in

სრულყოფილი მარკეტინგული გუნდის შექმნა – ინსაითები მარკეტინგის დირექტორისგან

სწრაფად განვითარებადი ბიზნესგარემოს პირობებში, მარკეტინგის გუნდის სტრუქტურამ, შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა  მოახდინოს კომპანიის წარმატებაზე. ამ თემაზე კავკასიის ავტოიმპორტის მარკეტინგის დირექტორი ეთო მერებაშვილი გვესაუბრა. ეთომ გაგვიზიარა, თუ როგორ გამოიყურება იდეალური მარკეტინგის გუნდი, როგორ განსხვავდება სტრუქტურა და როლები კომპანიების ზომის, სპეციფიკისა და ინდუსტრიის მიხედვით.  

როგორ გამოიყურება იდეალურად დაკომპლექტებული მარკეტინგის გუნდი? რომელი მიმართულებებისა და როლებისგან შედგება?

იდეალური მარკეტინგის გუნდის შემადგენლობა და სტრუქტურა შესაძლოა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს ინდუსტრიის, კომპანიის ზომისა და მისი სტრატეგიული მიზნების მიხედვით.

თუმცა, ამის მიუხედავად, არსებობს ძირითადი როლები და ფუნქციები, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია მარკეტინგის მიმართულებაში. აქედან ნაწილი შესაძლოა, აუთსორსზე იყოს ხარჯთეფექტურობიდან გამომდინარე. 

მარკეტინგის გუნდს დავყოფდი რამდენიმე ძირითად მიმართულებად: სტრატეგია, კრეატივი, ციფრული მარკეტინგი, კომუნიკაციები და ანალიტიკა. ჩვენს სინამდვილეში, ხშირად კრეატივი და ციფრული მარკეტინგი ერთ მიმართულებაში ლაგდება, ხოლო კრეატივის ნაწილი, აუთსორსზე გადის. 

სტრატეგია:
მარკეტინგის დირექტორი – CMO – key ფიგურა, რომელიც აკონტროლებს ყველა მარკეტინგულ საქმიანობას და პასუხისმგებელია მარკეტინგული სტრატეგიის ბიზნესის მიზნებთან შესაბამისობაში მოყვანაზე.

სტრატეგი/ბრენდმენეჯერი – ორიენტირებულია ბრენდის სტრატეგიის შემუშავებაზე, მიზნობრივი ბაზრების, აუდიტორიების იდენტიფიცირებასა და კონკრეტული ამოცანების შექმნაზე.

კრეატივი:

კრეატიული დირექტორი – ხელმძღვანელობს კრეატიულ გუნდს, ქმნის CMO-ს და ბრენდმენეჯერის მიერ შექმნილ ბრიფზე მარკეტინგული კამპანიების ვიზუალურ და ვერბალურ იდენტობას.

ქოფირაითერი –  პასუხისმგებელია ბრენდის Tone of Voice-ზე, ერთ ენაზე ესაუბროს მომხმარებელს სხვადასხვა ციფრულ პლატფორმაზე. ეს როლი მოითხოვს თანამშრომლის კრეატიულობასა და სტრატეგიულ აზროვნებას. 

ვიდეოკონტენტის კრეატორი – პასუხისმგებელია კომპანიის ვიდეოკონტენტის დაგეგმვაზე, წარმოებასა და მართვაზე, რომელიც შეესაბამება კომპანიის მარკეტინგულ სტრატეგიასა და ბრენდის იდენტობას.

დიზაინგუნდი – გრაფიკული და მოუშენ დიზაინერები. გუნდს ხელმძღვანელობს სენიორ დიზაინერი, რომელიც პასუხისმგებელია კომპანიის ვიზუალური სტილის გამართულობასა და ერთიანობაზე ყველა მარკეტინგულ და საკომუნიკაციო არხზე. ეს როლი თავის თავში მოიცავს  სტრატეგიულ აზროვნებას, კრეატიული კონცეფციების შემუშავებისთვის, რომელიც შესაბამისობაში მოდის ბრენდის იდენტობასა და მარკეტინგულ მიზნებთან. სენიორ დიზაინერი ხელმძღვანელობს დიზაინის გუნდს, თანამშრომლობს მარკეტინგისა და სხვა დეპარტამენტებთან, უზრუნველყოფს ყველა დამკვეთს მაღალი ხარისხის ვიზუალური მასალებით.

ჩვენს რეალობაში კრეატივის გუნდის უდიდესი სამუშაოები აუთსორსზე გადის სარეკლამო სააგენტოებთან, in house ძირითადად მხოლოდ დიზაინგუნდია წარმოდგენილი.

ციფრული მარკეტინგი

ციფრული მარკეტინგის ხელმძღვანელი მართავს ციფრული მარკეტინგის სტრატეგიას ყველა ონლაინპლატფორმაზე (მეტა, ტიკ-ტოკ, გუგლი, იუთუბი და ა.შ.) მათ შორის SEO, PPC. ეს როლი მოიცავს კამპანიების სტრატეგიულ დაგეგვასა და აღსრულებას, ბრენდის ცნობადობის ზრდას ინგეიჯმენთის, კონვერსიებისა და გაყიდვების ზრდით;

სოციალური მედიის მენეჯერი პასუხისმგებელია სოციალურ მედია  პლატფორმებზე ბრენდის არსებობაზე (მეტა, ტიკტოკი, google და ა.შ). ეს როლი მოიცავს კონტენტისა შექმნასა და კონტენტლაინების მოფიქრებაში აქტიურ მონაწილეობას, აღსრულებას, კამპანიების მენეჯმენტს, აუდიტორიის ჩართულობის ხარჯზე, ბრენდის ცნობადობის ზრდას; 

SEO სპეციალისტი: აუმჯობესებს ვებსაიტის კონტენტს საძიებო სისტემებში ხილვადობისა და რეიტინგის გაზრდის მიზნით.

ედვერთაიზერი სპეციალიზდება სარეკლამო კამპანიების შექმნასა და მართვაში ციფრულ პლატფორმებზე (Google, Meta,  Tiktok etc) ეს როლი სასიცოცხლოდ მნიშნველოვანია კომპანიის ციფრულ არხებში მომხმარებლის ტრაფიკის და კონვერტაციების შექმნისა და მუდმივი ზრდისთვის.

მცირე ზომის კომპანიებში კრეატივისა და კონტენტკრეატორის როლები, ციფრული მარკეტინგის მიმართულებაში ერთიანდება. სოციალური მედიის მენეჯერი ითავსებს კონტენტმენეჯერის ფუნქციებს.  ასევე, ციფრული მარკეტერი და ედვერთაიზერი ინაწილებენ SEO სპეციალისტის ფუნქცია მოვალეობებს. 

კომუნიკაცია:

სტრატეგიული კომუნიკაციების მენეჯერი პასუხისმგებელია საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაზე, რომელიც  სხვადასხვა აუდიტორიას ეფექტურად აწვდის ბრენდის გზავნილსა და ღირებულებებს. ეს როლი მოიცავს შიდა და გარე კომუნიკაციების ზედამხედველობას, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობას, რაც ერთიანობაში აძლიერებს ბრენდის იმიჯსა და რეპუტაციას.

ანალიტიკა

მარკეტინგის ანალიტიკოსი – აკონტროლებს, აანალიზებს და რეპორტებს ამზადებს კამპანიებისა და მარკეტინგული აქტივობების გავლენებს ბაზარზე, აკვირდება  ბაზრის ტენდენციებს, რათა ცვლილებები ეფექტურად იქნეს გამოყენებული სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებისას.

მომხმარებელთა ქცევის ანალიტიკოსი ფოკუსირებულია მომხმარებელთა ქცევისა და პრეფერენციების გაგებასა და ცვლილებებზე, რათა ეფექტურად წარმართოს მარკეტინგული სტრატეგიები და პროდუქტის განვითარება. მის პასუისმგებლობაში შედის მარკეტინგული კვლევები.

რა ახდენს გავლენას მარკეტინგის გუნდის ფორმირებაზე? 

როგორც უკვე აღვნიშნე, სტრუქტურა დიდწილად დამოკიდებულია კომპანიის სპეციფიკასა და ინდუსტრიაზე. მაგალითად, დიდ კომპანიებში, სადაც სხვადასხვა სტრატეგიული ბიზნესმიმართულებებია, (საცალო, B2B, საერთაშორისო ბაზრები) შესაძლოა, გუნდში გაჩნდეს მიმართულების მარკეტინგის მენეჯერების პოზიცია, რომლებიც პასუხისმგებლები იქნებიან, შეუმუშაონ და განახორციელონ სტრატეგიული ბიზნესმიმართულების მარკეტინგული სტრატეგიები გაყიდვების გაზრდის მიზნით. SBU მარკეტინგის მენეჯერის როლი მოიცავს გაყიდვების გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობას, ბაზრის ანალიზსა და კვლევას, მომხმარებლის ქცევის შესწავლას, მიზნობრივი მარკეტინგული აქტივობების შემუშავებას მის პასუხისმგებლობაში არსებული SBU-ს მომხმარებლების ინგეიჯმენთის გასაზრდელად. საცალო ქსელმა შეიძლება აქცენტირება გააკეთოს მარკეტინგის მენეჯერებსა და მერჩენდაიზინგის მენეჯერებზე.  

იქომერსში ციფრული მარკეტინგისა და ანალიტიკის მიმართულებით მეტი როლები გაჩნდება და ა.შ.

რომ შევაჯამოთ, იდეალური სტრუქტურა არ არსებობს, არსებობს ბიზნესი და მისი საჭიროებები, რომლისთვისაც იდეალურ გუნდს ქმნი.

მარკეტერების დასაქმების ბაზრის კონიუნქტურა საქართველოში

ამ ეტაპზე, შემიძლია ვთქვა, რომ მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, თან უნდა აღვნიშნო ისიც, რომ მოთხოვნა არის მაღალკვალიფიციურ კადრებზე და შეიძლება ითქვას, ერთგვარი დეფიციტიც არის შექმნილი. ღირებულ კადრებს კომპანიები უფრთხილდებიან და კონკურენტულ ხელფასთან ერთად, კომფორტულ სამუშაო გარემოს უქმნიან, რაც კადრების გადინებისგან იცავთ.

ბაზარზე არსებული კონკურენციიდან გამომდინარე, საშუალო ანაზღაურება გაზრდილია და ხშირად ინდივიდუალური მოლაპარაკების საგანია. თუმცა, ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი კონკურენტული სფეროა ხელფასების მხრივ.

ეთო მერებაშვილი – კავკასიის ავტოიმპორტის მარკეტინგის დირექტორი

Photoshop-მა ახალი AI ფუნქციები წარადგინა

Apple-მა ფერადი ლოგოები გამოუშვა