in

„ეთნოდიზაინი” – სოციალური მაღაზია, რომელიც ტრადიციული რეწვის 90-მდე ოსტატის ნაწარმს აერთიანებს

Startauperi
Startauperi

„ეთნოდიზიანი“ საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის სოციალური მაღაზიაა, რომელიც თბილისში, გ.ახვლედიანის 23-ში მდებარეობს და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით დაფუძნდა. ასოციაცია  მთელი საქართველოდან  250-მდე ოსტატს აერთიანებს და ხელს უწყობს რეწვის ტრადიციების სიცოცხლისუნარიანობას, ოსტატების პოპულარიზაციას და მათ ნაწარმს ერთ სივრცეში ყიდის. „ეთნოდიზაინი” 2016 წლის აგვისტოში გაიხსნა და მისი კონცეფცია ეფუძნება ტრადიციული და თანამედროვე დიზაინის სინთეზის პრინციპს, რის მიხედვითაც ასოციაციისა და ოსტატების თანამშრომლობით შექმნილი ხელნაკეთი პროდუქცია ერგება თანამედროვე მომხმარებლის მოთხოვნებს. მაგალითად, თუ ოსტატი დიდ ხალიჩას ქსოვს და ეს პროდუქტი ნაკლებად იყიდება, ასოციაცია მას სთავაზობს, ამ ხალიჩის ტექნიკით და ტყავთან ერთად შექმნას განსხვავებული დიზაინის ჩანთა. სოციალური მაღაზიის ფუნქციონირების სპეციფიკაზე, ტრადიციული რეწვისა და თანამედროვე სტანდარტების შერწყმის საჭიროებებზე „ეთნოდიზაინის” დირექტორს – ირინა მანიას ვესაუბრეთ:

M: როდის და რა საჭიროებებზე დაყრდნობით შექმენით ტრადიციული რეწვის ასოციაცია?
ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, 2013 წელს მოვიარეთ მთელი საქართველო, რომ გვენახა, თუ რეწვის რა დარგებია შემორჩენილი საქართველოში და შეგვეფასებინა ამ სფეროების ეკონომიკური პოტენციალი. ამ კვლევისას ყველას ვუსვამდით კითხვას ამ სფეროში გარკვეული ერთობის დაარსების საჭიროების შესახებ და დაახლოებით 98%-მა დადებითად გასცა ამ კითხვას პასუხი. ევროკავშირის პროექტის დახმარებით, 2015 წელს, დავაარსეთ საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია. დღეისათვის, მასში 250 ოსტატია გაერთიანებული, ისინი იხდიან სიმბოლურ საწევრო გადასახადს. ამ ასოციაციის როლი არის ის, რომ დავეხმაროთ ტრადიციული რეწვის ოსტატებს, საქართველოს მასშტაბით, მათი ნაწარმის გაყიდვაში, ახალი დიზაინების შემუშავებასა და განვითარებაში.

M: რატომ გახსენით „ეთნოდიზაინი” და რა არის სოციალური მაღაზიის მიზანი?
საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის სოციალური მისიის – ტრადიციული რეწვით დაკავებული ადამიანების დახმარების უკეთ მისაღწევად, გავხსენით სოციალური მაღაზია „ეთნოდიზაინი”, რომელიც დღეისათვის, 90-მდე ოსტატის ნამუშევარს უყრის თავს. ჩვენთან გაყიდვად პროდუქტს ტრადიციულთან ერთად თანამედროვე ელემენტიც უნდა ჰქონდეს, იმისათვის, რომ მოერგოს თანამედროვე საჭიროებებს და პრაქტიკულიც იყოს. ნივთები, რომლებსაც ეს ადამიანები ქმნიან უნდა გახდეს მათი შემოსავლის წყარო, ამისათვის, ჩვენ მათ ვაძლევთ რეკომენდაციებს, ვთავაზობთ მასალების კომბინაციებს, დიზაინებს. ამ თანამშრომლობამ გაამართლა, რადგანაც, როგორც ტურისტისთვის, ასევე, ქართველისთვის მოსაწონი გახდა ის პროდუქცია, რომელიც ქართველების შექმნილია და „ეთნოდიზაინშია”.

M: ძირითადად, რა სახის პროდუქცია იყიდება სოციალურ მაღაზიაში და როგორი საფასო პოლიტიკა გაქვთ?
ძალიან ძვირიანი პროდუქცია მაღაზიაში არ გვაქვს. ვიყენებთ კატალოგს, რომლიდანაც რამის არჩევის შემთხვევაში შეგვიძლია რეგიონიდან ჩამოვუტანოთ მსურველს. ფასები იწყება 5 ლარიდან და ყველაზე ძვირიანი რაც გვაქვს არის 400 ლარიანი პროდუქტი. ნივთებს რაც შეეხება, გვავს სამკაულები, აქსესუარები, წვრილი სუვენირები, ქალისა და მამაკაცის სასაჩუქრე და დეკორაციული ნივთები, ჭურჭელი. ჩვენთან, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ხარისხზე, ტრადიციის გათვალისწინებით, ახალი, ფუნქციური ნივთების შექმნასა და რეგიონალური თავისებურებების წარმოჩენაზე. აქ ყოველი ნივთი სათითაოდაა გაფორმებული მათ უკან კი დგას ისტორია, ხალხი. ყოველივე ეს ეთნოდიზაინის უნიკალურობას განაპირობებს. 

M: ძირითადად, რომელი რეგიონებიდან მარაგდება „ეთნოდიზაინის” მაღაზია და რა სირთულეებთანაა დაკავშირებული მომარაგების ეს სისტემა?
ყველა რეგიონს მოვიცავთ, რა თქმა უნდა, როცა რაღაც დაფინანსება გვაქვს, კონკრეტულ რეგიონზე მეტ აქცენტს ვაკეთებთ ხოლმე. მაგალითად, ახლა აჭარა და სამცხე ჯავახეთი გვაქვს. ბოლო პერიოდში, საინტერესო გამოდგა აჭარა, რადგან აქ ოსტატების ძალიან დიდი კონცენტრაციაა, განსაკუთრებით მაღალმთიან აჭარაში. სიძნელე არის ის, რომ ხანდახან ეჭვის თვალით გვიყურებენ და ძნელია მათი დარწმუნება ჩვენს მიზნებში. თუმცა, როცა ერთ-ერთი მათგანი იწყებს ჩვენთან ეფექტიან თანამშრომლობას და შემოსავალსაც იღებს, შემდეგ მეორე ოსტატს ეუბნება. ასე ჩნდება ნდობა ჩვენ მიმართ. 

M: როგორია ეთნოდიზაინის, როგორც სოციალური მაღაზიის სოციალური პასუხისმგებლობა და თუ გეგმავთ გაფართოებას ან ახალი ფილიალების გახსნას?
სოციალური მეწარმეობის პრინციპი სწორედ ისაა, რომ რაც მოგება აქვს ეთნოდიზაინს იმავე სოციალურ მიზნებს ახმარს. მაგალითად, მივდივართ აჭარაში იმისათვის, რომ პროდუქციის განვითარების ტრენინგი ჩავატაროთ. მაგალითად, ბორჯომში ვიყავით ახლახან და იქ ადგილობრივ ქალბატონებთან ერთად დიზაინები შევქმენით. ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ვგეგმავთ ხოლმე ტრენინგებს რეგიონებში. ფილიალების გახსნის კუთხით ვმუშაობთ და ეს სიახლეები მომხმარებლისთვის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

მანქანის ყოლა უნდა იყოს სასიამოვნო, თუნდაც საცობში! მანქანების კარაოკე თბილისელი მძღოლების შესრულებით!

დამგზავრების სერვისი BeepCar საქართველოს ბაზარზე შემოვიდა