31
Jul
2019

ეთიოპიაში 12 საათში 353 მილიონზე მეტი ხე დარგეს

31 Jul 2019

ეთიოპიაში ტყის აღდგენის მიზნით 12 საათში 353,633,660 ხე დაირგა. ოფიციალური წყაროები იუწყებიან, რომ ამ მაჩვენებლით ეთიოპიამ მსოფლიო რეკორდი დაამყარა. აქამდე გინესის რეკორდი ინდოეთს ჰქონდა დამყარებული – 2016 წელს აქ 12 საათში 50 მილიონი ხე დარგეს. ხეების მასობრივი, ფართო მასშტაბით გაშენება კამპანიის “მწვანე მემკვიდრეობა” ფარგლებში მოხდა, რომლის ინიციატორიც ეთიოპიის პრემიერ მინისტრი – აბი აჰმედი იყო.

კამპანიის ფარგლებში მილიონობით ეთიოპიელი მოიწვიეს, რათა ხეების დარგვაში მონაწილეობა მიეღოთ. კამპანიის დაწყებიდან 6 საათში უკვე 150 მილიონი ხე იყო დარგული. თუმცა, საბოლოო მიზანი 300 მილიონი ხის დარგვა იყო. 12 საათის შემდეგ კი პრემიერ მინისტრმა პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ამბობდა, რომ კამპანიამ არათუ მიაღწია მიზანს, არამედ გადააჭარბა კიდეც.

“მწვანე მემკვიდრეობის” კამპანიამდე უკვე შემუშავებული იყო ნაციონალური კამპანია, რომელიც გულისხმობს, რომ წვიმის სეზონზე – მაისიდან ოქტომბრამდე 4 მილიარდი ხე უნდა დაირგას ეთიოპიის მიწაზე. ზემოხსენებული კამპანია კი სწორედ ამის ნაწილი იყო. თუმცა, ყველაფერი ეს უკავშირდება ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივას, სახელწოდებით “ტრილიონი ხის კამპანია”. სწორედ ამ კამპანიის ფარგლებში დღემდე 13 მილიარდი ხე დაირგა.

ხეების დარგვის მაჩვენებლით შემდეგი ქვეყნები ლიდერობენ:

ჩინეთი2.8 მილიარდი

ინდოეთი – 2.5 მილიარდი

ეთიოპია1.7 მილიარდი

პაკისტანი1 მილიარდი

მექსიკა789 მილიონი

ორგანიზაციის “Farm Africa” ინფორმაციით, ეთიოპიის ტერიტორიის მხოლოდ 4%-ია ტყით დაფარული. მაშინ, როცა მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ეს მაჩვენებელი 30%-ს აღწევდა. ეთიოპია, ისევე როგორც მრავალი ქვეყანა ტყის შემცირების პრობლემის წინაშე მწვავედ დგას. აღნიშნული ორგანიზაცია კი აქტიურადაა ჩართული ტყის აღდგენის საქმეში და ცდილობს, ქვეყანა ამ პრობლემისგან იხსნას.

ეთიოპია სხვა მრავალი პრობლემის წინაშეც დგას, მაგ: კლიმატის კრიზისი, მიწის დეგრადაცია, ნიადაგის ეროზია, ხშირი გვალვა და ა.შ 2017 წელს ეთიოპია აფრიკის 20 ქვეყანასთან ერთად ჩაერთო აფრიკის ტყის გადარჩენის ინიციატივაში, რაც 100 მილიონ ჰექტარამდე მიწის გადარჩენას/აღდგენას გულისხმობს.

რეალურად იმის მიზეზი, თუ რატომ დგას ამ ქვეყანაში ტყის სიმცირის მიზეზი, არის ის, რომ სწრაფად მზარდი პოპულაცია სულ უფრო მეტად ითვისებს ქვეყნის მიწებს ფერმერული საქმიანობისთვის. ტყის საფარის შემცირება კი, რასაკვირველია, ხელს უწყობს კლიმატის ზრდას, რაც ნიადაგზე ცუდად მოქმედებს. ასევე, წვიმების დროს ტყე ვეღარ აკავებს ნიადაგს და ხდება მისი ხშირი გადარეცხვა. ეთიოპია ცდილობს, მსგავსი კამპანიებით მოაგვაროს აღნიშნული პრობლემები. თუმცა, ამისთვის, რა თქმა უნდა, დიდი დრო და რესურსია საჭირო.

სტატია მომზადებულია CENN-თან პარტნიორობის ფარგლებში

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

განხილვა