ციფრული აქტივების მართვისა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიების კომპანია BROKERS.IO-ს ინიციატივითა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, 27 ნოემბერს ტექნოპარკში ეთერიუმის წამყვანი სპეციალისტის ლუიზ ფერნანდო კრუზის საჯარო ლექცია გაიმართება.

ლუიზ ფერნარდო კრუზი, ცნობილი ეთერიუმის კომპანია ConsenSys-ის ტრენერია, ეთერიუმის ბლოკჩეინის მიმართულების სპეციალისტია და ტექნოლოგიურ სტარტაპებსა თუ დეველოპერებს მის გამოყენებასა და კოდირებას ასწავლის.
ლექციის ფარგლებში, ლუიზ ფერნარდო კრუზი ისაუბრებს შემდეგ საკითხებზე:
- ბლოკჩეინ ტექნოლოგიების საფუძვლები
- ეთერიუმის პლატფორმა
- ეთერიუმის გამოწვევები და გამოყენება
- ბლოკჩეინის გამოყენების ქეისები
ConsenSys 2014 წელს, ამერიკაში დაარსდა. მისი მისია ბლოკჩეინის გლობალური ეკოსისტემის განვითარება და ეთერიუმის შესახებ ცოდნის გავრცელებაა.

„Brokers.IO ციფრულ აქტივებს მართავს და ბლოკჩეინ ტექნოლოგიების გამოყენებით საერთაშორისო ბაზრებისთვის გამიზნულ პროგრამულ პროდუქტებს ქმნის. ჩვენი კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სწრაფად ვსწავლობდეთ და ვვითარდებოდეთ. სწორედ ამიტომ, ჩამოგვყავს სპეციალისტი მსოფლიოში აღიარებული ეთერიუმის სტუდია ConsenSys-დან, რომელიც ჩვენს თანამშრომლებს, 4 დღის განმავლობაში, გამოცდილებას გაუზიარებს და დაატრენინგებს. მე-5 დღეს კი ვგეგმავთ საჯარო ლექციას, რითიც გვინდა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქვეყანაში ბლოკჩეინ ტექნოლოგიების შესახებ ცნობადობის ამაღლებაში.” – ამბობს BROKERS.IO-ს აღმასრულებელი დირექტორი იოსებ ბოლქვაძე.
საჯარო ლექცია გაიმართება 2019 წლის 27 ნოემბერს, 19:30-ზე, ტექნოპარკში და 2 საათს გაგრძელდება. ღონისძიებაზე დასასწრებად, საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია.
[R]











