in

ESM-ის ისტორია ანუ გზა „მონანიებიდან“ სინანულამდე!

ამ მასალაზე მუშაობა  არც ისე ცოტა ხნის წინ, 2014 წლის ზაფხულში დავიწყე, როცა Facebook-ზე ESM-ის ერთ-ერთი დამაარსებლის ნიკოლოზ მარკოზაშვილის სტატუსს გადავაწყდი:

markozashvili

მაშინვე მივხვდი, რომ მარკოზაშვილი თავისუფალ უნივერსიტეტს ტოვებდა და მასთან ინტერვიუს ჩაწერის სურვილი გამიჩნდა.

სინამდვილეში ახლაც მიკვირს, როგორ მოხდა, რომ ამ დრომდე საკმაოდ ცნობილი და ელიტარული ქართული ბიზნესსკოლისა თუ მისი დამფუძნებლების შესახებ ვრცლად არაფერი დაწერილა. არადა, ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც ურთულეს დროში სრულიად წარმოუდგენელი მიზანი დაისახეს და საქართველოში ჰარვარდის დონის  ბიზნესსკოლის შექმნა მოინდომეს. მართალია, ჰარვარდი არ გამოვიდა, მაგრამ დაფუძნდა ESM და დღეს იმ  მენეჯერების დიდი ნაწილი, რომელიც საქართველოს ბიზნესრეალობას ქმნის, სწორედ ESM-ელია.

ნიკოლოზ მარკოზაშვილს კარგად არ ვიცნობდი, ამიტომ საკონტაქტო ინფორმაცია მეგობრებისგან მოვიძიე. ყველამ ერთხმად მითხრა, რომ  მასთან შესახვედრად არასწორი დროაო, თანაც, თუ არ მოეწონე, არაფერს მოგიყვებაო. არადა, ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა: პირველივე შეხვედრაზე მე და ჩემმა რესპონდენტმა ბევრი საერთო აღმოვაჩინეთ. ნიკოლოზ მარკოზაშვილმა ESM-ის დამაარსებელი სულიკო ქადაგიძეც გამაცნო, მერე კი ორივემ ESM-ის შექმნის, განვითარებისა და გაყიდვის ისტორია მიამბო.

ეს ინტერვიუები 2014 წელს ჩაიწერა.  ვაპირებდი, რომ მასალის მეორე ნაწილი  თავისუფალი უნივერსიტეტის წარსულსა და სამომავლო გეგმებზე მომემზადებინა. ამ მიზნით კახა ბენდუქიძესთან შეხვედრა რამდენჯერმე ვცადე, თუმცა, სამწუხაროდ, ინტერვიუმდე ის გარდაიცვალა. მასალაზე მუშაობა გაჭიანურდა და ამასობაში 2017 წელიც დადგა, თუმცა ჩემი რესპონდენტების მონაყოლი და ამ დრომდე უცნობი ამბები კვლავაც აქტუალურია.

პრეისტორია: „მონანიება“

მონანიება

საქართველოში ანტისაბჭოთა ფილმის გადაღების გამბედაობა მხოლოდ თენგიზ აბულაძეს ჰქონდა. „მონანიების“ პირველი სცენარი  ცეკას მაშინდელ პირველ მდივანს ედუარდ შევარდნაძეს წააკითხეს. როგორც წესი,  იგი ქართველ რეჟისორებს პასუხს 2-3 დღეში ატყობინებდა ხოლმე, მაგრამ ამჯერად მან ორი თვით დაიგვიანა. ბოლოს შევარდნაძემ თენგიზ აბულაძე დაიბარა და უთხრა:

“წავიკითხე ეს გენიალური სცენარი, მაგრამ უნდა მოვიფიქროთ, როგორ მოვიქცეთ. მოსკოვი ამას არ მიიღებს, არც – კინოკომიტეტი, არც – ტელევიზია, ამიტომ ასეთი რამ მოვიფიქრე: აქაურ ტელევიზიას გადავაღებინოთ, მაგრამ სცენარი არავის წააკითხოთ.”

ასე გადაწყვიტა შევარდნაძემ „მონანიების” ბედი.

ფილმის გადაღების პროცესი მარტივი არ ყოფილა: იგი ანტისაბჭოთა კინოსურათად იყო აღქმული და უამრავი წინააღმდეგობა ხვდებოდა.  ვრცელდებოდა ხმები, რომ აბულაძეს დაიჭერდნენ,  ფილმი კი ისე განადგურდებოდა, რომ  ვერავინ ნახავდა.

ერთ-ერთ საოჯახო სუფრასთან თენგიზ აბულაძემ თქვა: “რა ბედნიერია მწერალი…ნაწარმოები რომც არ დაბეჭდოს, დედანს მაინც შეინახავს საკუთარ თაროზეო.”  ეს უკვე ტექნოლოგიურად სხვა დრო იყო, ამიტომ სოსო ცისკარიშვილმა, რომელიც  იმ დროს რეჟისორის გვერდით იჯდა და თან მეცნიერებისა და ტექნიკის კომიტეტში მუშაობდა, თენგიზ აბულაძეს „მონანიების“ კასეტაზე გადაწერა შესთავაზა.  ფიზიკურად ვიდეომასალა მართვის მეურნეობის ინსტიტუტში შეიქმნა, რომლის რექტორიც სწორედ ESM-ის დამაარსებელი სულიკო ქადაგიძე იყო.

მალე ვიდეოფირი ჯერ საქართველოში, შემდეგ კი  მთელ საბჭოთა კავშირში ვირუსულად გავრცელდა და გამოძიებაც დაიწყო. შესაბამის უწყებებს ვიდეოფირის შემქმნელების მოძიება არ გასჭირვებიათ: ცეკას ბიურომ სოსო ცისკარიშვილისა და სულიკო ქადაგიძის პასუხისმგებლობის განხილვა დაიწყო. საბოლოოდ,  ისინი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დაადანაშაულეს  და საყვედურით გაუშვეს.

მარკეტერი: რას ემსახურებოდა მართვის სახალხო მეურნეობის ინსტიტუტი, რომელსაც თქვენ ხელმძღვანლეობდით? რას საქმიანობდა და როდის შეიქმნა?

Suliko Kadagidzeსულიკო ქადაგიძე: 1976 წელს მოსკოვში, ფსიქოლოგიის ინსტიტუტში უფროს მეცნიერად ვმუშაობდი და საქართველოში პირად საქმეზე ჩამოვედი. შევარდნაძე შემხვდა და ჩემდა გასაკვირად ასეთი რამ მითხრა: „სულიკო, ადრე თუ გვიან ჩვენ საბაზრო ეკონომიკაზე გადავალთ, ამიტომ რაც შეიძლება მალე უნდა მოვემზადოთ. მინდა, რომ ამ საქმეზე შენ იფიქრო და იმუშაოო.” მაშინ ეს  ფანტასტიკას ჰგავდა, იმიტომ რომ  საბაზრო ეკონომიკაზე ლაპარაკიც კი იკრძალებოდა. ამ საუბრიდან ორი წლის შემდეგ მართვის სახალხო ინსტიტუტი გავხსენით. პრინციპში საქართველოში პირველი ბიზნესსკოლაც სწორედ ის იყო.

საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლისთვის ხელმძღვანელებს ვამზადებდით. ბევრი რამ კეთდებოდა, თუმცა  „მონანიების“ ამბის შემდეგ ამ ინსტიტუტიდან გამიშვეს. 1 წელი საერთოდ არ ვმუშაობდი, მერე 4 წელი ინფორმაციის ინსტიტუტში  ერთ-ერთი განყოფილების უფროსი ვიყავი. საკმაოდ მძიმე პერიოდი მქონდა: არათუ ქვეყნიდან, ქალაქიდანაც ვერ გავდიოდი, მოსკოვშიც ორჯერ სხვისი პასპორტით გავფრინდი, იმაზე ბევრად ნაკლებ ხელფასს მიხდიდნენ, ვიდრე მეკუთვნოდა, ჩემს ტელეფონს კი სულ უსმენდნენ.

M: ამ ვითარებიდან გამოსავალი როგორ იპოვეთ?

სულიკო ქადაგიძე: გამახსენდა, რომ გორბაჩოვის მოადგილეს, მედვედევს ნორმალურად ვიცნობდი. წერილი დავწერე და ჩემს ამხანაგს, რომელიც მოსკოვში მიდიოდა, თან გავატანე. “მე აქ არაფერს ვაკეთებ, რა შემიძლია და როგორ, პირადად გინახავთ. თუ გჭირდებით, მზად ვარ წამოვიდე და ნებისმიერ ადგილას ვიმუშაო“,- ვწერდი წერილში. 5 დღის შემდეგ ცეკას პირველმა მდივანმა ჯუმბერ პატიაშვილმა დამიბარა, როგორც დიდი ხნის უნახავ მეგობარს, ისე შემხვდა და მითხრა: მოსკოვში არ გაგიშვებ, თბილისში კი თუნდაც რაიკომის მდივნად დაგნიშნავო. რაიკომის მდივნობა არ მაინტერესებდა, ამიტომ პატიაშვილმა სხვა რამ შემომთავაზა: მოსკოვში ცეკამ დადგენილება მიიღო, რესპუბლიკებში კომერციული ბინზესსკოლები უნდა გაიხსნას,  თუ გინდა ცეკავშირში გადადი და ასეთი სკოლა გააკეთეო. ასე შეიქმნა  1989 წელს თბილისის მენეჯერთა სკოლა, რომელშიც 1991 წლამდე ვიმუშავეთ. საბოლოოდ მივხვდით, რომ ირგვლივ ადამიანები ძალიან მოუმზადებლები იყვნენ და  ახალი რეალობისთვის, საბაზრო ეკონომიკისთვის ახალგაზრდები სწორედ ჩვენ უნდა მოგვემზადებინა.

ნიკოლოზ მარკოზაშვილინიკოლოზ მარკოზაშვილი: როდესაც მენეჯერთა სკოლას ვაკეთებდით, პირველი ნაკადის სტუდენტებზე ოდნავ მეტი ვიცოდით, მომდევნო წლებში კი –  ორჯერ და ოთხჯერ მეტი. თანაც, ძალიან ბევრ ლიტერატურას ვეცნობოდით. სულიკომ თავისი კონტაქტების დახმარებით მოახერხა და ლექტორები საფრანგეთში, გერმანიასა და აშშ-ში წაგვიყვანეს. მაშინ არავინ იცოდა საქართველოს შესახებ, “კომუნისტებს” გვეძახდნენ. ჩვენ კი ვეუბნებოდით, რომ ქართველები ვიყავით. ამ გასვლებით ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ, მაკლარენის ბიზნესსკოლაშიც მაშინ ვიყავით.

სულიკო ქადაგიძე: სწორედ იმ დროს მივხვდით, რომ უფროსი თაობა აბსოლუტურად მოუმზადებელი იყო და მოქმედი მენეჯერების გადამზადებას პირდაპირ ახალგაზრდა თაობის გაზრდა ვამჯობინეთ. ასე გაჩნდა ESM-ის დაარსების იდეა.

ESM –  თოლიებისთვის, რომლებსაც გამორჩეულობა სურდათ

M: ვინ იყო გუნდი, რომელმაც ESM-ის შექმნაზე იმუშავა და რატომ შეარჩიეთ მაინცდამაინც ESM ?

ნიკოლოზ მარკოზაშვილი: გუნდის წევრები  სულიკო ქადაგიძე, ამირან ბაბუნაშვილი, ზურა ლილუაშვილი, რეზო ვაჩნაძე, გია ბერიშვილი და მე ვიყავით. რაც შეეხება თვითონ სკოლას, იყო ფრანგი მიშელ ნოლოვიჩი, წარმოშობით სერბი, რომელმაც  European School of Management დაარსა. სულიკომ მასთან მოლაპარაკება მოახერხა და ანალოგიური სკოლა 1992 წელს თბილისშიც გაიხსნა. სხვათა შორის, საბოლოო ჯამში, ამ ქსელის სკოლებიდან ყველას ჩვენ ვაჯობეთ, ფილიალების ნაწილი დაიხურა კიდეც.

როგორ გახდა ESM საქართველოს წამყვანი და ყველაზე პოპულარული სკოლა?

სულიკო ქადაგიძე: პირველ წელს  სტუდენტების სასურველი  რაოდენობა ვერ მივიღეთ, თუმცა მერე  სახელი გავითქვით და პოპულარობაც დაიწყო. ESM-ში ფულისა და „ბლატის“ ტრიალი არ იყო. მარტივი პრინციპი მუშობდა: ვერ სწავლობ? – გაგდებთ, სწავლობ? – გარანტიას გაძლევთ, რომ  სამსახურს ნახავ. ჩვენს სტუდენტებზე ძალიან დიდი მოთხოვნა იყო: კურსდამთავრებულთა 90% მუშაობდა, კრიზისის პირობებშიც კი ჩვენი სტუდენტების დასაქმება 80%-ს აღწევდა.

ამავდროულად, წელიწადში დაახლოებით სტუდენტების 20%-ს ვრიცხავდით, არა იმიტომ რომ ვერ სწავლობდნენ, უბრალოდ არ სწავლობდნენ, თუმცა თუ სტუდენტი პედაგოგის შეფასებით კმაყოფილი არ იყო, მას  სასამართლოსთვის მიმართვის საშუალებასაც ვაძლევდით. სულ 5-ჯერ მივიდა საქმე სასამართლომდე, აქედან 2-ჯერ პროცესი სტუდენტებმა მოიგეს და, ცხადია, ისინი აღვადგინეთ. ამგვარი მიდგომა ახალგაზრდას რწმენას აძლევდა: შეეძლო პედაგოგს შეკამათებოდა, დაემტკიცებინა, ამიტომ უფრო ღრმა და ახალი ცოდნის შეძენის სურვილი უჩნდებოდა.

ამას გარდა, ჩვენთან სულ შეჯიბრი იყო. ასეთი წესი გვქონდა: თუ პირველ ათეულში იყავი, თანხას სხვანაირად იხდიდი, რეიტინგში პირველი კი გადასახადისგან მთლიანად თავისუფლდებოდა. შეჯიბრი და კონკურენცია ისევ სტუდენტს ეხმარებოდა.

ნიკოლოზ მარკოზაშვილი: რეკლამას სართოდ არ ვაკეთებდით. უფრო სულიკოს ავტორიტეტი და word of mouth მუშაობდა. ხალხი თავისით მოდიოდა, პოპულარობისთვის დიდი ძალისხმევა არ დაგვიხარჯავს. მკაფიოდ და ნათლად ვიცოდით, ბაზარზე როგორ კადრს ვუშვებდით. ვფიქრობ, დღეს ეს ბევრმა ბიზნესსკოლამ არ იცის.

M: როგორ ფიქრობთ, რითი იყო ESM გამორჩეული?

სულიკო ქადაგიძე: ბევრი რამ სრულიად განსხვავებულად ხდებოდა. მაგალითად, ჩვენი და სტუდენტების მშობლების ურთიერთობა. ზოგადად, მშობლები უკეთ ხედავენ სწავლობს თუ არა სახლში  ახალგაზრდა, ამიტომ მათთან კომუნიკაცია აუცილებლობად მიგვაჩნდა. კრებებს ვაწყობდით, მშობლებს შვილების სწავლისა და შედეგების შესახებ საქმის კურსში ვაყენებდით.

ამას გარდა, ვთვლიდით, რომ ჯგუფში, რომელიც უცხო ენას სწავლობდა, 10 სტუდენტზე მეტი არ უნდა ყოფილიყო, რადგან ეს სწავლებას შეაფერხებდა, ამჟამად კი 30-ია. ახლა მასწავლებლები  მიყვებიან ხოლმე, რომ ლექციაზე ისეთი  სტუდენტი შედის, რომელსაც  ეროვნულ გამოცდებზე 100% – იანი შედეგი აქვს, მაგრამ უცხო ენა და მათემატიკა არ იცის.

ნიკოლოზ მარკოზაშვილი:  განსხვავებული იყო სწავლების მეთოდიც. საქმე იმაშია, რომ მაშინ თბილისში სტუდენტებისთვის პრაქტიკის გავლა დიდ სირთულეს წარმოადგენდა, თითქმის შეუძლებელი იყო. ამის გამო სასწავლო პროგრამაში ხელოვნური სიტუაციები, სიმულაციები დავნერგეთ. პირველივე ნაკადში პრაქტიკული სავარჯიშო მოვიფიქრეთ: ჯგუფს  3 ნაწილად ვყოფდით, ერთი  პრეზენტატორი იყო, მეორე – ოპონენტი და მესამე –  რეცენზენტი. იღებდნენ რაღაც თემას, ქეისს და განიხილავდნენ, იცავდნენ, აფასებდნენ. 15 წლის შემდეგ ერთ-ერთი ადმინისტრატორი ჰარვარდში მივლინებით მოხვდა და ამგვარი მეთოდი იქ  ნახა. რომ ჩამოვიდა,  მკითხა კიდეც: რა იცოდით, რომ ჰარვარდი ასეთ რაღაცებს აკეთებდაო.  არადა, მართლა არ ვიცოდი, აქ მოვიფიქრე.

M: რთულ დროს გიწევდათ პრინციპული გადაწყვეტილებების მიღება, იყო მუქარები და პროტექცია?

სულიკო ქადაგიძე: ერთხელ ერთ სტუდენტს მეორესთან გაუგებრობა მოუვიდა  და როგორც ხდებოდა ხოლმე, ორივე მხარემ  ძმაკაცები მოიყვანა.   ერთს რევოლვერი ჰქონდა ჯიბეში, მეორესაც რაღაც. ორივე გავაგდე. ერთ-ერთი ჩემი ბავშვობის ამხანაგის შვილი იყო, მაგრამ მაინც გავრიცხე. ატყდა რეკვა, მეუბნებოდნენ როგორ გააგდეო. მეორის მამაც ვიღაც “ავტორიტეტი” იყო.  შევხვდით ერთმანეთს და  პირდაპირ ვუთხარი: რაც გინდათ გააკეთეთ, არ სწავლობს და თან მეორეკურსელი იარაღით შემოდის ინსტიტუტში, ასეთი რამ არ შეიძლება-მეთქი. საბოლოოდ ყველაფერი ჩაწყნარდა ისე, რომ გადაწყვეტილება არ შემიცვლია.

M: სწავლის ხარისხი იმ დროს როგორ კონტროლდებოდა?

სულიკო ქადაგიძე: თითქმის ყველა მასწავლებელი  საზღვარგარეთ მოვამზადეთ. ამისთვის თანხა გერმანიიდან და ამერიკიდან მივიღეთ.  გვსურდა მასწავლებლები არა მარტო ჩვენთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის მოგვემზადებინა. სულ ამ ნაკადში 60-მდე ადამიანი იყო, მათ შორის 14 ჩვენი ინსტიტუტიდან.

ლექტორებს ჩვენნაირ ხელფასს იმ დროს ვერავინ აძლევდა. მოგების ნახევარზე მეტს ხელფასებზე ვხარჯავდით. თუ სწავლის საფასურს 10%-ით ვზრდიდით, პედაგოგების ანაზღაურებაც ანალოგიურად იმატებდა.

დღევანდელი სასწავლებლებისგან განსხვავებით, ჩვენი მკაფიო მიზანი სწავლის მაღალი ხარისხი იყო და არა  – ფული და მოგება. რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ამ საქმეს მოგება უნდა მოეტანა, მაგრამ ეს ჩვენი მთავარი მიზანი არასდროს ყოფილა, თორემ მივიღებდით მეტ ადამიანს და ეგაა. პირველი 3 წლის შემდეგ ჩვენს უნივერსიტეტსაც მოჰქონდა მოგება, რომლის 75% მე მეკუთვნოდა, მაგრამ ეს ფული არასდროს ამიღია, უკან ვდებდი. 2007 წელს ჩვენი მოგება 400 000 იყო, რაც პატარა უნივერსიტეტისთვის, ვფიქრობ, ძალიან კარგი შედეგია.

M: თქვენი იდეალი ჰარვარდი იყო ხომ?  ამბობენ, ჰარვარდი  უნდოდათ საქართველოშიო…

სულიკო ქადაგიძე: რა თქმა უნდა, გვინდოდა. გვსურდა კავშირი გვქონოდა ჰარვარდთან, ან ბერკლისთან, ან ლონდონის ბიზნესსკოლასთან.  წერილები ყველგან გავგზავნეთ. თანამშრომლობას ვთხოვდით, მაგრამ პასუხებს ძირითადად არ ვიღებდით ხოლმე. ზოგმა, მაგალითად ჰარვარდმა, საჩუქარად ლიტერატურა გამოგვიგზავნა.  საბოლოოდ, თანამშრომლობა ESM – თან შედგა. სულ 9 ინსტიტუტი ჰქონდათ და ჩვენი მათ შორის  ყველა პარამეტრით საუკეთესო იყო.

ნიკოლოზ მარკოზაშვილი: ESM-ის ლოგოზე ჯონათან ლივინგსტონი იყო გამოსახული: თოლია, რომელსაც გამორჩეულობა სურდა. როცა  ამ საქმეს ვიწყებდით, გვჯეროდა, რომ საქართველოში ჰარვარდის ტიპის სასწავლებელს შევქმნიდით. მართალია, ეს არ გამოვიდა, მაგრამ ძლიერი და გამორჩეული ბიზნესსკოლა შეიქმნა.

შემდეგშიც სწორება ჰარვარდზე გვქონდა აღებული.  ვგრძნობდით, რომ ჩვენი სასწავლებელი ასე უნდა განვითარებულიყო, ამიტომ ბაკალავრიატს  მატისტრატურა და ტრენინგები დავამატეთ. გვინდოდა, ყველა კადრი “ჩვენიანი” ყოფილიყო და მათ საერთო ღირებულებები ჰქონოდათ.

M: ამ დროს გამოჩნდა კახა ბენდუქიძე. გაყიდვის იდეა უკვე გქონდათ?

სულიკო ქადაგიძე: კახა ბენდუქიძემ 2007 წელს დამირეკა. მაშინ პირადად არ ვიცნობდი, მის შესახებ მხოლოდ  შორიდან მსმენოდა. მითხრა, რომ კახა ვარ ბენდუქიძე და თქვენთან შეხვედრა მინდაო. კი ბატონო, მობრძანდით ინსტიტუტში-მეთქი, მაგრამ არაო, მე პრემიერმინისტრის მოადგილე ვარ და თქვენ მოდითო. მივედი. ძალიან თბილად, კარგად მიმიღო. შენ ალბათ იცი, რომ მე მდიდარი კაცი ვარ, ბიზნესი ძირითადად რუსეთში მაქვს, მაგრამ საქართველოში მამაჩემის ხსოვნისთვის ინსტიტუტის გახსნა მინდაო. კახას მამა ბრწყინვალე მათემატიკოსი და პიროვნება იყო. ვუპასუხე, რომ ეს ძალიან საინტერესო იქნებოდა. მითხრა, ვიცი, უკვე იმ ზომამდე ხარ, მეტი წინსვლისთვის ფული გჭირდება, რომელიც არ გაქვს, ამიტომ შენს გზას, ყველაფერს, რაც აქამდე გიკეთებია, მე გავაგრძელებ, ოღონდ ინსტიტუტი მომყიდეო. იცით, ისეთი რაღაცები მითხრა, ისე ვილაპარაკეთ და დავგეგმეთ, რა როგორ გაგვეკეთებინა, ახლაც რომ ვინმე იგივენაირად დამელაპარაკოს, დავთანხმდები. არადა, იმ დროს გაყიდვას საერთოდ არ ვაპირებდი, ჩემი საქმე ძალიან მომწონდა, ბედნიერი ვიყავი და შედეგებსაც ვაღწევდით, მაგრამ ისეთი სურათი დახატა… ბრწყინვალე.

ნიკოლოზ მარკოზაშვილი: ბატონ კახასთან შეხვედრების შესახებ სულიკოსგან მოგვიანებით გავიგე. ჩვენ უკვე ისეთ დონეზე ვიყავით, რომ განვითარებისთვის დამატებითი ენერგია გვჭირდებოდა. ამის ძალა და ფული სულიკოს არ ჰქონდა. ინსტიტუტს გარეთაც ვერავის პოულობდა ისეთს, რომელიც ფულს ჩადებდა. ახალ თაობაში ნაცნობები არ ჰყავდა, ამიტომ კახას გამოჩენით შესაძლებლობა დაინახა.

სულიკო ქადაგიძე:  ვფიქრობდი თანხების მოძიებაზე, მაგრამ ეს საკმაოდ ძნელი აღმოჩნდა. უნივერსიტეტის 20% თიბისი ბანკს სიმბოლურ ფასად –   4000 დოლარად მივყიდეთ, რომელიც შემდეგ კახამ მათგან ისევ 4000 დოლარად იყიდა. მხოლოდ ერთი პირობით: უნივერსიტეტის ყველა ანგარიში მათ ბანკში უნდა ყოფილიყო.

პირველი შეცდომა ხელშეკრულების შედგენისას დავუშვი, როცა გეგმებზე არაფერი ჩავწერე. კახამ ყველა ფინანსური პირობა შეასრულა, მაგრამ მოსვლიდან 1 წელიწადში ყველაფრის გადაკეთება დაიწყო. მაშინ მივხვდი, რომ ჩემი ადგილი ამ უნივერსიტეტში აღარ იყო.

M: კონკრეტულად რა ცვლილებები აღმოჩდა თქვენთვის მიუღებელი?

სულიკო ქადაგიძე: ყველაფერი  გერმანული ფაკულტეტის დახურვით დაიწყო. ეს ფაკულტეტი წელიწადში მხოლოდ 20 სტუდენტს იღებდა და 10-16-საც რომ დაემთავრებინა, კარგ შედეგად ვთვლიდით. მერე კურსდამთავრებულები პრაქტიკას გადიოდნენ, 1 წელი გერმანიაში სწავლობდნენ, გერმანიისა და ჩვენს სახელმწიფო დიპლომებს იღებდნენ, სამუშაო ადგილი კი გარანტირებული ჰქონდათ. კახამ მითხრა, ეს ფაკულტეტი უნდა დავხუროთ, პატარა შემოსავალი აქვს და სიმართლე რომ გითხრა, გერმანია საერთოდ არ მიყვარსო. გამოვშტერდი: რას ჰქვია გერმანია არ გიყვარს და  ფაკულტეტს ხურავ…  ვუთხარი, რომ ეს გერმანიის დახმარებითა  და გენშერის ჩარევით გავაკეთეთ, იმიტომ რომ გერმანიაში იმ დროს კერძო და სახელმწიფო სკოლებს შორის ურთიერთობა არ შეიძლებოდა. მასწავლებლების მოსამზადებლად თანხა გამოგვიყვეს, რომლითაც 30 პედაგოგი მოვამზადეთ. როცა ჩვენი სტუდენტები სასწავლებლად გერმანიაში მიდიოდნენ, მხოლოდ გზის ფულს იხდიდნენ, სტიპენდია კი 800 ევრო ჰქონდათ და წარმოიდგინეთ, სწორედ ეს ფაკულტეტი დახურა.  საშინელ მდგომარეობაში ჩავვარდი. გერმანიიდანაც დამირეკეს, რა არ მოგწონთო… ხომ არ ვეტყოდი კახას გერმანელები არ უყვარს-თქო, ვუთხარი, რომ მოგება ძალიან დიდი არ იყო.

ამის შემდეგ უნივერსიტეტს მშობელთან ყოველგვარი კავშირი აეკრძალა, არ იყო არანაირი დისციპლინა, მასწავლებლები გაუშვა, ლექციებზე დასწრება ნებაყოფლობით გახდა. თავისუფალი უნივერსიტეტი ჰქვია: გინდა ივლი ინსტიტუტში, გინდა – არაო, ბევრი საგანი დაემატა, გარიცხვა აიკრძალა: მთავარია სტუდენტი ფულს იხდიდესო.

ხელშეკრულებას ხელი 2007-ში მოვაწერეთ. ჩემი ვალდებულების მიხედვით, რექტორი კიდევ 5 წელი უნდა ვყოფილიყავი, თუმცა წელიწად-ნახევარში წამოვედი, იქ ჩემი ადგილი ვეღარ დავინახე.

ნიკოლოზ მარკოზაშვილი: ჩემთვის უცნობი იყო ახალი უნივერსიტეტის ბიზნესგეგმა. ამავე დროს ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა, როცა ლოგოს თოლია მოაშორეს, ახალი ლოგო შექმნეს და თათბირზე გვითხრეს: თოლია რად გინდათ, ის ხომ ძირს დაფრინავსო. მათ არ იცოდნენ, რომ ლოგოზე არა ჩვეულებრივი თოლია, არამედ თოლია ლივინგსტონი იყო გამოსახული, რომელსაც გამორჩეულობა სურდა.

M: ახსენეთ, რომ კახა ბენდუქიძის შემოთავაზებაზე უარს ვერ იტყოდით, კონკრეტულად რას გპირდებოდათ?

სულიკო ქადაგიძე: თანხის გამოყოფას, შენობის დამატებას, ხელფასების გაზრდას, მასწავლებლების საზღვარგარეთ გაგზავნას, უცხოელი პედაგოგების ჩამოყვანას. მარწმუნებდა, რომ ჩვენი უნივერსიტეტი მსოფლიო რეიტინგის ასეულში მოხვდებოდა და ამაში ფულს ჩადებდა.  მაშინაც ვუთხარი, რომ ეს შეუძლებელი იყო,  ორასეულში მოსახვედრადაც კი  20 წელი მაინც დაგვჭირდებოდა.

ნიკოლოზ მარკოზაშვილი: სულიკოს ხელშეკრულებით რასაც დაჰპირდა, ბატონმა კახამ ყველაფერი შეასრულა, მაგრამ ისეთი რაღაცებიც გააკეთა, რაზეც კონტრაქტი საერთოდ არ ყოფილა. საბოლოო ჯამში, მართალია, დღეს ის ცუდი ბიზნესსკოლა ნამდვილად არაა, მაგრამ ESM-სგან მაინც აბსოლუტურად განსხვავებულია.

სულიკო ქადაგიძე: მე არანაირი პრეტენზიის უფლება არ მაქვს. რაც კონტრაქტში ეწერა, კახამ ყველაფერი შეასრულა. შემიძლია მშვიდად ვიცხოვრო და არაფერი გავაკეთო, მაგრამ მიჭირს და ძალიან ვნანობ, რომ ჩემი ეს გადაწყვეტილება ბევრ სტუდენტს, მასწავლებელსა და ადამიანს ნეგატიურად შეეხო….

 

ავტორები : სოფო მუსერიძე, აკო ახალაია

“იმედის ხმა” – ანუ ბურთის ხმა, რომელმაც დუეინ უეიდს წარმატება მოუტანა

“უდარდელი ბაიკერი” პიტერ ფონდა Mercedes-AMG–ს ვიდეორგოლში