კრეატივის ყოველწლიური საერთაშორისო ფესტივალი Ad Black Sea, სადაც ინდუსტრიის თითქმის ყველა წარმომადგენელი იყრის თავს, წელს ახალი და საინტერესო კონცეფციით ხვდება სტუმრებს: TELL ME SOMETHING I DON’T KNOW. ეს ერთგვარი გამოწვევაა, რათა კრეატიული სფეროს ყველაზე შემოქმედებითმა ინდივიდებმა რაღაც სრულიად განსხვავებული, აქამდე „შეუქმნელი შექმნან“.
Welcome to the edge of Europe! თეგლაინის მქონე ფესტივალის მხარდამჭერებს შორის eteam-იც მოხვდა. მისი მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დიმიტრი ვაჩნაძე, კი გვიზიარებს, რატომ აღმოჩნდა კომპანიისთვის კრეატივის ფესტივალი საინტერესო.
M: დიმიტრი, რატომ უჭერთ მხარს Ad Black Sea-ს?
Ad Black Sea ისეთი ფესტივალია, რომელსაც, ერთხელ მაინც თუ მოახერხე და დაესწარი, ცდილობ, ყოველ წელს დაუბრუნდე. ბათუმში გატარებული დღეების განმავლობაში საშუალება გაქვს, ინდუსტრიის განვითარების ვექტორების შესახებ, მისი საუკეთესო წარმომადგენლებისგან გაიგო, რაც უდიდესი ფუფუნებაა და ძალიან ბევრ სხვა მნიშვნელოვან სფეროში, სამწუხაროდ, არ გვაქვს. თან, როგორც თავიდან ვთქვი, ABS-სთან ყველას ძლიერი ემოციური კავშირი გვაქვს, მისი მხარდაჭერის სურვილიც უპირველესად აქედან მოდის.
M: თქვენი ხედვით, რა მნიშვნელობა აქვს Ad Black Sea-ს მხარდაჭერას ამ ინდუსტრიისა და ქვეყნის განვითარებისთვის?
ბუნებრივია, ასეთი მასშტაბისა და მნიშვნელობის პროექტების ხელშეწყობა და განვითარების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. ABS-ზე მიღებული გამოცდილებები და გაბმული კავშირები ქვეყნისა და სფეროს განვითარებისთვის აუცილებელ წამოწყებებში ითარგმნება. მსოფლიოს კრეატიულ რუკაზე საკუთარი ადგილი საქართველომ დიდი ხანია, მონიშნა. Ad Black Sea კი ქართულ სააგენტოებს კიდევ მეტის და საქმის უფრო თამამად კეთების სტიმულს აძლევს.
M: რა განსაკუთრებული აქტივობებით დახვდება eteam ABS-ის სტუმრებს?
წელს eteam ფესტივალის გასართობის სივრცის პარტნიორია. იმედი გვაქვს, რომ მისიას თავს ღირსეულად გავართმევთ. წინასწარ ვემზადებით. მაგიდის ფეხბურთის ჩემპიონატებს უკვე რამდენიმე ლოკაციაზე გავუკეთეთ ორგანიზება, ყველა მათგანი ემოციური და დაძაბული გამოდგა. ბათუმში დაგეგმილი ჩემპიონატებისგანაც ასეთივე მოლოდინი გვაქვს. გვექნება არასტანდარტული პინგ-პონგის მაგიდები და ფეხბურთის მინი მოედნები. დიდი ინტერესით ველით, როგორ მოეწონებათ სტუმრებს. ჩამოთვლილ სახეობებში ჩემპიონატები 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ფესტივალის ბოლო დღეს გამარჯვებულებს გამოვავლენთ და დავაჯილდოებთ, პრიზები კი ძალიან ბევრია.