2015 წლის 30 ივლისი ბლოკჩეინის ისტორიაში დიდი ასოებით ჩაიწერა. ამ დღეს დეცენტრალიზებული ქსელი „ეთერიუმი“ დაიბადა და მასთან ერთად Web3-ის ახალი ეპოქაც დაიწყო. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეთერიუმმა გზა გაუკვალა ციფრულ ინოვაციას და დეცენტრალიზებულ რევოლუციას მისცა ბიძგი. ამ მოვლენის აღსანიშნავად წარმოგიდგენთ ბლოგს, რომელშიც გაგაცნობთ ეთერიუმს და გიამბობთ მის როლზე მომავლის ტექნოლოგიების განვითარებაში.
ეთერიუმის ევოლუცია
ეთერიუმი — ბიტკოინის შემდეგ მსოფლიოში მეორე უმსხვილესი კრიპტოვალუტის დეცენტრალიზებული ბლოკჩეინი, რომელზეც ისტორიული NFT პროექტები (მაგალითად: The Bored Ape Yacht Club, Crypto Punks) შეიქმნა, 2015 წელს გაეშვა. ეთერიუმის ბლოკჩეინს საფუძველი 2013 წელს ჩაეყარა, როცა ვიზიონერმა პროგრამისტმა ვიტალიკ ბუტერინმა ქსელის „თეთრი წიგნი“ (Whitepaper) გამოაქვეყნა. „თეთრი წიგნი“ ტექნიკური დოკუმენტია, რომელშიც ინვესტორების, დეველოპერებისა და საზოგადოებისათვის წარმოდგენილია დეტალიზებული ინფორმაცია ბლოკჩეინზე დაფუძნებული პროექტის მიზნებზე, ამოცანებსა და განხორციელების გეგმაზე. ბუტერინმა, თანადამფუძნებლებთან ერთად, ჩამოაყალიბა ბლოკჩეინპლატფორმის ხედვა, რომელიც იქნებოდა უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ ტრანზაქციული კრიპტოვალუტა (მაგ.: ბიტკოინი) და დეველოპერებს ქსელის პროგრამირების, მასზე დეცენტრალიზებული აპლიკაციების შექმნის საშუალებას მისცემდა.
2014 წელს თანადამფუძნებლებმა ქსელის ადგილობრივი კრიპტოვალუტა — Ether (ETH) გაყიდეს და დაახლოებით $18 მილიონის ინვესტიცია მოიზიდეს. შეიქმნა სმარტკონტრაქტების („ჭკვიანი კონტრაქტები“) გაშვების პროტოკოლი, რომელზეც დეველოპერებს თავიანთი დეცენტრალიზებული აპლიკაციების შექმნა შეეძლოთ.
თანდათან ეთერიუმი ერთ-ერთ წამყვან ქსელად და კრიპტოვალუტად იქცა. მან ბლოკჩეინის შესაძლებლობები გააფართოვა და არაერთ ინოვაციას ჩაუყარა საფუძველი. სწორედ ეთერიუმის ქსელი გახდა მთავარი პლატფორმა წამყვანი დეცენტრალიზებული აპლიკაციებისთვის, ფინანსური სისტემებისა (DeFi) და NFT პროექტებისთვის, რაც ცალკე კულტურულ ფენომენად ჩამოყალიბდა. ეთერიუმის ქსელში განახლებები მუდმივად ხდება და ამჟამად Ethereum 2.0-ზე გადასვლის პროცესი მიმდინარეობს.
მოქნილობამ და აპლიკაციების „დაშენების“ შესაძლებლობამ ხელი შეუწყო ამ ქსელის ფართო, მრავალმხრივ გამოყენებასა და პოპულარობას. ეთერიუმმა Web3 კულტურის ჩამოყალიბებაში საკვანძო როლი შეასრულა.
6 რამ, რაც ეთერიუმზე უნდა ვიცოდეთ
- დეცენტრალიზებული ქსელი და აპლიკაციები. ეთერიუმის პროტოკოლი დეცენტრალიზაციის პრინციპს ემყარება. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ქსელს არცერთი ცალკეული სტრუქტურა არ მართავს და მასზე რაიმეს შექმნა და გამოყენება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. სწორედ ამიტომ, ქსელის შემქმნელებისთვის ინოვაციის ამოსავალი წერტილი შეუზღუდავი წვდომა და შემოქმედებითობაა. ეთერიუმის ქსელზე დეველოპერებს საკუთარი დეცენტრალიზებული აპლიკაციების (DApps) შექმნა შეუძლიათ.
- ეთერიუმის ვირტუალური მანქანა (EVM). EVM ეთერიუმის ტექნოლოგიაა, რომელიც წარმოადგენს არქიტექტურას და პროგრამულ უზრუნველყოფას სმარტკონტრაქტების წასაკითხად და ინტერაქციისთვის.
- Ether და ქსელის ადგილობრივი ვალუტები. ეთერიუმის ბლოკჩეინის ადგილობრივი ვალუტაა Ether (ETH), რომლის მინიმალური ერთეულია Wei. Gwei 1 000 000 000 Wei-სგან შედგება და არის ერთეული, რომელშიც მაინერები ტრანზაქციის დადასტურების საკომისიოს იღებენ. საკომისიოს ოდენობა დამოკიდებულია ქსელში მიწოდება-მოთხოვნის მაჩვენებელსა და ქსელის დატვირთულობაზე.
- სმარტკონტრაქტები. ეთერიუმის ყველაზე ინოვაციური კონცეფცია თვითშესრულებადი შეთანხმებები — სმარტკონტრაქტები იყო, რამაც დეცენტრალიზებული აპლიკაციების სამყაროს გაუღო კარი. სმარტკონტრაქტები წარმოადგენს პროგრამირებულ შეთანხმებას წინასწარ გაწერილი პირობების ავტომატურად განხორციელების მიზნით. სწორედ სმარტკონტრაქტებით იქმნება დეცენტრალიზებული აპლიკაციები (DApps). სმარტკონტრაქტებს იყენებს NFT ტექნოლოგიაც.
- ეთერიუმის ქსელზე დაფუძნებული ტოკენები და კოინები. ეთერიუმის პლატფორმაზე შესაძლებელია სხვადასხვა ახალი კრიპტო ტოკენისა და კოინის შექმნა. ეთერიუმმა შეიმუშავა ტოკენებისა და კოინების კონტრაქტის სტანდარტები, რაც უზრუნველყოფს მის ამოცნობადობასა და სხვადასხვა აპლიკაციასთან თავსებადობას. ეთერიუმის ბლოკჩეინის ორი ყველაზე პოპულარული ტოკენის სტანდარტია ERC-20 და ERC-721.
- დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაციები (DAOs): ეთერიუმის ბლოკჩეინზე შექმნილი დემოკრატიულად მართული დეცენტრალიზებული ორგანიზაციები.
ეთერიუმი რიცხვებში
*წყარო: https://ethereum.org/en/what-is-ethereum/
პროექტები ეთერიუმის ბლოკჩეინზე
ეთერიუმის ბლოკჩეინზე შეიქმნა არაერთი პირველი და დიდი პროექტი, როგორიცაა:
- MakerDAO: პირველი დეცენტრალიზებული P2P ორგანიზაცია, რომელზეც შესაძლებელია კრიპტოვალუტის სესხად გაცემა და სესხის სახით მიღება.
- OpenSea: პირველი და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მარკეტფლეისი NFT კოლექციებისათვის, სადაც განთავსდა ეთერიუმზე დაფუძნებული არაერთი ყველაზე ცნობილი და ძვირადღირებული NFT კოლექცია, როგორიცაა: The Bored Ape Yacht Club, CryptoPunks, Azuki, Pudgy Penguins, DeGods. OpenSea 2017 წლიდან ფუნქციონირებს.
- Uniswap: ეთერიუმზე დაფუძნებული დეცენტრალიზებული კრიპტობირჟა, სადაც მომხმარებლებს ეთერიუმის ქსელზე შექმნილი ERC-20 პროტოკოლის ტოკენებით ვაჭრობა და ლიკვიდურობის ავტომატიზებული სისტემით სარგებლობა შეუძლიათ. Uniswap 2018 წლიდან არსებობს.
- The Sandbox Game, Axie Infinity და Decentraland: ეთერიუმის ბლოკჩეინზე და DAO არქიტექტურაზე შექმნილი წამყვანი მეტავერსები, გეიმინგისა და ვირტუალური გამოცდილების პლატფორმები.
- პლატფორმა პოპულარული ტოკენებისთვის: Tether, Shiba Inu, Uni, Link და სხვა ტოკენები ეთერიუმის ქსელს ეფუძნება. აქვე უნდა აღინიშნოს, პირველი ქართული სტაბილური კოინი nGEL, რომელიც 1 ლარის ეკვივალენტია. nGEL პირველი ემისია 2021 წლის 23 მარტს მოხდა. სტაბილური კოინის ავტორია კრიპტოსერვისების პროვაიდერი Coinmaia.
მრავალს, ეთერიუმ!
8 წელია, რაც ეთერიუმი ტექნოლოგიების განვითარებაში უდიდეს როლს თამაშობს. ამ ქსელზე შექმნილმა დეცენტრალიზებულმა აპლიკაციებმა, ფინანსურმა ინსტრუმენტებმა და სმარტკონტრაქტებმა არაერთი ინდუსტრია მოიცვა. სწორედ ეთერიუმის დამსახურებაა NFT ტექნოლოგიის კულტურულ მოვლენად ქცევა, რამაც რევოლუცია მოახდინა უნიკალური ციფრული აქტივების (ციფრული ხელოვნების ნიმუშები, საკოლექციო ნივთები, ვირტუალური უძრავი ქონება, მუსიკა, ვიდეოები და ა. შ.) საკუთრებაში ფლობით. ეთერიუმის ბლოკჩეინმა გზა გაუხსნა ახალი კრიპტოვალუტების შექმნას, შუამავლის გარეშე ფინანსურ სერვისებზე წვდომასა და ტექნოლოგიური ინოვაციებისთვის ინვესტიციების მოზიდვის ახალ წყაროს.
ეთერიუმის თანასწორუფლებიანმა და პროგრამირებადმა ბლოკჩეინმა ხელი შეუწყო Web3 საზოგადოების ჩამოყალიბებას, რომელსაც ინოვაციურობისა და თანამშრომლობის სულისკვეთება აერთიანებს. დეველოპერები სხვადასხვა ქვეყნიდან მუშაობენ, რათა გააუმჯობესონ და განავითარონ პლატფორმა, რომელიც მომავალშიც არაერთ ინოვაციას გვპირდება.
დაბადების დღეს გილოცავთ, ეთერიუმ! მრავალს!
[R]