Estée Lauder კოსმეტიკური საშუალებების ცხოველებზე გამოცდისა და მათი წამების საწინააღმდეგო მოძრაობას შეუერთდა. ბრენდმა Humane Society International-ის გლობალურ კამპანიას #BeCrueltyFree მხარდაჭერა გამოუცხადა.
როგორც Harper’s Bazaar წერს, Estée Lauder-ის ასეთ გადაწყვეტილებას ორი ფაქტორი განაპირობებს: ერთი, რომ ბოლო დროს, მომხმარებლები მკაცრად ითხოვენ ეკოლოგიურად სუფთა და ვეგანურ კოსმეტიკურ საშუალებებს და მეორე, მოდის სამყაროში ნელ-ნელა მკვიდრდება ტენდენცია, დაიცვან ცხოველთა უფლებები და მათი სიცოცხლე, მაგალითად, Prada და Gucci უარს ამბობს კოლექციაში ცხოველური ბეწვის გამოყენებაზე.
მართალია, ევროკავშირმა ცხოველებზე კოსმეტიკური საშუალებების გამოცდა 2013 წელს აკრძალა, ეს პრობლემა, გლობალურად, ჯერ კიდევ დგას. Cruelty Free International-ის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით, ყოველწლიურად, 115 მილიონ ცხოველს აწამებენ და მათზე, პროდუქციის ტესტირების მიზნით, ცდებს ატარებენ.
კამპანია #BeCrueltyFree სწორედ ამ პრობლემასთან საბრძოლველად დაიწყო. მოძრაობაში ჩართული ორგანიზაციები ცდილობენ საკითხის მიმართ ცნობადობა გაზარდონ, არსებულ კანონმდებლობაზე გაავრცელონ ინფორმაცია და თავადაც შეუწყონ ხელი ეკოლოგიურად სუფთა და ვეგანური პროდუქციის შექმნას.