადაც მუდმივი ტექნოლოგიური განვითარება და პირველობა პირდაპირპროპორციულია მათ შემოსავალზე. სხვა შემთხვევაში უბრალოდ უნდა დახურონ საკუთარი ბიზნესი. თუმცა ეს კომპანიები ბევრად  საინტერესო და მეგობრულნი იქნებოდნენ, მათი ბიზნეს მოდელი ადამიანების ქცევების მოდიფიკაციასა და მუდმივ ჯაშუშობაზე რომ არ იყოს აგებული.

გამოსავალი?

ზუსტი ფორმულა ამ პრობლემის მოსაგვარებლად არ არსებობს. პირველ რიგში, ალბათ, უნდა ვისაუბროთ და ვაღიაროთ, რომ ეს მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა. შემდეგ კი დანამდვილებით უნდა გადაიხედოს ამ კომპანიების ბიზნეს მოდელი, თუნდაც რომ მოგვიწიოს მათ სერვისებში თანხის გადახდა.

რამეთუ “ Data rights are human rights”

და ბოლოს…. გჯერათ, რომ ჩვენს სამყაროში ერთმანეთს ისე ვერ დავუკავშირდებით რომ ამაში მესამე მხარე (ბიზნეს დამკვეთი) ფინანსურად არ იყოს ჩარეული?

 

საკო წოწორია – Marketer.ge – ის კონტრიბუტორი

განხილვა